ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჯამბულ გამცემლიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
„ლექსო, საიდან მოდიხარ,“ – ასე ეწოდება კრებულს, რომელშიც ლექსები და პროზაული ნაწარმოებებია შესული.
ღონისძიებას ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დირექტორი იზა ვეფხვაძე უძღვებოდა. მან დამსწრეთ ჯამბულ გამცემლიძის ცხოვრებისა და საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალები გააცნო.
„ძალიან კარგია, რომ წლების განმავლობაში შექნილი ლექსები, ჩანახატები და სხარტულები კრებულის სახით გამოიცა, – აღნიშნა იზა ვეფხვაძემ, – ჯამბულ გამცემლიძის შემოქმედება ნასაზრდოებია მშობლიური სოფლის, ლეღვნის, სამშობლოს, ხალხის სიყვარულით. ლექსებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პირველ სიყვარულს და იმ დიდ სევდას, რომელსაც ბატონი ჯამბული შვილის, გიორგი გამცემლიძის, ვერაგული მკვლელობის შემდეგ ატარებს.“
ჯამბულ გამცემლიძის ბავშვობა და ლეღვნის სკოლაში მისი მოწაფეობა ლეღვნის საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა ჯემსი ვეფხვაძემ გაიხსენა.
ლექსები და პროზაული ნაწარმოებები შეაფასეს ხარაგულელმა პოეტმა ვალერი გოგნაძემ, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მერი გიორგიძემ, ჯამბულ გამცემლიძის მეგობარმა თემურ ბლუაშვილმა.
„ჯამბულ გამცემლიძის ლექსების მოტივი ხალხურია, – ასე აფასებს ვალერი გოგნაძე პირველ კრებულში შესულ ნაწარმოებებს. ეს არის ძალიან გულწრფელი, ხალასი ლექსები. არც ერთი ლექსი არ არის დათარიღებული, მაგრამ იგრძნობა, რომელი დაწერა მან ახალგაზრდობისას და რომელი – ბოლო პერიოდში. იქ, სადაც ფესვები ხალხურია, წიგნიც სასიამოვნოდ იკითხება.“
ჯამბულ გამცემლიძე საზოგადოება „გადაარჩინე სიცოცხლეს“ გამგეობის წევრი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია.
„პირდაპირი, მებრძოლი, სულიერად ძლიერი, ვაჟკაცური, იუმორით სავსე ქართველი,“ – ასე დაახასიათეს კოლეგა საკრებულოს წევრმა დავით კიკნაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ.
„თუ რამ კარგია ჩემში, ეს ლეღვანში ცხოვრების, ჩემი თანასოფლელების, თანატოლების, მეგობრების, გამზრდელი ბაბუას დამსახურებაა, – აღნიშნა ჯამბულ გამცემლიძემ წიგნის პრეზენტაციაზე, – 50 წელია თბილისში ვცხოვრობ და თბილისზე სიზმარი არ მინახავს, სულ ლეღვნის ჭალები მესიზმრება. ვერც იმერულ კილოს გადავეჩვიე. ლექსი ეს არის რითმაში აწყობილი აზრის გადმოცემა, ჩაღიღინება, ლექსი უნდა ღიღინებდეს. ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა – მთავარია სიყვარული.“
წიგნის რედაქტორი, პოეტი მზეო გოგოჭური ჯამბულ გამცემლიძის ლექსებს იმ მოულოდნელ საჩუქრებს ამსგავსებს, რომლებსაც არ ველოდებით და ჩუმად მოგვიძღვნიან, ჩვენ კი გაკვირვების სიხარული აღმოგვხდება.
ლაღი პოეზიისა და შემოქმედების მოყვარულთათვის ჯამბულ გამცემლიძის წიგნი სწორედ რომ სასიამოვნო საჩუქარია.
ნინო კაპანაძე
გთავაზობთ ერთ ლექსს ჯამბულ გამცემლიძის კრებულიდან.
ჩემს სოფელს…
მოდით დ ნახეთ ედემის ბაღი,
მყისვე სიტყვები აგელექსება,
ეს ის ბაღია, სადაც კოიტი,
ქვაზვინების მთას ეალერსება.
გაღმა-გამოღმა ჩემო ედემო,
შენ ჩემო ტყეო, ბუნაგო არჩვის,
ნისლებში ჩაფლულს როცა გიყურებ,
გული მიჩქროლავს პატარა ბავშვის.
შენ ჩემო ჯიშის კერავ, აკვანო,
მე შენ ბილიკებს ვეღარ ავცდები,
სულ მაგონდება ჩემი ბავშვობა
და ჩემი ჯილა ბერიკაცები.
სანამ ღელეში ჭახჭახებს შაშვი
და თავში დაჰქრის ყრმობის ფიქრები,
მე ლექსის წერას როგორ მოგაკლებ,
სანამ ვიცოცხლებ, სანამ ვიქნები…
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.