მიმდინარე თვის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაფიქსირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის განსაკუთრებით საშიში ვირუსული დაავადება ნოდულარული დერმატიტით, იგივე კვანძოვანი დერმატიტით, ცხოველთა დაავადების შემთხვევები.
აღნიშნული დაავადება თავდაპირველად აფრიკის კონტინენტზე გაჩნდა და ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც დაფიქსირდა. იგი ვლინდება ეპიზოოტიური ფორმით და ხასიათდება სეზონურობით (ადგილი აქვს ცხელ ნესტიან სეზონში).
დაავადება მოულოდნელად ჩნდება და ერთმანეთისაგან დაცილებულ ადგილებში სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. ვირუსის გადაცემის გზები ნაკლებადაა შესწავლილი. თუმცა ძირითად გზად მიჩნეულია ტრანსმისიური – მწერების საშუალებით, რომლებიც მექანიკურ გადამტანებად შეიძლება ჩაითვალონ. ფერმერებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ის ძირითადი სიმპტომები, რომელიც დამახასიათებელია ნოდულარული დერმატიტისთვის, რათა დროულად მოახდინონ დაავადებული პირუტყვის გამოვლენა და იზოლირება ჯანმრთელი სულადობიდან და ვეტერინარი სპეციალისტების ჩართვა სამკურნალო ღონისძიებების ჩასატარებლად.
დაავადება ხასიათდება ცხელებით. ტემპერატურა ადის 40-41 გრადუსამდე, მადა დაქვეითებულია, გამოხატულია ცრემლდენა, ცხვირიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი. 48-72 საათის შემდეგ ვლინდება კვანძოვანი გამონაყარი (0,2-0,5 სმ. დიამეტრით), რომლებიც უმნიშვნელოდ არის ამობურცული კანზე, მრგვალი და კარგად შემოსაზღვრულია, მათი რაოდენობა შეიძლება იყოს რამდენიმე ცალიდან რამდენიმე ასეულამდე.
ისინი შეიძლება განლაგებული იყოს მთელ სხეულზე, მაგრამ განსაკუთრებით ვლინდება ბარძაყებზე, შესაძლებელია ასევე კვანძები გაჩნდნენ ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე, ტრაქეაზე. კვანძები განაჭერზე მორუხო ფერის და მკვრივი კონსისტენციისაა, კანი და კანქვეშა უჯრედები გაჯირჯვნულია მოწითალო ფერის სითხით. დანეკროზების შემდეგ წარმოიქმნება წყლულები.
საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემები. დაავადებული ცხოველი მკვეთრად იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, არ მოდიან ახურებაში, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. ემართებათ ფილტვების შეშუპება და იღუპება ასფიქსიით ან ვითარდება ბრონქოპნევმონია.
კვანძოვანი დერმატიტის ტიპიური ფორმის (კვანძებით) დიაგნოსტირება ადვილია, ატიპიური ფორმების კი რთული. ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოიყოს ვირუსი და მოხდეს მისი იდენტიფიცირება. კლინიკური დიაგნოზი ეფუძნება ეპიზოოტიურ მონაცემებს და სიმპტომებს, ხოლო საბოლოო დიაგნოზისთვის აუცილებელია ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.
დაავადების გამოსავალი ხშირ შემთხვევაში კეთილსაიმედოა. ნოდულარული დერმატიტის დროს სიკვდილიანობა მერყეობს 2-10%-მდე. რაც მთავარია არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა.
დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური სამკურნალო საშუალება არ არსებობს. მიმართავენ სიმპტომატიურ მკურნალობას, რისთვისაც გამოიყენება იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებები, ვიტამინების კომპლექსი და ანთების საწინაღმდეგო საშუალებები, ცხოველებს უქმნიან ნორმალური მოვლა-შენახვის პირობებს, მათ აბანებენ სადეზინფექციო ხსნარებში. ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში გვამი იწვება და იმარხება მიწაში.
აკრძალულია დაავადებული პირუტყვის რძის გამოყენება. აუცილებელია დააავადების კერაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. ნოდურალური დერმატიტით ადამიანი არ ავადდება.
ყველა ფერმერი, რომელიც საკუთარ პირუტყვში აღნიშნული დაავადების სიმპტომებს შეამჩნევს, უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ვეტერინარულ სამსახურს.
ამჟამად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური ჯგუფების მიერ მიმდინარეობს აღნიშნული დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია. აცრების ჩატარების დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისას, ფერმერი ვალდებულია საკუთარი პირუტყვი გაიყვანოს დანიშნულ ადგილზე. ვაქცინაცია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და შესაბამისად, ფერმერებისთვის არის უფასო.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით 599 85 26 01
ნათია ბერაძე
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ვეტერინარი ექიმი
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში