ხარაგაულში მცხოვრები მარინე გოგია ერთ-ერთია იმ ათეულ ხარაგაულელთაგან, რომლებიც გასულ წლებში საკრებულოს სხდომებს სისტემატურად ესწრებოდნენ. 2017 წელს საკრებულოსა და ბიუროს 21 სხდომა გაიამართა. აქედან მხოლოდ ერთხელ მოვიდა მოქალაქე, საბავშვო ბაღის აღმზრდელი, რომელიც ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებდა. მარინე გოგია ამბობს, რომ საკუთარი ბიზნესის გაფართოების გამო სხდომებზე მისასვლელად ვეღარ იცლის.
„ყველაფერი მაინტერესებს, რაც საკრებულოში ხდება და თავს ვალდებულად ვთვლი, სხდომებს დავესწრო, მაგრამ ვეღარ ვიცლი, – ამბობს მარინე გოგია, – მოსახლეობის მისვლა და ჩართულობა აუცილებელია. შესაძლოა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩვენს მიერ დაყენებული საკითხები არ გაითვალისწინოს, მაგრამ რომელიმე დაფიქრდება მაინც, მოქალაქეებს რა გვაწუხებს.“
თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხუთი ფორმა არსებობს: დასახლების საერთო კრება, პეტიცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, სხდომებში მონაწილეობა, ანგარიშების მოსმენა.
2014 წლის სექტემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა საზოგადოებრივი დარბაზის შექმნას, რომლის ინიციატორი საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ინგა მაღრაძე იყო. მაშინ საკრებულოს წევრებმა, ვარლამ ჭიპაშვილმა, ვარლამ თავზარაშვილმა, გივი თხელიძემ და იუზა კელენჯერიძემ განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი დარბაზი საკრებულოსა და მოსახლეობას შორის „ზედმეტი და მაკონტროლებელი რგოლი“ იქნებოდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის სექტემბერში უარი თქვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნაზე, რომ დეპუტატებს მოსახლეობისთვის გაწეული მუშაობის ანგარიში ჩაებარებიათ. საკითხი მაშინ „მოუმზადებლად“ ჩათვალეს და იურიდიულ საკითხთა კომისიას განკარგულების პროექტის მომზადება დაავალეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება, – ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და ანგარიშების წარდგენის წესი – ამ დრომდე არ შეუმუშავებია.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მინიჭებული უფლება – დასახლების საერთო კრება – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ბაზალეთსა და ღორეშაში ჩატარდა. ბაზალეთში სოფლის რჩეულის არჩევის ხელშესაწყობად კრება ა/ო „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა, ღორეშაში – „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში.
ღორეშაში მოსახლეობამ სოფლის რჩეული აირჩია, სოფელში მოსაგვარებელი პრობლემებიდან პრიორიტეტები გამოყო, პეტიცია შეადგინა და საკრებულოს წარუდგინა. პეტიციაში ღორეშელები კვადოურას უბნის გზისა და სასაფლაოს შემოღობვას ითხოვდნენ. პეტიციაში მათ დაასაბუთეს ამ პრობლემების მოგვარებისა და ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში ფინანსური რესურსების (5060, 9 ლარი) მოძიების გზები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ღორეშელებს აცნობა, რომ – ფინანსური რესურსების სიმწირის გამო 2017 წელს გზის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდიან, ხოლო სამუშაოები 2018 წელს განხორციელდება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო თანხებსაც 2018 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ. საკრებულომ გამგეობის ეს პასუხი არ მოიწონა, თუმცა დამატებით ამ საკითხზე აღარ უმსჯელიათ.
ღორეშაში სოფლის რჩეული გოჩა კოპაძე ამბობს, რომ მოსახლეობა სტუდენტური ჯგუფის წინადადებას სიხარულით შეხვდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რომ მოქმედებდა, მოსახლეობა წყვეტდა, რა პრობლემა იყო მოსაგვარებელი, – ამბობს გოჩა კოპაძე, – სოფელს უნდა ჰკითხო, რა აწუხებს. თვითმმართველობისთვის პეტიციის წარდგენა მთელი მუნიციპალიტეტისთვის გადამდები იქნება, თუ ღორეშელთა მოთხოვნა დაკმაყოფილდება.“
„სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ჯგუფის წევრი ზურაბ თაბუკაშვილი მიიჩნევს, რომ თითოეული მოქალაქის ჩართულობას საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„დასახლების საერთო კრება და პეტიცია სიახლეა, – ამბობს ზურაბ თაბუკაშვილი, – ვიცი, რომ საკრებულომ პეტიცია მოიწონა. იმედი მაქვს, ღორეშელთა პეტიცია დაკმაყოფილდება. მთავარია, მოსახლეობამ იაქტიუროს და არჩეულ ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება მოსთხოვოს.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი მოსახლეობის ინფორმირებისთვის საკმარისად მიიჩნევს იმას, რომ საკრებულო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთში, მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში საკრებულოს სხდომებზე განსახილველ საკითხებს აქვეყნებს.
ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი კიცხის, დაბა ხარაგაულის, ძირულასა და ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობასთან საჯაროდ განიხილეს. მოსახლეობისგან წამოსული წინადადებები კი შენიშვნის სახით გამგეობას გადაუგზავნეს.
„სამწუხაროდ, ბიუჯეტის პროექტში ვერ აისახა მოლითის მოსახლეობის მოთხოვნა მრავალბინიანი კორპუსების შეკეთებაზე, დაბა ხარაგაულის მოსახლეობის მოთხოვნა კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონების მოწყობის თაობაზე, ძირულას ხეობაში – ჭიდაობის სექციის გახსნაზე.
ღორეშის მოსახლეობის მხრიდან სიღრმისეულად მომზადებულ პეტიციაზე უარს თუ ვიტყვით, მოქალაქეებს უიმედობა დაეუფლებათ. მოსახლეობის ნაწილი ხომ ფიქრობს, რომ მათ მოსაზრებას აზრი არ აქვს და ხელისუფლება საკუთარი სურვილით მოქმედებს. ეს წრე უნდა გავარღვიოთ. რეალური ნაბიჯების გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 2014-2016 წლებში ინგა მაღრაძე ამბობს, რომ ბევრი ვერაფერი შეძლეს თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშესაწყობად. „სახელისუფლებო პოლიტიკა მოსახლეობის ჩართულობას ხელს არ უწყობს, – არ ქმნის მოქალაქეთა დაინტერესებისა და მოტივაციის საფუძველს.
მოსახლეობამ აირჩია თვითმმართველობა და იქ დასრულდა ყველაფერი – უკუკავშირი, მუდმივი თანამშრომლობა აღარ ხდება, – ამბობს ინგა მაღრაძე, – ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებულად არ თვლის თავს, რომ მოსახლეობას ანგარიში ჩააბაროს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ნიკო თოფურიძეს, ჩემი შეფასებით, დღემდე ჰგონია, რომ ის მთავრობის პირველი პირის მერ დანიშნულია და არა მოსახლეობის მიერ არჩეული. მისი საჯარო გამოსვლები ასეთ განცდას მიჩენს. ერთადერთი, რისთვისაც მოქალაქეები ხარაგაულის თვითმმართველობას აკითხავენ, სოციალური პაკეტებით სარგებლობაა.“
ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვა საკრებულოს არ სურს.
„შარშან საკრებულოს თითქმის ყველა სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, – იხსენებს ქეთევან ზუმბაძე, – ეს ძალიან კარგი იყო. იმ მოქალაქეებს, ვისაც ინტერნეტი აქვს, სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდათ, რომელი დეპუტატი რას ამბობდა და მხარს რას უჭერდა. შემდეგ სხდომებზეც მოდიოდნენ. ერთხელაც, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ პირდაპირი ეთერი აღარ იყო საჭირო.
ახლა მოსახლეობა ინფორმაციას გაზეთ „ჩემი იმერეთიდან“ და ვებგვერდიდან chemikharagauli.com იღებს. ხალხი იმედდაკარგულია. სოფლებში მოსახლეობას ვხვდებით. მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობაზეც კი უარს ამბობენ. ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია, რომ მოსახლეობა გააქტიუროს.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ სხდომებზე განსახილველი „უმნიშვნელო საკითხების განხილვით მოსახლეობა არ უნდა გადავღალოთ“ და ამიტომ სხდომებს პირდაპირ ეთერში აღარ გადაცემენ. მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ „საზოგადოების მაღალი მოთხოვნა და ინტერესი რომ იქნება, – ბიუჯეტის პროექტის განხილვა, ანგარიშის მოსმენა, ან პრობლემური საკითხების წამოწევა, – პირდაპირ ეთერს იმ დროს გამოიყენებენ.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტის, ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, გამგეობაში შექმნილია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. დამტკიცებულია დებულება, რომლის მიხედვითაც საბჭო ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გამგებლის მუშაობაში ის სათათბირო ორგანოა, სადაც შესაძლებელია საზოგადოების სხვადასხვა ფენების პრობლემებზე ინფორმაციის მიღება გადაწყვეტილებების მიღებისას მათი გათვალისწინების მიზნით, ასევე დისკუსია მოქალაქეებთან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველთა საბჭო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა. საბჭოს ერთ-ერთი წევრი, განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე ამბობს, რომ თერთმეტწევრიანი საბჭო გასულ წელს ერთხელ შეიკრიბა, 2017 წლის თებერვალში კი ზესტაფონში ტრენინგში მონაწილეობდნენ, სადაც საბჭოს უფლება-მოვალეობებს გაეცვნენ.
„ტრენინგზე ვიმყოფებოდით მე, ქალბატონი მანანა ტაბაშიძე, ბორის სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე და ამავე სკოლის თანამშრომელი დონარი ბერიძე, – ამბობს ლალი სებისკვერაძე, – გამგებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებს წელს არც სხდომა ჩაგვიტარებია და არც გამგებელს შევხვედრივართ.“
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: დასახლების საერთო კრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში, 2017 წ. 17 მაისი
შოთა ლომიძის ფოტოები
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი – II“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში