ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მცხოვრებ ციური თიკანაშვილსა და ნინო ფანქველაშვილს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ჯერ არ დაურეგისტრირებიათ. მათ იციან, რომ მიწის რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 1 აგვისტოდან ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ამ პროცედურებს ამარტივებს. თუმცა უდროობის გამო საჯარო რეესტრში ვერ მივიდნენ.
მათი თანასოფლელი რუსუდან ჩაჩანიძე ამბობს, რომ „ზვარე მწირმოსავლიანი გახდა. ადგილობრივებს შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ, უმრავლესობა სოფლიდან წასვლაზე ფიქრობს და ამიტომ მიწის დარეგისტრირებას არ ჩქარობენ. ჩვენს სოფელში ოჯახები მწირ მიწაზე მოწეული მოსავლით თავს ვერ ირჩენენ, სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტი ყოველწლიურად მცირდება. თუ ზვარეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ აღუდგა, სოფელი სულ დაიცლება,“ – წუხს ქალბატონი რუსუდანი.
მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების გამო კმაყოფილებას გამოთქვამენ კიცხში მცხოვრები ნესტან ცერცვაძე და ცირა ბერაძე. მათ აზომვითი ნახაზები უფასოდ გააკეთეს და კუთვნილ მიწებს მალე დაირეგისტრირებენ.
ვერტყვიჭალაში მცხოვრებმა ნუგზარ კაპანაძემ თავის საკუთრებაში არსებული მიწა ორი წლის წინ დაირეგისტრირა და აზომვით ნახაზებში 80 ლარი გადაიხადა. ბატონი ნუგზარი ახლა სოფელ ბჟინევში აპირებს საკუთარი კარ-მიდამოს დარეგისტრირებას და ამზომველებს ელოდება.
მათ, ვისაც მიწის ნაკვეთები ჯერ არ დაგირეგისტრირებიათ, შეგახსენებთ მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის დეტალებს.
თუ გაქვთ მიწის ნაკვეთი, მაგრამ ამ დრომდე მას სათანადო დოკუმენტაციის არქონის, ხარვეზიანი საბუთების, საკუთრებასთან დაკავშირებული დავების ან სხვა დაბრკოლების გამო ვერ ირეგისტრირებდით, ახლა ამ პრობლემების გადაჭრაში სახელმწიფო დაგეხმარებათ.
საჯარო რეესტრი დაგეხმარებათ საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში.
თუ არ გაქვთ საბუთები, რომლებიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე თქვენი საკუთრების უფლებას ადასტურებს, ან გაქვთ, მაგრამ ისინი არასრულყოფილია, მიმართეთ საჯარო რეესტრს დახმარებისთვის.
საჯარო რეესტრი სრულიად უფასოდ
– თავად მოიძიებს ყველა დოკუმენტს. თქვენ არ მოგიწევთ ამისთვის სხვა სახელმწიფო უწყებებში სიარული და დამატებითი ხარჯის გაწევა;
– მოგიწესრიგდებათ ყველა საჭირო საბუთს;
– თქვენთან ერთად შექმნის საფუძველს მიწის მარტივად და სწრაფად რეგისტრაციისთვის.
ზოგიერთი ხარვეზიანი დოკუმენტი ბარიერი აღარ იქნება. თუკი მიწის ნაკვეთს მხოლოდ იმიტომ ვერ ირეგისტრირებდით, რომ თქვენს დოკუმენტებში სახელი და გვარი ეწერა შეცდომით; შეუსაბამობა ან უზუსტობა იყო ასოებში; არ იყო მითითებული დოკუმენტის ნომერი, თარიღი, მისამართი, მიღება-ჩაბარების აქტს აკლდა სათანადო რაოდენობის უფლებამოსილი პირების ხელმოწერა ან შედგენილი იყო ფორმის დაუცველად, თუმცა აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, ახლა ეს ყველაფერი ხარვეზად აღარ ითვლება. თუ საბუთში სახეზეა სხვა აუცილებელი მონაცემების, მაგალითად, დოკუმენტის გაცემის წელი, მიწის ნაკვეთის ფართობი, დამოწმებულია ბეჭდით და ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ყველა ასეთი დოკუმენტი რეგისტრაციის პროცესში სრულფასოვნად შედგენილად ჩაითვლება.
თქვენი დოკუმენტები კანონიერია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აკლიათ თარიღი, ნომერი, მისამართი, მიღება-ჩაბარების აქტს არ აქვს სათანადო რაოდენობის უფლებამოსილი პირების ხელმოწერა ან შედგენილია ფორმის დაუცველად, მაგრამ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
მიწის ნაკვეთის მფლობელობის დასადასტურებლად არ მოგიწევთ სასამართლოში წასვა – ახლა კანონი ხარვეზით შევსებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს სრულყოფილ დოკუმენტად აღიარებს.
თუკი მრავალი წლის წინ მიწის ნაკვეთი შეიძინეთ, მაგრამ ეს გარიგება მხოლოდ ზეპირად ან წერილობით, ნოტარიუსის ან საჯარო რეესტისთვის მიმართვის გარეშე გაქვთ გაფორმებული, ამის გამო კი რეგისტრაციას ვერ ახერხებთ, ამ პროექტის მიმდინარეობისას შეგიძლიათ, ნოტარიუსს ან საჯარო რეესტრს მიმართოთ, გარიგება უფასოდ გააფორმოთ და მიწის ნაკვეთიც მარტივად დაარეგისტრიროთ.
მიწაზე საკუთრების უფლების დაჩქარებული წესით აღიარება
თუ თქვენ თვითნებურად გაქვთ დაკავებული მიწის ნაკვეთი და არ გაგაჩნიათ უფლების დამდგენი დოკუმენტი, ასეთ შემთხვევაში თქვენი განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრი მიმართავს მუნიციპალიტეტში არსებულ მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელიც საფასურის გადახდის გარეშე უმოკლეს ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას. კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე თქვენი შეძლებთ, უფასოდ დაირეგისტრიროთ მიწის ნაკვეთი.
დავების მოგვარება მარტივია. თუ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც გაქვთ დავა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო გთავაზობთ დავის მოგვარების ალტერნატიულ გზას, რაც სასამართლოში სიარულს თავიდან აგაცილებთ:
– სათანადო გამოცდილების მქონე მედიატორების ჩართვას დავაში ან სანოტარო მედიაციას;
– საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გამოცხადდება აღმასრულებელი, რომელიც არსებულ ვითარებას და ფაქტებს შესაბამისი აქტით დაადასტურებს. ფაქტების დადასტურების (კონსტატაციის) აქტს კი სამართლებრივი ძალა ექნება თქვენი ნათქვამის გასამყარებლად.
მიწის აზომვას კერძო ამზომველები განახორციელებენ. ამზომველი ვალდებული იქნება, ადგილზე გასვლით შესაბამისი ხელსაწყოების მეშვეობით აზომოს მიწა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი სტანდარტის დაცვით შეადგინოს, ხოლო მესაკუთრე ვალდებული იქნება, სწორად მიუთითოს ასაზომი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რაც გამორიცხავს ნახაზებში უზუსტობებსა და შეცდომებს; მინიმუმამდე დაიყვანს „გადაფარვებს“ და ამ მიზეზით წარმოქმნილ სამეზობლო დავებს.
გარდა ამისა, საჯარო რეესტრს ექნება უფლებამოსილება, ადგილზე გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო ნახაზის სისწორე, რაც კიდევ უფრო მეტად დაიცავს მესაკუთრის უფლებებს.
საამზომველო საქმიანობისთვის დგინდება მომსახურების ერთიანი საფასური.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 1 ივლისამდე, უფასოდ ისარგებლებთ შემდეგი მომსახურებებით:
– დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
– ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება;
– მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია;
– მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
– ფაქტების კონსტატაცია;
– მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია;
– საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც გულისხმობს ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების რეგისტრაციას უფასოდ).
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურს სახელმწიფო აანაზღაურებს.
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის საფასური ანაზღაურდება მიწის პირველადი რეგისტრაციის ან და დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დაზუსტებისას.
საკუთრების უფლების დადგენის პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტი, როგორც ადგილზე არსებული ინფორმაციის ყველაზე ეფექტური წყარო.
გახსოვდეთ: საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ზუსტი, სანდო მონაცემები თქვენი, როგორც მესაკუთრის, უფლებების დაცვის საწინდარი იქნება;
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება.
მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით იუსტიციის ტელეფონით 0 322 405 405.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში