ერთ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
ნადაბურში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა.
ამ მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ოჯახების ეს საჭიროება „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ერთი წლის გამოკვეთა.
ნადაბურში მცხოვრები გრიგოლ გელაშვილი სოფელში ბაღის მშენებლობით ძალიან გახარებულია. საბავშვო ბაღში მისი ორი შვილი ივლის.
„ნადაბურში ბაღი არასდროს ყოფილა, – ამბობს გრიგოლ გელაშვილი, – ეს აქ მაცხოვრებლების დიდი ხნის ოცნებაა. საბავშვო ბაღი ახალგაზრდა ოჯახების დამაგრებისა და ბავშვების მშობლიურ სოფელში აღზრდის შესაძლებლობაა. ახალგაზრდებით დასახლებული და ღონიერი სოფლები კი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის წყაროა. მადლობას ყველას, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეში წვლილი შეიტანა.“
ნადაბურის ბაღს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია შპს TU-KA აშენებს. შპს TU-KA-ს დირექტორი ოთარ თოთაძე, თუ ამინდებმა ხელი შეუწყო, მშენებლობის დასრულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაზე ერთი თვით ადრე, სექტემბრის ბოლოსთვის აპირებს. ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა 174 444 ლარი ჯდება.
„მუშაობას დილის ექვსი საათიდან ვიწყებთ, – ამბობს ხელოსანი დავით მიქელთაძე, – შუადღის სიცხე ხელს არ გვიშლის, – აქ სიგრილეა. ნადაბურში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ყველა გვერდით გვიდგას. სულითა და გულით მონდომებულები ვართ, რომ ყველაფერი სექტემბრის ბოლოს დავასრულოთ.“
ერთი წელია, რაც ნადაბურში ა/ო „კივიტას გეორგიკას“ ხელშეწყობით სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს. ჯგუფის აღმზრდელად მარიამ ქველაძე მუშაობდა.
„მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის, – ამბობს მარიამ ქველაძე, – სოფლის მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა საბავშვო ბაღის გახსნას. უზარმაზარი საქმე კეთდება. დიდი მოლოდინი გვაქვს. ნადაბურში საბავშვო ბაღის ამოქმედება ყველას ძალიან უხარია. კარგი შენობა შენდება. ჩემს შვილს ერთი სული აქვს, ახალ საბავშვო ბაღში როდის მოვა.“
მარიამ ქველაძის ინფორმაციით, ნადაბურში ამჟამად 3-დან 6 წლამდე ასაკის 16 ბავშვია. რამდენიმეს სამი წელი უახლოეს თვეებში უსრულდება. ნადაბურის საბავშვო ბაღის შენობა 25 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ნადაბურის საბავშვო ბაღის მშენებლობა ორი დღის წინ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა მოინახულა.
„მშენებლობა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – შენობა ძალიან მომეწონა, ერთჯგუფიანი ბაღისთვის დიდიც კია – საკმაო ფართი აქვს. მშენებელი სამუშაოების სექტემბრის ბოლოსთვის დასრულებას გვპირდება. შევეცდებით, რომ ოქტომბრის დასაწყისში ნადაბურში საბავშვო ბაღი ავამოქმედოთ.“
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში ნადაბურის საბავშვო ბაღი რიგით მეჩვიდმეტე იქნება.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში