biuroხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე ესწრებოდნენ, განიხილეს საკრებულოს რიგგარეშე, 27 დეკემბერს დაგეგმილი, სხდომის დღის წესრიგი.

ბიუროს სხდომაზე ასევე დაამტკიცეს საკრებულოს 2014 წლის 6 იანვრის სხდომის საკითხთა ნუსხა; მოისმინეს ა(ა)იპ „რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის“ ანგარიში; იმსჯელეს მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტისთვის საინფორმაციო მომსახურების თაობაზე.

დეპუტატ ნოდარ ებანოიძის თქმით, მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ გაზეთი „ახალი ხარაგაულის“ დაფინანსება უკანონოა, რადგან მუნიციპალიტეტს არ აქვს კომერციული საქმიანობის უფლება.მანვე აღნიშნა, რომ უმჯობესია გამოცხადდეს ტენდერი საინფორმაციო მომსახურებაზე.

მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის თქმით, შესაძლებელია მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გამოუშვას ბიულეტენი, რომელიც იქნება მხოლოდ საინფორმაციო და არა ანალიტიკური ან სარეკლამო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ საინფორმაციო მომსახურების საკითხს საკრებულო 2014 წლის პირველივე სხდომაზე განიხილავს.

ამ საკითხზე მსჯელობა კიდევ ერთხელ დაევალა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

თამთა გოგოლაძე