ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 2017 წლის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 160 ათასი ლარით შემცირდა. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში, თანამშრომელთა ხელფასებზე აისახა. 10%-ით შემცირდა აღმზრდელებისა და აღმზრდელთა თანაშემწეების ხელფასები, 40%-მდე – ადმინისტრაციაში დასაქმებულების.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის 2017 წელი მძიმედ დაიწყო, – ამბობს გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ის პრივილეგიები, რითაც გასულ წლებში თავს ვიწონებდით, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, სამწუხაროდ, აღარ გვაქვს. შემცირებული ბიუჯეტით ახალი ვალდებულებები უნდა აგვეღო, – ხევის საბავშვო ბაღში ახალი ჯგუფის დამატება, ღორეშასა და წიფაში ახალი საბავშვო ბაღების გახსნა.
ბუნებრივია, ხელფასების კლებამ თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია. რთულად გასაგებია, – თუ გუშინ შესაძლებელი იყო იგივე ხელისუფლების პირობებში მაღალი ხელფასები, დღეს რამ გამოიწვია კლება?!“
მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, წლის დასაწყისში არსებული ბიუჯეტით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 17 თანამშრომლის (ახლადგახსნილი ბაღების დარაჯებისა და დამლაგებლების) შენარჩუნების საკითხი. თუმცა, გამგეობასა და საკრებულოსთან შეთანხმებით, მათთან გაფორმდა სამთვიანი ხელშეკრულებები იმ იმედით, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტში მათი ხელფასებისთვის საჭირო თანხა (21 ათასი ლარი), მოიძებნებოდა. მათი ხელფასები ამჟამად გაერთიანების ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან გაიცემა. მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ დაფინანსების გაზრდას გამგეობიდან ყოველდღე ჰპირდებიან და ყურადღებას გაერთიანებაში წარმოქმნილ პრობლემებზე ამახვილებს. მისი ინფორმაციით, ზოგან სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები დაზიანდა, ზოგან – წყლის გამაცხელებელი, მაცივარი, სარეცხი მანქანა.
„ხუნევის საბავშვო ბაღში ცხელ ამინდებში წყლის მიწოდების პრობლემაა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ბაღი წყალს სოფლის წყალსადენიდან იღებს. გამგებლის წარმომადგენლისგან ვიცი, რომ 400 მეტრამდე მილი და ცალკე ავზია საჭირო. წყლის პრობლემაა ზოგჯერ ღორეშის საბავშვო ბაღშიც. ავზი გვაქვს, მაგრამ მშენებელმა არ დაამონტაჟა.
წყლის, კანალიზაციისა და ელექტროენერგიის პრობლემებია ვახანის საბავშვო ბაღში. ვახანში ელექტროგაყვანილობის დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა და სპეციალისტის ჩარევა სჭირდება. კანალიზაციის პრობლემაა ბორითის საბავშვო ბაღში. გასულ პარასკევს ხუნევის საბავშვო ბაღში მაცივარი გაფუჭდა, ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში – ხორცსაკეპი მანქანა. ოპერატიულად ვიმოქმედეთ პრობლემების მოსაგვარებლად, – „ნისიად“ შევაკეთეთ მაცივარი და ასევე „ნისიად“ წამოვიღეთ მაღაზიიდან ხორცსაკეპი მანქანა. მაცივრის შეკეთებისა და ხორცსაკეპი მანქანის შესაძენი თანხა გასასტუმრებელია.
ამ წლის დასაწყისში ყველა საბავშვო ბაღში გამოიცვალა გაზის ბალონები. ექვსი თვე გავიდა და მომწოდებელს თანხა ჯერ ვერ გავუსტუმრეთ. რამდენიმე ახალგახსნილ შენობაში სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის გეგმის კუთხის მოწყობაა საჭირო. ყველა საბავშვო ბაღში ასაწყობია პიანინო. ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის შენობა ამორტიზირებულია. წელს ახალი შენობის პროექტირება უნდა დაიწყოს.
ზოგ პრობლემას საბავშვო ბაღების გამგეები და თანამშრომლები თავად, საკუთარი ძალებით, აგვარებენ. მნიშვნელოვანია გამგებლის წარმომადგენლებისა და მშობლების თანადგომა.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებელად 7 ათასი ლარი გვჭირდება. 58 ათასი ლარია საჭირო წლის ბოლომდე იმისთვის, რომ გასულ წელთან შედარებით ხელფასების კლება 10%-ზე მეტი არ იყოს.“
2017 წელს საკანცელარიო ნივთების შესაძენად ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას 1 500 ლარი აქვს განსაზღვრული. „ვერ გავიზიარებ საბავშვო ბაღების ვერც ერთი პედაგოგისა და გამგის ნათქვამს, რომ აღსაზრდელებს ამ კუთხით რამე აკლიათ,- ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – დეპუტატმა ჯამბულ გამცემლიძემ საკრებულოს სხდომაზე არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ლეღვნის საბავშვო ბაღში საკანცელარიო ნივთების ნაკლებობაზე. ამ ბაღში მართლა ბევრი რამ გამოვიდა მწყობრიდან – სარეცხი მანქანა, წყლის გამაცხელებელი, საკანალიზაციო სისტემა. ლეღვნის საბავშვო ბაღის პრობლემების მოგვარებაში გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე ჩაერთო და ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდა. დეპუტატები რომ აქტიურობენ, კარგია, მაგრამ ამ ყველაფერს მეტი დაფინანსება, საკრებულოსა და გამგეობის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება.“
მამუკა ჭიპაშვილი გეგმავს, რომ ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესს ყურადღება მიაქციოს, რადგან „გასულ წლებში ახალაშენებულ შენობებში არაერთი ხარვეზია. მაგალითად, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში არ იყო საფარდეები და ჩვენ გავაკეთეთ. ღორეშასა და წიფაში შეშის ღუმელების მილებისთვის კედლების გამონგრევა მოგვიწევს. “
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ გაერთიანების ადმინისტრაციაში „გაბერილი“ შტატებია. ქეთევან ზუმბაძის თქმით, არ არის საჭირო მეთეთრეულე, რომელსაც დარეცხილ-დაუთოებული თეთრეული ერთი ოთახიდან მეორეში გააქვს.
„მეთეთრეულეს ხელფასი, შარშანდელთან შედარებით, 70 ლარით შეუმცირდა, – ამბობს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, – როდესაც გავარკვიე მისი ფუნქციები, აღმოჩნდა, რომ ის სასკოლო მზაობის ჯგუფშიც შედიოდა აღმზრდელის თანაშემწედ. ამ ჯგუფს თავისი სპეციფიკა აქვს, – მასწავლებლებთან ერთად იქ მშობლები უნდა მორიგეობდნენ. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფში აღსაზრდელებთან მუშაობის სურვილი არც ერთმა მშობელმა არ გამოთქვა. ამიტომ იქ აღმზრდელის თანაშემწედ მეთეთრეულის შტატზე მომუშავე თანამშრომელი ჩაერთო.“
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების წინაშე არსებულ პრობლემებს ერთი პრობლემა დაემატა, – ზვარეში, მეწყერული პროცესების გამო, საბავშვო ბაღში სწავლა, ერთი თვეა, შეჩერებულია. მეწყერის გამო სასმელი წყლის სათავე ნაგებობა მილებიანად განადგურდა. წყლის სათავე ხელახლაა მოსაძიებელი. ზვარეს საბავშვო ბაღში სწავლება მანამ არ აღდგება, სანამ სპეციალისტებისგან უსაფრთხოების მყარ გარანტიას არ მივიღებთ.
მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღების პრობლემები კარგად იციან. ის იმედოვნებს, რომ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება წლის მანძილზე დამატებით დაფინანსებას ეტაპობრივად მიიღებს.
ნინო კაპანაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.