რომელი სამშენებლო კომპანია ააშენებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში საბავშვო ბაღს, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ გარკვეულა.

მშენებლის გამოვლენის პროცესი თვენახევარია ჭიანურდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ტენდერში მონაწილე მშენებელი კომპანიის შერჩევის ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიამ შპს „მარეთი 777“-ს ტექნიკური დოკუმენტაცია დაუწუნა და დისკვალიფიკაცია მისცა.

შპს „მარეთი 777“-ის დირექტორმა უშანგი ფუტკარაძემ ეს გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა. მისი მოთხოვნა სააგენტომ დააკმაყოფილა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების განყოფილების უფროსის, ზურაბ იჩქიტიძის ინფორმაციით, სატენდერო კომისიამ შპს „მარეთი 777“-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გასულ კვირაში განმეორებით განიხილა.

„კომპანიის ხელმძღვანელმა ფასების ცხრილი და ხარჯთაღრიცხვა ისევ ვერ წარმოგვიდგინა, – ამბობს ზურაბ იჩქიტიძე, – ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიის, შპს TU-KA-ს, ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ კვირაში აუცილებლად განვიხილავთ. ჩვენთვის მთავარია, რომ საბავშვო ბაღი დროულად აშენდეს და სამუშაო ხარისხიანად შესრულდეს.

შპს „მარეთი 777“-ის დირექტორი უშანგი ფუტკარაძე ამბობს, რომ ფასთა წარმოქმნის ცხრილში ელემენტარული შეცდომა დაუშვა და ამიტომ განმეორებით დისკვალიფიკაცია მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი 200 764 ლარზე გამოცხადდა. მშენებელმა ორგანიზაციამ შპს „მარეთი 777“ ტენდერში 167 777 ლარი დააფიქსირა, შპს TU-KA-მ – 174 444 ლარი.

ნადაბურში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. რამდენიმე თვეა, სოფელში ა/ო „კივიტას გეორგიკას“ პროექტის ფარგლებში სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს. მათი მშობლები საბავშვო ბაღის აგებას ელიან.

ფოტოზე: ნადაბურის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები