ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი კოოპერატივის „მეღვინეობა კიცხი“ დამფუძნებელი ჰამლეტ ბერაძე საქართველოს ფერმერთა მესამე კონგრესში, ქვეყნის ცხრა რეგიონიდან შერჩეულ 140 ფერმერთან ერთად, მონაწილეობდა.

საქართველოს ფერმერთა კონგრესი პროექტის -„ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ – ფარგლებში, ოქსფამისა და მისი პარტნიორი ორგნიზაცია „ელკანას“ ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კონგრესში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კოოპერატივების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი ნუნუ მოსიაშვილი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ თავმჯდომარე ელენე ჯორჯაძე და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე მონაწილეობდნენ.

„კონგრესზე სოფლის მეურნეობის დარგში დღეისათვის აქტუალური თითქმის ყველა პრობლემა განვიხილეთ, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა და მცირე მეურნეებმა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ბარიერების დაძლევაში დახმარება ვითხოვეთ.

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას ვაწარმოებთ. ამას კი შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურება სჭირდება, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სერტიფიკატისთვის საჭირო კვლევების თანადაფინანსებას და ბანკებთან ურთიერთობების გასამარტივებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაგვპირდა. ბანკი ფერმერებისგან მრავალწლიან საკრედიტო ისტორიას ითხოვს. კოოპერატივებსა და ბანკებს შორის ურთიერთობა უნდა გამარტივდეს და ურთიერთნდობა გაიზარდოს.

მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის განვითარება, რასაც დღეს საქართველოში ნაკლებად მიმართავენ. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების მოგვარებას.“

ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, კოოპერატივი „მეღვინეობა კიცხი“ ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა „ენპარდის“ მეორე ეტაპში ჩაერთო. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კოოპერატივი სპირტის გამოსახდელ ქვაბსა და ღვინის დასაძველებლად საჭირო ჭურჭელს შეიძენს.

ნინო კაპანაძე