დღეს, 29 ივნისს, ხარაგაულის კინოთეატრში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის, კულტურულ-საგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარე სიკეთეები პირდაპირი ფორმით თითოეულ მოქალაქეზე მოკლე დროში არ აისახება, მაგრამ „ვითარება უკეთესად მიემართება, ვიდრე იყო გუშინ.“
მან პარლამენტის მიერ განხორციელებული ის საკონსტიტუციო ცვლილები განმარტა, რომლებიც მიწის გაყიდვის წესს, ქორწინებას და თვითმმართველობის დეცენტრალიზაციას შეეხება.
„მართალია, მრავალდონიანი თვითმმართველობა ვერ შევქმენით, მაგრამ სამაგიეროდ, მუნიციპალიტეტები გამგებლის ნაცვლად აირჩევენ მერს, რომელსაც მეტი უფლებამოსილება მიენიჭება,“ – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილი.
მან ყურადღება გაამახვილა ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ გზის მოწესრიგება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტურისტების ზრდას ხელს შეუწყობს.
პარლამენტარის ინფორმაციით, ზვარეში მინერალური წყლის ჩამოსხმის საკითხი გარემოს დაცვის კომიტეტში დააყენა. ის ამბობს, რომ ლიცენზიის თანმდევი პირობები არ სრულდება. ამიტომ ძალიან მალე ზვარის მინერალური წყლის ლიცენზიის მოპოვებისთვის აუქციონი ხელახლა უნდა გამოცხადდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მანანა ბარბაქაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ჯამბულ გამცემლიძემ და დავით კიკნაძემ პარლამენტარს შუამდგომლობა სთხოვეს შესაბამის უწყებებთან სამასალე და საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ფულადი სოციალური შემწეობის დანიშვნის წესში ცვლილებების შესატანად.
ჯამბულ გამცემლიძემ სოფელ დიდი სახვლარისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი დააყენა, ვარლამ ჭიპაშვილმა – ბაზალეთის გაზიფიცირების დაჩქარების. ხარაგაულში მცხოვრებმა ეკა შველიძემ დაბა ხარაგაულში წყალმომარაგების პრობლემაზე ისაუბრა, ქვებში მცხოვრებმა ლალი ჭიპაშვილმა – სოფელში სამედიცინო პუნქტის გახსნის აუცილებლობაზე.
„ყოფილი სკოლის შენობა თუ მოწესრიგდება და იქ სამედიცინო პუნქტი გაიხსნება, ქვების მოსახლეობა შვებას იგრძნობს, – სოფელში დარჩენილ მოხუცებს გადაადგილებაც უჭირთ და არც იმდენი ფინანსები აქვთ, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში ჩამოვიდნენ. 180 ლარით პურის ფქვილი და სასუქი თუ შეიძინეს, სხვას ვერაფერს ახერხებენ,“ – თანასოფლელთა გულისტკივილი გამოხატა ლალი ჭიპაშვილმა.
ჯამბულ გამცემლიძემ სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პარლამენტარმა უფრო მძაფრად უნდა დასვას სოფლების გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამების განხორციელების საკითხი.
კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ფულადი სოციალური შემწეობის დანიშვნის პროცესში თვითმმართველობა რაღაც ფორმით ჩაერთვება.
რაც შეეხება სამასალე ხე-ტყის მოპოვებას, თუ დაანონსებული საპილოტე პროგრამა არ განხორციელდა, ის კოლეგებთან ერთად კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს.
პარლამენტარმა საკრებულოს წევრებს და შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ იაქტიურონ და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში დაფინანსების მოსაპოვებლად ჩაერთონ.
„თქვენგან დაყენებული საკითხების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. თუმცა, ამ პრობლემების მოგვარებაში ჩართული ვარ,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს ხანში დასახელდებიან კანდიდატები. მან ასევე აღნიშნა, თუ ვინ იქნება საარჩევნოდ მხარდაჭერილი მისგან.
„ყველა თემი გავიარეთ, ბევრი პიროვნება შევისწავლეთ და გავაანალიზეთ, ვის როგორი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში. მალე ჩამოვლენ პარტიული ხელმძღვანელები, რომლებიც გადაწყვეტილებას გვამცნობენ. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის მისაღები იქნებიან.“
კობა ლურსმანაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ მისცენ ოპონენეტებს საშუალება ისაუბრონ იმაზე, თითქოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის კომუნიკაცია არ არის.
პარლამენტარი უახლოეს ხანში სოფლებში მოსახლეობათან შეხვედრებს გეგმავს.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში