პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით 27 ივნისიდან ხარაგაულში კაფე „საკონდიტრო თამუნა“ ამოქმედდა.
„პროექტის შესახებ ჩემმა მეუღლემ შეიტყო, – ამბობს ამხანაგობის წევრი თამარ წიქარიშვილი, – განაცხადი შევავსეთ და მალევე შეგვატყობინეს, რომ ჩვენი ბიზნეს იდეა მოეწონათ. ტრენინგების პირველი ეტაპის შემდეგ პროექტი მოვამზადეთ. ფართი, სადაც საკონდიტრო კაფე განვათავსეთ, ჩემი საკუთრებაა.“
თამარ წიქარიშვილი ამბობს, რომ ამხანაგობამ „საკონდიტრო თამუნა“ პროექტის ფარგლებში 8 ათასი ლარი გრანტის სახით მიიღო, 2 ათასი ლარი თამარმა და მისმა მეუღლემ გაიღეს. გაარემონტეს ფართი, შეიძინეს ავეჯი, სამი მაცივარი, ორი საცხობი და სხვა საჭირო ინვენტარი.
საკონდიტროში ორი ქალბატონი დასაქმდა. მენიუში მითითებული ნაწარმის გარდა ისინი კაფეში შესული კლიენტებისგან შეკვეთებსაც იღებენ.
„ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელები, ნამცხვრები, პიცა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეუკვეთოთ ან მობრძანდეთ და ადგილზე დააგემოვნოთ, – ამბობს თამარ წიქარიშვილი, – გვაქვს სამარხვო პიცა და ნამცხვრები, ალკოჰოლური სასმელებიდან – მხოლოდ ლუდი.
ფასები ღვეზელზე 30 თეთრიდან იწყება. უმაღლესი ფასი აქ პიცას აქვს და 6 ლარი ღირს. ფასები ხარაგაულელთა ფინანსურ შესაძლებლობებზეა მორგებული.“
თამარ წიქარიშვილის ინფორმაციით, ყველს, რძესა და ხორცს ხარაგაულელი ფერმერებისგან იძენს. მისივე თქმით, ეს პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთა და ლაბორატორიულად შემოწმებულია.
„სხვათაშორის, ტორტი შეგვიკვეთეს ზესტაფონიდან და ძალიან მოეწონათ, – ამბობს თამარ წიქარიშვილი, – დღეს და ხვალ გამდიდრებას არ ვაპირებთ. საშუალოდ დღეში ათი მომხმარებელი შემოდის და ადგილზე ვემსახურებით, უმრავლესობას მზა პროდუქცია მიაქვს. დღეში, ჯერჯერობით, 30-35 ლარის პროდუქციას ვყიდით. ხარჯებს თვის ბოლოს დავითვლით.
აქ განსხვავებული გარემოა. პროექტში ჩემი შვილის თხოვნით ჩავწერე, რომ შაბათ-კვირას ახალგაზრდებმა მოაწყონ ლიტერატურული საღამოები, განიხილონ საყვარელი მწერლების ნაწარმოებები, ან – საკუთარი, მოაწყონ დისკუსიები. ველოდებით მსურველებს.“
თამარ წიქარიშვილი ამბობს, რომ შეეცდება, მომხმარებლების ცხოვრება ხარაგაულში უფრო გემრიელი და საინტერესო გახადოს.
პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ხარაგაულში გასულ წლებში „ნაცხვრის სახლი,“ ჩირის, სამკერვალო და ავეჯის საწარმოები, ავტოსამრეცხაო, ოპტიკური მაღაზია, სასათბურე მეურნეობა და პურის საცხობები დაფინანსდა.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში