ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ნადაბურელები საბავშვო ბაღს დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. ამ სოფელში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა.

ნადაბურში საბავშვო ბაღი სასკოლო ინტერნატის ყოფილ შენობაში განთავსდება.

მშენებლობისათვის გამოცხადებულ ტენდერში ექვსი მშენებელი კომპანია ჩაერთო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს TU-KA-ს თან ხელშეკრულება 21 ივნისს გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს TU-KA-მ საბავშვო ბაღი 174 444 ლარად 2017 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით უნდა ააშენოს, თუმცა მშენებელი ორგანიზაციის დირექტორი ომარ თოთაძე მშენებლობის ერთი თვით ადრე, – 19 სექტემბრისთვის, – დასრულებას გვპირდება: „შენობას სახურავი და რკინა-ბეტონის ფილები მოვხსენით. ამ ეტაპზე სახურავის კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე მოვიყვანეთ წყალი სათავე ავზიდან. საბავშვო ბაღის მშენებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ერთი თვით ადრე დავასრულებთ“.

„ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან მოქმედი სამოქალაქო დარბაზის – „მოდი, ვიმსჯელოთ!“ ფარგლებში 3 ივლისს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში გამართულ შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ ჩვენს შეკითხვაზე, – როდის გაიხსნება ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი, გვიპასუხა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ არ დაუთვლია, რა თანხა დასჭირდება ნადაბურში საბავშვო ბაღის გახსნას.

„ნეტავი მართლა ეღირსოს ნადაბურს რამე, ძალიან გამეხარდება და მჯერა ბევრი ოჯახი დაუბრუნდება სოფელს” – ასე დააკომენტარა ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელმა 2016 წლის მარტში გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც ნადაბურლები ამ სოფელში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვდნენ.

თამთა გოგოლაძე