ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ეროვნული პარკის დირექტორი ლევან თაბუნიძე და ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე შეხვდნენ.
შეხვედრა 31 მაისს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში გაიმართა და ეროვნული პარკის საძოვრებზე განსახორციელებელ ახალ პროექტს მიეძღვნა.
პროექტი, რომელსაც ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ განახორციელებს, ალპურ საძოვრებზე მწყემსების ბინასთან ელექტროღობეებისა და ჰელიონათურების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
„ელექტროღობეებისა და ჰელიონათურების დამონტაჟება მტაცებელი ცხოველებისგან გამოწვეულ ზარალს შეამცირებს, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ამით უსაფრთხო გახდება მწყემსების საქმიანობაც. ვფიქრობთ, რომ ამაღლდება გარემოსდაცვითი ცნობიერება და პრობლემების გადასაჭრელად გაღრმავდება დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შორის.“
შეხვედრაზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან თაბუნიძემ აღნიშნა, რომ ელექტროღობეები და ჰელიონათურები წელიწადნახევრის წინ თუშეთის ეროვნული პარკის საძოვრებზე დამონტაჟდა და მწყემსები კმაყოფილები არიან.
„ყველამ იცით, რომ არ შეიძლება ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იარაღით გადაადგილება, – მიმართა შეკრებილ მოქალაქეებს ლევან თაბუნიძემ, – მტაცებელი ცხოველებისგან ზარალდებით. ეს პროექტი ზიანს შეამცირებს, პირუტყვი უფრო დაცული იქნება. თოფი უნდა ჩაანაცვლოს ელექტროღობეებმა.“
ახალსოფელში მცხოვრებმა ბეჟან ჭიპაშვილმა ისაუბრა, რომ თითქმის ყოველდღე მის პირუტყვს მგელი იტაცებს. „სოფელში გარეული მხეცების თავდასხმა გახშირდა და პირუტყვის დაცვას ვერ ვახერხებთ. რა ღობე უშველის მგელს, როცა სახლში, სოფელში გვჭამს. ჯერ აქ დაგვიცავით, სანამ პირუტყვს მთაში წავიყვანთ,“ – გულისტკივილით აღნიშნა შეხვედრაზე ბეჟან ჭიპაშვილმა.
ფარცხნალში მცხოვრები გიორგი ხარაძე მიიჩნევს, რომ გარეული ნადირისგან თავდასაცავად დღეს ხელისუფლებისგან შემოთავაზებული ღონისძიებები არაეფექტურია. მისი თქმით, მგლების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ამიტომ კარგი იქნება, თუ მწყემსებს საძოვრებზე ისევ იარაღის ტარების უფლებას მისცემენ თავდაცვისთვის და არა სანადიროდ. ამის გაკონტროლება კი შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ.
„გაგვაგებინეთ, ადამიანია პრიორიტეტი თუ მგელი?! – კითხულობს გიორგი ხარაძე, – ოთხი წლის ნალოლიავებ პირუტყს რომ აიყვან საძოვარზე და მგელი შეგიჭამს, როგორ ხასიათზე დადგები.“
ტრადიციული გამოყენების ზონაში მიწის საკუთრების საკითხით დაინტერესდა ფარცხნალში გამგებლის წარმომადგენელი ნიკოლოზ ბირკაძე. მოსახლეობისთვის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ათასობით მოთხრილი ხის მოსახლეობისთვის გადაცემა მოითხოვა ვახანში მცხოვრებმა ვეფხვია ღონღაძემ. დაშვებულია თუ არა ტრადიციული გამოყენების ზონაში მეფუტკრეობა და ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, – ამ თემით დაინტერესდა ისლარში მცხოვრები ლევან ტაბატაძე.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი ლევან თაბუნიძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 12-დან 17 ივნისამდე ხარაგაულში ჩამოვა და ეროვნულ პარკთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოსახლეობასთან ერთად განიხილავს.
ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ახალ პროექტს გაეროს განვითარების ფონდის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტი 50%-იანი თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. თანადაფინანსებად განსაზღვრულია შრომითი რესურსი ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თემის მხრიდან.
ალპურ საძოვრებზე ელექტროღობეებისა და ჰელიონათურების დამონტაჟებისას სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა იმუშაოს. ორი წლის შემდეგ აპარატურა თემს გადაეცემა. მათი დასამონტაჟებელი ადგილი მოსახლეობასთან კონსულტაციით შეირჩევა.
„თავად თემი უნდა იყოს მოტივირებული, რომ ამ ინოვაციას მხარი დაუჭიროს, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ამის გარეშე შედეგს ვერ მივიღებთ. გვსურს, რომ პროექტი მოსახლეობამ გაითავისოს. პრიორიტეტი მიენიჭება იმ მწყემსების ბინებს, რომელთაც მაღალი მოტივაცია ექნებათ და საქონლის სულადობა – მეტი.“
ელექტროღობეებსა და ჰელიონათურებს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შპს „მზის სახლის“ სპეციალისტები დაამონტაჟებენ. ამ ორგანიზაციის დირექტორის, კოტე კობახიძის ინფორმაციით, ელექტროღობეები შოკის მომგვრელია და არა მომაკვდინებელი. ტექნიკური დეტალების გასაცნობად „მზის სახლის“ წარმომადგენლები მწყემსებს ხარაგაულში უახლოეს ხანში შეხვდებიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პროექტის მიმართ სკეპტიკურად არ განეწყონ.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ამ პროექტის ფარგლებში, ელექტროღობეები და ჰელიონათურები ხარაგაულის საძოვრების გარდა ადიგენში, ბორჯომში, ბაღდათსა და ახალციხეში დამონტაჟდება.
ნინო კაპანაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.