ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა პროექტირების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. გზის რეაბილიტაციისთვის 80 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.
გზის პროექტირებამდე განსახლების გეგმა უნდა მომზადდეს. ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია ამ კვირაში დაიწყება. ამის თაობაზე საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია „კოქს კონსალტის“ განსახლების სპეციალისტი იოსებ გოგოძე ხარაგაულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები საღანძილეში, ლაშესა და ძირულაში გაიმართა.
ხარაგაულში დღეს ასევე იმყოფებოდნენ გეოდეზიისა და კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტი გელა ლომიძე და აუდიტორიული კომპანია „ათოსის“ მთავარი შემფასებელი ავთანდილ ოქრომჭედლიძე.
განსახლების გეგმა ამ ეტაპზე ძირულა-მოლითის 24 კილომეტრიან მონაკვეთს შეეხება და მასში დაბა ხარაგაული არ შედის. იოსებ გოგოძის ინფორმაციით, ამ მონაკვეთში დაახლოებით 80 კერძო საკუთრება ხვდება. აქ შედის როგორც შენობები, ასევე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები და სხვ.
გზა ორზოლიანი იქნება და მისი ჯამური სიგანე 9 მეტრს შეადგენს. გზაზე ავტომანქანებმა 40 კმ/სთ სიჩქარით უნდა იმოძრაონ.
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას დარეგისტრირებული ჰქონდეს ქონება საჯარო რეესტრში. თუ ქონება დასარეგისტრირებელია, მათ როგორც დოკუმენტაციის, ასევე აზომვითი ნახაზების მომზადებაში „კოქს კონსალტი“ დაეხმარება.
სასოფლო-სამეურნეო მიწაზე კომპენსაციის გაცემისას გათვალისწინებული იქნება როგორც ხეხილის სახეობები, ასევე მცენარეთა ასაკი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულის შემთხვევაში – ერთი წლის მანძილზე მისაღები მოსავლის რაოდენობა.
მერქანი მესაკუთრეს რჩება, ისევე როგორც შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – სამშენებლო მასალები. შენობები შეფასდება ამორტიზაციის გაუთვალისწინებლად და იმის მიხედვით, თუ რა დაჯდება დღეს ანალოგიური შენობის აგება მუშახელის ჩათვლით.
ბიზნესი კომპენსირდება საწარმოს მუშაკთა ხელფასისა და მოგების მიხედვით, რაც წინა წლის საგადასახადო დოკუმენტაციით დაითვლება.
გარდა ამისა, კომპენსაციები გაიცემა გზის მშენებლობის ზემოქმედების სიმძაფრის მიხედვით და ადგილმონაცვლეობის გამო. მოსახლე თუ საცხოვრებელ ადგილს იცვლის, მას ახლის მოძებნამდე სამი თვის მანძილზე ქირას გადაუხდიან, ასევე დაეხმარებიან საკუთრებაში არსებული ნივთების გადატანაში.
აზომვა-ინვენტარიზაციის პროცესში მესაკუთრესთან ერთად აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ყოფნა და შესაბამის დოკუმენტზე მათი ხელმოწერა. აღიწერება და კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ ქონებაზე, რაც მესაკუთრეს აღწერის დაწყების მომენტში აქვს.
შესაბამისი საკომპენსაციო თანხა მესაკუთრეს პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე მიიჩნევს, რომ დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე ორზოლიანი გზის გავლა ძალიან რთული იქნება. გამგებელი გეგმავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ამ საკითხს ცალკე განიხილავს.
გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე აუცილებლად მიიჩნევს, რომ გზის მშენებლობის დაწყებამდე ექსპრეტიზამ ახლოსმდებარე სახლებისა და შენობა-ნაგებობების მდგომარეობა შეამოწმოს.
საღანძილის მოსახლეობამ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ახალი რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის არეალში, ე. წ. „წითელ ზოლში“ მოხვედრილ ქონებას ვერ ირეგისტრირებენ. ეს ქონება, ამავდროულად, საავტომობილო გზის მშენებლობის არეალშიც ხვდება.
განსახლების სპეციალისტ იოსებ გოგოძის განმარტებით, თუ მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი აქვს, მესაკუთრე წაგებული არ დარჩება და მას საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანხას აუნაზღაურებს.
განსახლების დეტალური გეგმა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის მომზადდება და მას ხარაგაულში მოსახლეობასთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავენ.
ნინო კაპანაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.