65 წლის ხარაგაულელი მზედარი ნანიტაშვილი დიაბეტითაა დაავადებული და თვეში 50 ლარის წამლები სჭირდებოდა. ბოლო პერიოდში გულმაც შეაწუხა და წამლებში გადასახდელი თანხა გაიზარდა.
„წამლების ლარიანმა აქციამ სულზე მომისწრო, უამრავი ფული მეხარჯებოდა წამლებში, ახლა დაზოგილი თანხით დიაბეტისათვის საჭირო დიეტურ საკვებს შევიძენ. ეს ჩემთვის დიდი შეღავათი იქნება,“ – ამბობს ქალბატონი მზედარი.
სოციალურად დაუცველების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიხედვით, მედიკამენტების ერთ ლარად მიღება ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს შეუძლია, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებებიდან ერთ-ერთი: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული, ფარისებრი ჯირკვლისა და დიაბეტის მეორე ტიპის (არაინსულინდამოკიდებული) დაავადებები.
პროგრამით ამ დაავადებების 23 მედიკამენტია განსაზღვრული, რომლის შეძენას პროგრამაში ჩართული ბენეფიციარი ერთ ლარად შეძლებს.
პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც მას ქრონიკული დაავადების ფორმა #100 და წამლისათვის საჭირო რეცეპტს გამოუწერს. მოქალაქე ფორმა #100-ს და რეცეპტს, პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად, სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგენს პროგრამაში დასარეგისტრირებლად.
პროგრამის მიხედვით, მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა მხოლოდ PSP-ს აფთიაქებშია შესაძლებელი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნაზი გველესიანის, ინფორმაციით, ვინაიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში PSP-ს სააფთიაქო ქსელი არ არის, პროგრამაში ჩართულ ხარაგაულელ ბენეფიციარებს ერთ ლარად წამლების შეძენა სახალხო აფთიაქში შეეძლებათ.
ბენეფიციარს აფთიაქში შეუძლია ერთად მიიღოს სამი თვის მანძილზე საჭირო მედიკამენტები.
მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარმა სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ უნდა წარადგინოს განახლებული ფორმა #100 და ხელახლა უნდა დარეგისტრირდეს პროგრამაში.
მოქალაქეებს პროგრამაში დარეგისტრირება სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ განყოფილებაში შეუძლიათ.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში