პლატონ ფოფხაძე ერთ-ერთი წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდაა. ის ბელორუსიის დედაქალაქ მინსკის სამედიცინო აკადემიაში ეუფლება მეან-გინეკოლოგისა და ონკოგინეკოლოგის პროფესიას. პლატონი საახალწლო არდადეგებზე ესტუმრა მშობლიურ ხარაგაულს. „ბოლო პერიოდში სულ ხარაგაულზე ვფიქრობდი. ძალიან მენატრებოდა ოჯახი და აქაურობა. ვეღარ ვძლებდი, რომ არ ჩამოვსულიყავი. ინტერნეტით, თქვენი გაზეთის საშუალებით, ყველაფერს ოპერატიულად ვიგებ ხარაგაულზე,“ – გვიამბობს პლატონი.
პლატონ ფოფხაძემ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა 2005 წელს დაამთავრა. „ძალიან ძლიერი კლასი ვიყავით, – იხსენებს პლატონი, – ერთიანი ეროვნული გამოცდები იმ წელს შემოიღეს. სკოლის დამთავრებისთანავე სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავირიცხე 100%-ანი გრანტით. მაშინ მხოლოდ სრული დაფინანსება შეიძლებოდა მიგეღო. მესამე კურსიდან სხვადასხვა კლინიკების რეანიმაციაში ვმუშაობდი. მიმაჩნია, რომ სამედიცინო სფეროში სტუდენტობიდანვე უნდა მუშაობდე, შენი ადგილის დამკვიდრებისთვის თავიდანვე უნდა იბრძოლო. შესაძლებლობის მაქსიმუმს თუ გააკეთებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ. თავიდან ექთად ვმუშაობდი, შემდეგ – უმცროს ექიმად.
სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აუცილებელია ვიწრო სპეციალიზაცია. მოხდა ისე, რომ გაიყიდა კლინიკები, სახელმწიფოს აღარ ჰქონდა ბაზა რეზიდენტურისთვის. ან რადიოლოგია უნდა ამერჩია, ან მეზრუნა უცხო ქვეყანაში სწავლაზე. ის, რაზეც, ექვსი წელი ვოცნებობდი, უცბად რადიოლოგიით ვერ შეცვალე.“
პლატონმა სწავლის გაგრძელება ჯერ მოსკოვში სცადა, მაგრამ განათლების სამინისტრომ აღარ დააფინანსა მოსკოვში სასწავლო პროგრამა. თუმცა, დრო მაინც არ დაკარგა და ფარმაცევტულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. პლატონმა საკუთარი დანაზოგით შეძლო სწავლის გაგრძელება მინსკის სამედიცინო აკადემიაში.
„კათედრაზე ჩავაბარე გამოცდა რუსულსა და სპეციალობაში, – გვიამბობს პლატონ ფოფხაძე, – იქ თვლიან, რომ ექვსწლიანი სწავლების შემდეგ პროფესიონალი მეანგინეკოლოგი ხარ და საკმაოდ მაღალ სტანდარტს ითხოვენ. ჩემთვის კი ეს პირველი ნაბიჯებია. პრაქტიკას გავდივარ უმაღლესი დონის სამედიცინო აკადემიაში. ხედავენ, რომ მონდომებული ვარ და ყველანაირად ხელს მიწყობენ. მინსკში საუკეთესო ბაზაა იმისთვის, რომ მეანგინეკოლოგისა და ონკოგინეკოლოგის პროფესიას დავეუფლო. აკადემიაში კეთდება იშვიათი ონკოგინეკოლოგიური ოპერაციები. ამას საქართველოში ნამდვილად ვერ ვისწავლიდი, რადგან ონკოგინეკოლოგია, როგორც ცალკე დარგი, ჩვენთან არ არის განვითარებული. მინსკში ორი წელი უნდა ვისწავლო, შემდეგ სალიცენზიო გამოცდას საქართველოში ჩავაბარებ. მინდა, საბოლოოდ, ონკოგინეკოლოგიაში გავაგრძელო საქმიანობა და აუცილებლად საქართველოში.“
პლატონმა გვიამბო, რომ ბელორუსიაში დაზღვეულია თითოეული მოქალაქე და მათთვის ყველანაირი სამედიცინო მომსახურება უფასოა. ბელორუსიაში ნაკლებადაა კერძო სამედიცინო დაწესებულებები, თუმცა სახელმწიფო კლინიკებში უახლესი სამედიცინო აპარატურაა.
„ყველანაირი პირობა მაქვს იმისთვის, რომ ვისწავლო და პროფესიას დავეუფლო, – ამბობს პლატონი, – ძალიან თბილი ადამიანები არიან ბელორუსები. აფასებენ პატიოსან შრომას და მოტივაციას. ასისტენტობიდან უკვე წინ წავიწიე და ეს ძალიან მახარებს.
ბელორუსიაში სწავლება რუსულ ენაზეა. სკოლაში რუსული ენის არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა – როზა კვირიკაშვილი. მართლა ძალიან კარგად მასწავლა რუსული ენა. ამიტომ მისი უზომოდ მადლიერი ვარ.“
-პლატონ, რა მიგაჩნია შენი წარმატების მიზეზად და რას უსურვებ თანატოლებს?
-ჯერ არ ვთვლი, რომ წარმატებული ვარ. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ვარ და ვთვლი, რომ ეს ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს. ზოგს ნებისყოფა არ ჰყოფნის, ამდენი წელი ისწავლოს. უნდა გიყვარდეს პროფესია და ბოლომდე მიჰყვე შენს საქმეს.
ოჯახის წევრებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ გავყვებოდი პროფესიას და გაეხარდათ ჩემი არჩევანი. იციან, რომ სწავლა და შრომა დამიფასდება.
წინააღმდეგობები ნებისმიერ სფეროშია. ბევრი შრომა და წვალებაა საჭირო. ვერცერთ პროფესიაში შედეგს უცბად ვერ მიაღწევ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცოდნა არ იკარგება.
ყველას ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს ვუსურვებ.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: პლატონ ფოფხაძე (მარჯვნიდან პირველი) მეგობრებთან ერთად მინსკში
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ