ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, ჭენჭეხის უბანში მცხოვრები ბიგენტი გველესიანი, ერთი თვეა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულში შესვლას ვეღარ ახერხებს. ამის მიზეზი მეწყერია, რომელიც მაისის დასაწისში ზვარეში, ახალი რკინიგზის მშენებლობის ადგილზე განვითარდა.
მის მსგავსად დამუშავებული ყანის გათოხვნას ვერ ახერხებს გიორგი გოგოლაძე. ასევე დაიმეწყრა ტარიელ მანჩხაშვილის, ნესტორი გოცირიძის, შალვა მაჭავარიანის, გელა სამხარაძის, ნანო გოგოლაძის, ნოდარ გოგნაძის, ეთერი ტალახაძისა და თამაზ ენუქიძის ნაკვეთები.
„ჩვენს ყანებში ვეღარ შევდივართ, – წუხს ზვარელი შალვა მაჭავარიანი, – მიწაზე ორიდან შვიდ მეტრამდე სიღრმის ნაპრალები და ორმოებია. საშინელი სანახავია. მინდორზე აღარაფერს ვამბობ, ტყის მასივია წამოსული. თუ რკინიგზის მშენებლობა ისევ ამ მთის გავლით გაგრძელდა, კიდევ ორ უბანს უარესი საფრთხე ემუქრება.“
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემით „რეალური სივრცე“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილის მიერ მომზადებული დასკვნა გავრცელდა:
„მეწყერული სხეულის ჩასახვა-გააქტიურების მიზეზი ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად არასწორად წარმოებული სამშენებლო სამუშაოებია. მეწყერული ფერდობის ძირსა და მდინარე ზვარულას მარჯვენა ნაპირს შორის რკინიგზის ვაკისის მოწყობის მიზნით ფერდობები არამართლზომიერად არის დამუშავებული. მოწყობილია და მოწყობის პროცესშია ორი მაღალი საფეხური თითქმის ვერტიკალური კედლებით.
არსებობს საშიშროება, რომ მეწყერული სხეულის აქტიურ დინამიკაში მოსვლის შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს მდინარე ზვარულას კალაპოტის გადაკეტვას და ხელოვნური წყალსაცავის შექმნას თავისი უარყოფითი შედეგებით. მდინარე ზვარულას ჭალის ტერასებზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლები,“ – ნათქვამია გეოლოგიურ დასკვნაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ბერიკა ტალახაძე ამბობს, რომ ზვარეში „საქართველოს რკინიგზას“ წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი გეოლოგები სისტემატურად ჩამოდიან და მდგომარეობას სწავლობენ.
„სიტუაცია იგივეა, რაც ერთი თვის წინ, – მეწყერი ნელ-ნელა, სანტიმეტრობით იმატებს, – ამბობს ბერიკა ტალახაძე, – საბავშვო ბაღში სწავლება ისევ შეწყვეტილია.“
„საქართველოს რკინიგზას“ წარმომადგენელის, სოფო ხიდაშელის ინფორმაციით, დამეწყრილი ადგილის დეტალური გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს.
ავსტრიული კომპანიის წარმონადგენლი სტივ მორანი ამბობს, რომ სიტუაციას აკვირდებიან და გეოლოგიურ რუკას ადგენენ. მისივე თქმით, მათ რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს.
„შევქმნით ჭაბურღილებს, რომ ზუსტად დავადგინოთ მეწყერის მდგომარეობა და მისი დინამიკა, – ამბობს სტივ მორანი, – მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის სამოქმედო გეგმა უნდა შევიმუშაოთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეწყერი შევაჩეროთ და ზვარელების ცხოვრება უსაფრთხო იყოს.“
ზვარეში, ჭენჭეხის უბანში მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან, „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებისგან და გეოლოგებისგან მეტ კომუნიკაციას და დაწვრილებით ინფორმაციას ითხოვს.
ნინო კაპანაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.