16 წლის ჭიათურელმა პიანისტმა, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლემ სანდრო გეგეჭკორმა ავსტრიაში ვენის „ფოირიხის საფორტეპიანო, ვოკალური და კამერული მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე“ გრანპრი და ორი სპეციალური პრიზი მოიპოვა.
სანდრომ ამავე კონკურსზე 17 სექტემბრისთვის ჰოლანდიაში კონცერტის გასამართად მიწვევა მიიღო.
„ძალიან გახარებული ვარ, ვერც ვინატრებდი! – აღფრთოვანებას ვერ მალავს ჭიათურის სანდრო კავსაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის დირექტორი ლიუდმილა ნადირაძე, სანდრო გეგეჭკორის პირველი პედაგოგი ფორტეპიანოში. სწორედ ქალბატონი ლიუდმილა ახლდა სანდროს ვენაში გამართულ კონკურსზე, – ბევრ ძლიერ შემსრულებელს მოვუსმინეთ. ვფიქრობდი, რომ ჟიური უპირატესობას იაპონელ ან ამერიკელ უძლიერეს შემსრულებლებს მიანიჭებდა.
კონკურსი რამდენიმე კატეგორიაში მიმდინარეობდა. გამოაცხადეს საპრიზო ადგილების მფლობელი მომღერლებიც, პიანისტებიც, მევიოლინეებიც, ანსამბლებიც… მახსოვდა ჟიურის თავმჯდომარის მაღალი შეფასება, სანდროს საოცარი მუსიკალურობით, ტემპერამენტით, შინაგანი არტისტული ბუნებითა და ტექნიკით რომ მოჯადოვდა, მაგრამ მაინც დავიძაბე, – სანდრო ხომ არ გამორჩათ?!… და ბოლოს – ყველა კატეგორიის ერთადერთი გრან-პრის მფლობელი სანდრო გეგეჭკორი გახდა!!!
უდიდესი წარმატებაა, ვერც კი წარმოვიდგენდი. გრანპრი რომ გადასცეს, სიხარულისგან კინაღამ ვიცეკვე!!!
უამრავი გეგმა აქვს სანდროს, ამერიკაშიც უნდა წლის ბოლოს წასვლა. აწი გზა ხსნილი ექნება. უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგით. საზღვარგარეთ რომ გაიმარჯვებს მუსიკოსი, მუსიკალური საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.“
სანდრო გეგეჭკორმა „ნიჭიერთა ათწლედში“ სწავლა ჭიათურის სანდრო კავსაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის შვიდწლედის დამთავრების შემდეგ განაგრძო. ქალბატონი ლუდა ნადირაძე ამბობს, რომ სოლფეჯიოს პედაგოგის, დარეჯან კაპანაძის, უდიდესი დამსახურებაა, სანდრომ რომ მეექვსე კლასიდან ნაწარმოებების წერა დაიწყო.
არაჩვეულებრივად და ბევრს წერს, იმპროვიზაციებს აკეთებს. ვენაშიც შეასრულა კონკურსებს შორის შესვენებისას. ჭიათურაზე ჰიმნი შექმნა. გვინდა, რომ პირველად ჩვენი სკოლის იუბილეზე დაუკრას. კარგი ცოდნა და დიდი სტიმული მისცა სანდროს დარეჯან კაპანაძემ.
სანდროს ვუთხარი, რომ ჰოლანდიაში ახლა დედა, – გულთა კვანტრიშვილი გაიყოლოს. გულთამ ამსტერდამში კონცერტზე საკუთარი თვალით ნახოს, თუ რა შვილი ჰყავს.
სანდრო მეექვსე კლასში იყო, პროფესორმა ალექსანდრე გარბერმა რომ მოუსმინა და მოსწავლედ აიყვანა. მესამე კლასში სწავლობდა სანდრო, თბილისის კონსერვატორიის რექტორმა რეზო კიკნაძემ რომ ჭიათურაში საჩუქრად გერმანული პიანინო გამოუგზავნა.
პირველი, ვინც სანდროს წარმატებას გამოეხმაურა მესიჯით, სწორედ ბატონი რეზო იყო: „ვაშა, ვაშააა, სანდრო, გილოცავ!“
გახარებულია ჭიათურის #1 სამუსიკო სკოლის ყოფილი დირექტორი, სანდროს ბებია ნარგიზ ჩუბინიძე.
„ასეთ მაღალ ჯილდოს არ ველოდი, – ამბობს თავად სანდრო გეგეჭკორი, – არა იმიტომ, რომ ეჭვი მეპარებოდა ჩვენს შესაძლებლობებში, არამედ უდიდესი კონკურენციის გამო. უძლიერესი, გაწრთვნილი შემსრულებლები მონაწილეობდნენ მსოფლიოს 28 ქვეყნიდან. ამიტომ ძალიან ვნერვიულობდით და დაძაბულები ვიყავით.
გალა კონცერტზე გამოაცხადეს, რომ ამ 28 ქვეყნიდან საქართველომ აიღო უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი. ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი და დასამახსოვრებელი შთაბეჭდილება.“
სრულიად საქართველომ, ჩვენმა ჭიათურამ და პირველმა სამუსიკო სკოლამ უნდა იამაყოს იმით, რომ ჩვენი სანდრო მართლაც მსოფლიო დონის პიანისტთა რიცხვს შეუერთდება და მათ რიგებს თავისი მოღვაწეობით დაამშვენებს.
ყველა პედაგოგს, ყველა მშობელსა და მოსწავლეს ვუსურვებთ, ასე სრულად მოემკოთ თავისი შრომის ნაყოფი, როგორც ეს სანდრო გეგეჭკორის შემთხვევაში მოხდა.
ჭიათურელი სანდრო 17 სექტემბერს თავისი „ოქროს დაბადების დღეს“ ამსტერდამში კონცერტით აღნიშნავს!!!
ლაურა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში