ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დღეს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის საკითხებზე კონფერენცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენციაში საბავშვო ბაღების აღმზრდელები, დაწყებითი კლასების მასწავლებლები და ოჯახის ექიმები მონაწილეობდნენ.
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ხედვა ეპილეფსიის მართვის კუთხით კონფერენციის მონაწილეებს ასოცირებულმა პროფესორმა, ნევროლოგმა, ეპილეფსიის სახელმწიფო პროგრამის დირექტორმა სოფიო კასრაძემ გააცნო.
კონფერენციის მონაწილეებმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს ეპილეფსიური გულყრის ტიპებსა და გამოვლენაზე.
„ეპილეფსია მხოლოდ გულყრა არ არის. ის ასოცირებულია მრავალ პრობლემასთან – ამბობს სოფიო კასრაძე, – მას მოჰყვება კოგნიტური, ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები. კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოება უფრო დადებითადაა განწყობილი ეპილეფსიით დაავადებული ადამიანის მიმართ, ვიდრე ეს თავად დაავადებულს ჰგონია. გულყრა რამდენიმე წუთით გრძელდება, ეპილეფსიით დაავადებულს კი სიტყვა „ეპილეფსია“ მთელი სიცოცხლე აწუხებს.
საბავშვო ბაღის აღმზრდელს უდიდესი როლი აქვს დაავადების აღმოჩენაში. მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია ზუსტ დიაგნოსტიკაზე, ადექვატურ თერაპიასა და საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულებაზე.
თუკი კი შეგეპარებათ ეჭვი, რომ ბავშვი ცნობიერებას კარგავს, ხანმოკლე გამოთიშვები ახასიათებს, აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს.“
სოფიო კასრაძემ ისაუბრა ქუთაისში, თამარ მეფის ქ. #70-ში მოქმედი „ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრის შესახებ.“ ცენტრის მიზანია, რეგიონის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის ნევროლოგიური, ეპილეფტოლოგიური, ელექტროფიზიოლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური მომსახურებები. რეგიონული ცენტრის პერსონალს ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება გააჩნია. ამასთან, ყოველკვირეულად ცენტრალური ოფისიდან რეგიონულ ცენტრში ჩადიან ბავშვთა ნევროლოგები, ეპილეფტოლოგები და ნეიროფსიქოლოგები, რომლებიც ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ახორციელებენ კვლევებსა და კონსულტაციებს.
ქუთაისში ხორციელდება „ეპილეფსიის პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის“ სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ყველანაირი პაროქსიზმული მდგომარეობების სკრინინგი, ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ნეიროფსიქოლოგიური მიმართულების პერსპექტივებზე ივ. ჯავახიშვილის თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა. მან ყურადღება ნეოროფსიქოლოგიისა და ნეოროქირურგიის შესახებ გაამახვილა.
კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა კონფერენციას დროული და მნიშვნელოვანი უწოდეს. მათ მადლობა გადაუხადეს ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ ხელმძღვანელს რუსუდან გურგენიძეს და გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს ნანა კიკნაძეს.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში