მიდიან…
გვეცლებიან ნელ-ნელა დიდი ადამიანები…აი ისინი, პატარა ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს და კოლორიტს რომ მატებენ, – წერს სოციალურ ქსელში ჭიათურელი მარიკა ხვედელიძე, – ბატონი ლავრენტი მართლაც დიდი იყო პროფესიონალიზმით, ზნეობით, ადამიანობით…

საუკუნეს მიღწეული ღვაწლმოსილი ექიმი ბოლომდე შესაშური მეხსიერებითა და ენერგიით გამოირჩეოდა და ალბათ ამიტომაც მეგონა, სულ იცოცხლებდა, ყველას გვეგონა…

ამიტომაც ძნელი წარმოსადგენია ჭიათურის ქუჩები ლეგენდარული ლავრენტი ენუქიძის გარეშე!
ნათელი იყოს თქვენი უფლისკენ სავალი გზა, ბატონო ლავრენტი!

„ჩემი იმერეთის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე სამი თვის წინ ღვაწლმოსილ ექიმს შინ ესტუმრა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.  

ლავრენტი ენუქიძე – ჭიათურისა და ჭიათურელების სიყვარულს ვერ შეველიე

„ჭიათურელებს ნამდვილად ვუყვარვარ. დამინახავენ, მოდიან და მადლობას მიხდიან, – ლავრენტი ექიმო, მადლობა, რომ გადამარჩინეთო. 98 წლის გავხდი 6 მაისს. ჩემი ხნის არც ერთი ექიმი აღარ არის ჭიათურაში. რეკორდი დავამყარე. მეამაყება ჩემი განვლილი ცხოვრება, ოჯახი და მეგობრები,“ – ამბობს ღვაწლმოსილი ექიმი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე ლავრენტი ენუქიძე.

დამსახურებულ ექიმთან საუბარი მისი ახალგაზრდობის წლების გახსენებით დავიწყეთ.

ლავრენტი ენუქიძე საჩხერის რაიონის სოფელ ივანწმინდაში დაიბადა. საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ინსტიტუტს ამთავრებდა. ომში თანაკურსელებთან ერთად ექიმად გაიწვიეს. ხარკოვის მისადგომებთან 218-ე პოლკის ექიმად გაამწესეს. მალე ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან ორჯერ უშედეგოდ გაიქცა. მესამედ მოლდავეთის ტერიტორიაზე მოხვდა და საბჭოთა ჯარს შეუერთდა.

ამის შემდეგ უკრაინის სატანკო კორპუსში ექიმად გაგზავნეს, ომის დამთავრების შემდეგ – უნგრეთსა და ავსტრიაში. მრავალი საბრძოლო ოპერაციის მონაწილემ ომის ქარცეცხლიანი დღეები წიგნში „სიცოცხლის უკანასკნელი გაელვება“ აღწერა. ამის გარდა, ლავრენტი ენუქიძე ოთხი წიგნის, 12 ბროშურისა და 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

„65 წელი ექიმად ვიმუშავე, – გვიამბობს ლავრენტი ენუქიძე, – სხვადასხვა წლებში ჭიათურის ქალაქის საავადმყოფის მთავარი ექიმი ვიყავი. ვიმუშავე სანეპიდსადგურის მთავარ ექიმად, ჯანდაცვის განყოფილების გამგედ, „ჭიათურმარგანეცის“ საავადმყოფოს მთავარ ექიმად.

ამ წლების მანძილზე თანამშრომლებთან მხოლოდ სამი უსიამოვნო შემთხვევა მახსენდება, – ვერ ვეგუებოდი ზარმაც და უპასუხისმგებლო ადამიანებს. დისერტაცია დავიცავი თემაზე „მაღაროს გავლენა დასაქმებულ მუშათა ღვიძლის ფუნქციაზე.“ ძალიან მოეწონათ ჩემი კვლევა.

ექვსი წლის მანძილზე 200-მდე მუშისა და 15 არამომუშავე ჭიათურელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შევისწავლე. დადგინდა, რომ მარგანეცი დასაქმებულთა ღვიძლის ფუნქციაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.“

დედაქალაქში გადასვლას ხშირად სთავაზობდნენ. ბიძამ თბილისში სახლი აჩუქა, მაგრამ ლავრენტი ექიმი ამბობს, რომ ჭიათურისა და ჭიათურელების სიყვარულს ვერ შეელია.

„რაშია ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო? – ამაზე წიგნიც მაქვს დაწერილი, – გვიამბობს ლავრენტი ენუქიძე, – პირველ რიგში, ეს განაპირობა უფლის წყალობამ, მემკვიდრეობით მიღებულმა გენებმა, ჯანსაღი ცხოვრების წესმა და ოჯახურმა სიმშვიდემ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარშემომყოფი საზოგადოების დამოკიდებულება. შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა, სიკეთე და პატიოსნებაა მთავარი. ხალხის სიყვარული არადროს მაკლდა. საუკეთესო მეუღლე მყავდა – წყნარი და მშვიდი.“

წიგნი „სიცოცხლის უკანასკნელი გაელვება“ ლავრენტი ენუქიძემ მეუღლის, ნატო ტაბატაძის, ხსოვნას მიუძღვნა.

„წერილობით მინდა გავაგრძელო შენთან საუბარი. მინდა წარმოვიდგინო, რომ ისევ ჩემთან ხარ და ჩვენი ტკბილი ცხოვრება გრძელდება…“ – წერს ლავრენტი ენუქიძე წიგნის შესავალში.

„ორი შვილი გაგვზარდეს, – გვიამბობს ბატონი ლავრენტის ქალიშვილი ეთერი ენუქიძე, – ჩემი ძმა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატია და თბილისის მერიაში მუშაობს. მე, დედაჩემი და მამაჩემი ოქროს მედალოსნები ვართ, ჩემმა ძმამ ვერცხლის მედალი „გამოურია.“ დედა ფილოლოგი გახლდათ. გადავწყვიტე, მამის პროფესიას გავყოლოდი. ჩემი ძმის მეუღლეც ექიმია.

დატვირთული სამუშაო მაქვს და ამიტომ მამაჩემთან, უმეტესად, ჩემი მეუღლე, ბუდუ წერეთელია – მამას ის უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე მე. არაჩვეულებრივი მეგობრები ჰყავდა მამას – ბრწყინვალე სპეციალისტები და პიროვნებები. ბედნიერი ვარ, მათ გვერდით რომ ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი.“

„სამი ორდენი (მათ შორის ღირსების), 18 მედალი, ორი სამკერდე ნიშანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის ფრიადოსანი, რესპუბლიკისა და საკავშირო ორგანოებიდან მიღებული უამრავი მადლობა და ქების სიგელი, საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება და რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსია, – ყველაფერ ამაში ლომის წილი შენ მიგიძღვის, ჩემი ნატო. ამიტომ ვაღმერთებ შენ სიყვარულსა და ადამიანობას…“ – წერს ავტობიოგრაფიულ წიგნში ლავრენტი ენუქიძე გარდაცვლილი მეუღლის მისამართით.

განათლებული, ინტელიგენტი, გულისხმიერი, პროფესიონალი და შინაგანად კეთილშობილი, – ასე ახასიათებენ ჭიათურაში ენუქიძეების ღირსეული ოჯახის წევრებს, მრავალი სიცოცხლის გადამრჩენ ექიმებს – ლავრენტი და ეთერი ენუქიძეებს.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ლავრენტი ენუქიძე ქალიშვილთან და სიძესთან ერთად;
ლავრენტი ენუქიძე (ცენტრში) კოლეგებთან ერთად – მარცხნიდან ალიოშა ფხალაძე, ნონა მოდებაძე, გიური მუშკუდიანი, ლეტიცია (ელენე) გოცაძე, 1974 წელი.