ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 ივნისის სხდომაზე დეპუტატებმა ბევრი იდავეს იმაზე, თუ რამდენად მართებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პროექტის განხორციელება.
პროექტისთვის საჭირო თანხა – 5 800 ლარი – სოფლის მეურნეობის დაფინანსების ხარჯებიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადაეცა.
ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობის ღირებულება 3 ათასი ლარია. დანარჩენი თანხა ამ მიმართულებით სპეციალისტის გადამზადებას მოხმარდება.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე დაინტერესდა, რატომ იგეგმება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აღრიცხული 14 ათასი პირუტყვიდან მხოლოდ ოცის ხელოვნური განაყოფიერება.
დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“ დებულებაში მსგავსი საქმიანობის შესრულება არ უწერია.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ბრძანებით დაავალა „პირუტყვთა ხელოვნური განაყოფიერების“ პროგრამის განხორციელება, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – გამაგებინეთ, სად საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სად პირუტყვის ხელოვნური განაყოფირება?!“
დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ პროგრამა ეფექტური იქნება, თუმცა, თორნიკე ავალიშვილის მსგავსად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წესდებაში ცვლილებას ითხოვს. მისივე თქმით, შეიძლებოდა ხელშეკრულება შერჩეულ ვეტერინართან გაფორმებულიყო.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულებაში წერია, რომ მას მუნიციპალური პროგრამების განხორციელების უფლება აქვს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერება მუნიციპალური პროგრამა არ არის. უცნაურია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების პროგრამა განახორციელოს. საზოგადოება სხვა არის, ცხოველი – სხვა.“
დეპუტატი კობა გოგსაძე პროგრამის წარმატებით განხორციელებას ეჭვის ქვეშ აყენებს, რადგან მისივე თქმით, ხარაგაულის საკრებულოსგან მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობის სხვა პროგრამები კრახით დასრულდა. ამის მაგალითად მან ხარაგაულში ბიორაგისა და სხვადასხვა ხეხილის ნერგების შემოტანის პროგრამა დაასახელა, რომლის შედეგიც მოსახლეობამ ვერ მიიღო. კობა გოგსაძის თქმით, პროგრამაში არ არის დათვლილი რისკები. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებას მამაპაპური წესით გამრავლება სჯობს.
პროგრამის ეფექტიანობაში ეჭვი არ ეპარება დეპუტატ ომარ გაგოშიძეს. მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ ამ პროგრამის განსახორციელებლად მომსახურებას მუნიციპალიტეტი ტენდერით შეისყიდდა.
პირუტყვთა ხელოვნური განაყოფირების პროგრამა ხარაგაულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ინიციატივით ხორციელდება. ამ სამსახურის უფროსი ბონდო კიკნაველიძე განმარტავს, რომ რადგან პროგრამა ახლა ინერგება, პირველ ეტაპზე ხელოვნურ განაყოფიერებას ოც პირუტყვს ჩაუტარებენ.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, კი თანხა ვეტერინარს მხოლოდ შესრულებული სამუშაოს შესრულების შემდეგ ჩაერიცხება.
ხარაგაულის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ პროგრამის – „პირუტყვთა ხელოვნური განაყოფიერება“ განსახორციელებლად განსაზღვრული თანხის ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.
ნინო კაპანაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.