ნადაბურელები 35 სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის საბავშვო ბაღის აშენებასა და გახსნას ითხოვენ. ნადაბურელთა უამრავ პრობლემათაგან საბავშვო ბაღის არქონა უმთავრესია.
ციცქიურში მცხოვრები დალი გელაშვილის შვილიშვილები ქალაქში წავიდნენ. „იძულებული გავხდით, ქალაქში გაგვეშვა შვილები. ბავშვს განვითარება სჭირდება, ისეთი დრო მოვიდა. მოვითხოვთ საბავშვო ბაღს. თუ აქ საარსებო პირობები შეგვექმნება, ყველა დაბრუნდება,“ – ამბობს ქალბატონი დალი.
„მთელი სოფლის მოთხოვნაა და განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელთა აზრია, რომ ნადაბურში ამოქმედდეს საბავშვო ბაღი, – ამბობს ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე, – პირველი კლასის მასწავლებელს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება საიმისოდ, რომ ბავშვს მერხთან ჯდომა ასწავლოს, აუხსნას, რა არის გაკვეთილი.
ეს სწავლის ხარისხზე მოქმედებს. ახლახან ღია გავეთილი ჩატარდა პირველ კლასში. გაკვეთილის გარჩევისას აღვნიშნე, რომ მარტში რაც ასწავლა მასწავლებელმა მოსწავლეებს, ის ჩემ შვილიშვილებს გავლილი აქვთ უკვე საბავშვო ბაღში.“
ნადაბურის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მერი არევაძემ ყველაზე კარგად იცის სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მნიშვნელობა. მერი მასწავლებელი ამბობს, რომ განვითარების დონით, როგორც დღე და ღამე, ისე განსხვავდებიან ბაღგამოვლილი თანატოლები ბაღგაუვლელებისგან.
„ზოგს მიაჩნია, რომ თუ სასკოლო ასაკის ბავშვი ათამდე დათვლის და ერთ სტროფ ლექსს ისწავლის, საკმარისია. ნადაბურიდან სპეციალურად სკოლამდელი აღზრდის მისაღებად წაიყვანეს ქალაქში პატარები და სკოლისთვის ისევ დააბრუნეს. რთულია, როცა მოსწავლეს გაკვეთილზე ჯდომის წესს ასწავლი და იმ დროს უკვე ანბანს უნდა სწავლობდნენ. არაჩვეულებრივი ბავშვები გვყავს ნადაბურში და საბავშვო ბაღი ძალიან გვჭირდება,“ – ამბობს მერი მასწავლებელი.
ნადაბურის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია ნოზაძე ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა. „ძალიან მინდა, რომ ნადაბურში საბავშვო ბაღი გაიხსნას. სურამშიც გვაქვს სახლი და იძულებული გავხდები, იქ გადავიდე საცხოვრებლად. თუ სოფლიდან წავედი, სკოლაშიც იქ მივიყვან შვილებს. დაგვეხმაროს გამგეობა და სოფელში საბავშვო ბაღი აგვიშენონ. სურამში თუ გადავედი, – ნადაბურის სკოლა მასწავლებელს, მე – სამსახურს დავკარგავ, სოფლიდან კი კიდევ ერთი ოჯახი წავა,“ – ამბობს ქალბატონი მაია.
„დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის პირველი კლასის პირველ სემესტრში განსაკუთრებით რთულია მუშაობა, – ამბობს მიმოზა სიჭინავა, – ოთხი შვილის დედა ვარ. დიდი სურვილი მაქვს, რომ მეოთხე შვილი მაინც ვატარო საბავშვო ბაღში. ეს ბავშვის განვითარებასაც უწყობს ხელს და მეც მშვიდად ვიმუშავებ. სოფელში დემოგრაფიული მდგომარეობისთვის აუცილებელია საბავშვო ბაღი, – რომ არ შემცირდეს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ქალაქისკენ არ გაიწიონ ოჯახებმა.
ჩვენი სოფლის დეპუტატი, მიხეილ გელაშვილი, ჩემი მოსწავლე იყო და ვიცი, როგორც იბრძვის ნადაბურში საბავშვო ბაღის ამოქმედებისთვის. მივმართავ ყველას, ამოუდექით გვერდით მას ამ მიზნის მისაღწევად.“
ნადაბურში საბავშვო ბაღის აუცილებლობაზე საუბრობს ნუგზარ შუბითიძე და იმედოვნებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევს.
„ნადაბურელთა მოთხოვნა არაერთხელ გავაჟღერე საკრებულოსა და გამგეობაში, – ამბობს მიხეილ გელაშვილი, – წერილობით მივმართე გამგეობას და თან დავურთე ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები. გამგეობიდან წერილობით მიპასუხეს, რომ ნადაბურში საბავშვო ბაღის დაპროექტება-მშენებლობა 2017 წელს იგეგმება. მოვითხოვ, რომ საბავშვო ბაღი ნადაბურში წელსვე აშენდეს. თუ ეს ვერ მოხერხდება, ვპირდები ნადაბურელებს, რომ 2017 წელს საბავშვო ბაღი იქ აუცილებლად აშენდება.“
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში