ამ სენით მილიონიობით ადამიანი იღუპება მსოფლიოში და არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი.  ნარკომანია (ბერძნ./narkē/ – „ძილი“, „გაშტერება“ და /mania/ – „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) – ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. ნარკომანია მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული და მისი დამარცხება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

1987 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 26 ივნისი ნარკომანიასთან და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს კიდევ ერთხელ მახვილდება საზოგადოების  და განსაკუთრებით ახალგაზრდების ყურადღება, რომ ნარკომანია მხოლოდ ერთი პიროვნების, ერთი ოჯახის და ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის.

წამალდამოკიდებულება არის ძალიან გავრცელებული, სიცოცხლისათვის საშიში მომაკვდინებელი დაავადება. მისი პრევენციის, მკურნალობისა და აღმოფხვრის მიზნით მსოფლიოში და საქართველოშიც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

რეალობიდან გაქცევის სურვილი, ფსიქოლოგიური ტრავმები, სასიამოვნო შეგრძნებები (მხოლოდ თავიდან) და მრავალი სხვა მიზეზი ნაკომანობის დაწყების მიზეზი შეიძლება გახდეს, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის ერთია. ნარკომანიას პიროვნების დაღუპვამდე მივყავართ.

გაეროს დეკლარაციაში, რომელიც 1988 წელს მიიღეს, პირდაპირაა ნათქვამი, რომ „ნარკოტიკები ახალგაზრდების განვითარებას და მათ თავისუფლებას ზღუდავს“, „ნარკოტიკები სახიფათოა ცალკეული ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის“.

ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანს მისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს: გაფართოებული ან პირიქით – შევიწროვებული და შეწითლებული თვალები, უჩვეულო სუნი, მომატებული ძილიანობა, ძლიერი აღგზნებულობა, ეიფორია, სახის მოყვითალო ელფერი, ჭარბი ოფლიანობა, კიდურების კანკალი, სხეულის გახშირებული ქავილი, ღებინების შეგრძნება, გაუგებარი მეტყველება და ა. შ.

მთავარია ახალგაზრდობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, რომ მათ იზრუნონ ცხოვრების ჯანსაღ წესზე და არა ნარკოტიკებზე.

ნარკომანს ისევე, როგორც ყველა სნეულს, მკურნალობა სჭირდება. წამალდამოკიდებულების მკურნალობა საქართველოში ხორციელდება კერძო და სახელმწიფო საავადმყოფოებში, ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ. მკურნალობის სახეებია: აბსტინენციაზე ორიენტირებული ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა (დეტოქსიკაცია) თანდართული მოკლევადიანი პირველადი რეაბილიტაციით და ჩანაცვლებითი თერაპია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გაუსინჯოთ ნარკოტიკს გემო.

თათია ბლუაშვილი
ექიმი-პროფილაქტიკოსი