ხარაგაულში დაახლოებით 14 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია. წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბრუცელოზზე პირუტყვის გამოკვლევა დაიწყო. ხარაგაულში გამოკვლეული 3 ათასი სული პირუტყვიდან ბრუცელოზის შემთხვევა არც ერთ მათგანში არ დაფიქსირებულა. ბრუცელოზზე უკვე აცრილია 175 სული პირუტყვი. გამოკვლევები გრძელდება.
ბრუცელოზი ძლიერ საშიში ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა. ცნობილია მისი აღმძვრელის 6 სახე. თითოეული მათგანი არის ბრუცელოზის გამომწვევი სხვადასხვა სახეობის ცხოველში.
ბრუცელოზით ავადდება ყველა სახის ცხოველი, ასევე ადამიანი. დაავადების ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-4 კვირა. თუ ამთვისებელ სულადობაში არ იმყოფება მაკე პირუტყვი, მაშინ დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ხოლო ყველა სახის მაკე პირუტყვში ბრუცელოზი მიმდინარეობს აბორტებით მაკეობის მეორე ნახევარში: ძროხებში – მე-5-8 თვეზე, ცხვარსა და თხაში – მე-3-5 თვეზე, ხოლო ღორებში აბორტი შეიძლება განვითარდეს მაკეობის როგორც პირველ, ისე მეორე ნახევარში. აბორტი მიმდინარეობს მომყოლის შეჩერებით, ენდომეტრიტებით.
ავადმყოფი ცხოველი მიკრობს გამოყოფს მოგდებულ ნაყოფთან, სანაყოფე გარსებთან, სანაყოფე სითხეებთან, შარდთან, რძესთან და სხვა გამონაყოფებთან ერთად. მათი მეშვეობით ინფიცირდება საკვები, წყალი, სადგომი, მოვლის საგნები და სხვა, ამიტომ პირუტყვის მეპატრონეებმა დაავადებული საქონლის მოშორებამდე და შემდეგაც უნდა დაიცვან ვეტ-სანიტარული წესებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
კერძოდ, ცხოველთა ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო კერაში, ვიდრე არ მიიღწევა დაავადებულთა გამოვლინების შეწყვეტა და არ მოხდება გარემოს სანაცია (გაჯანსაღება), ბრუცელების მოსპობა, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ დაავადდეს ადამიანი. ამის მისაღწევად აუცილებელია პირუტყვის მოვლის დროს ცხოველთა სადგომებში საქმიანობისას პირადი ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვა. დაუშვებელია ასეთ ადგილებში საკვების მიღება, სიგარეტის მოწევა. უმნიშვნელოვანესია ხელების სისუფთავე.
სამუშაოები უნდა ტარდებოდეს სპეციალურად გამოყოფილი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. ასე ჩაცმული კი არ უნდა შევიდეთ საცხოვრებელ ადგილას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ბავშვებთან კონტაქტის დროს. ყველა ეს წესი დაცული უნდა იყოს მშობიარობის დროს დახმარებისას. მით უმეტეს, თუ იყო გართულებული მშობიარობა, აბორტი, მომყოლის შეჩერებით.
ნებისმიერი ადგილი, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა, ანდა დაიკლა სათანადო სანაციის გარეშე, ითვლება დაავადების კერად. აუცილებლად უნდა მოხდეს დაავადებული პირუტყვის ლიკვიდაცია ვეტერინარული ზედამხედველობით.
ადამიანებში ბრუცელოზს ახასიათებს ცხელება, ტემპერატურა აღწევს 40-41 გრადუსს, შეიძლება ეს გაგრძელდეს 7-10 დღე. აღინიშნება ადინამია, უძილობა, გაღიზიანებადობა, ბოდვა, ტაქიკარდია, ხუთვა, აირების დაგროვება ნაწლავებში, ძლიერი ოფლიანობა და ფაღარათიც კი (მწვავე ფორმა). ბრუცელოზს ახასიათებს ცალკეული კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ქვემწვავე ფორმა), ნევროზები.
დაავადების ლიკვიდაციისათვის აუცილებელია სისტემატიური, მიზანმიმართული და ქმედითი ღონისძიებების გატარება. პირველ რიგში, ცხოველთა სრულმასშტაბიანი და სრულყოფილი გამოკვლევები. ცხოველთა ადგილმონაცვლეობა (ყიდვა-გაყიდვა და სხვა გარიგებები) უნდა ხდებოდეს ვეტერინარული კონტროლით. დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოველთა ვაქცინაცია (იმუნოპროფილაქტიკა).
საერთოდ, ფინანსური რესურსების და ბრუცელოზის კონტროლის სტრატეგიის არარსებობამ შეაფერხა დაავადების აღმოფხვრის განხორციელების შესაძლებლობა. დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სათანადო სისტემის ჩამოყალიბების დაწყება, რაც საკმაოდ რთული, მაგრამ აუცილებელია.
ამჟამად დაავადების საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს აქვს საკუთარი სტრატეგია, რაც გულისხმობს მთლიანი სულადობის გამოკვლევას და შემდეგ კი ჯანმრთელი პირუტყვის ვაქცინაციას. აღნიშნული კუთხით სამუშაოები დაწყებულია ჩვენს მუნიციპალიტეტშიც და მოსახლეობამ შეტყობინების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს პირუტყვის გამოყვანა.
ბრუცელოზით მიყენებული ზიანი ეკონომიურ ფარგლებს სცილდება და სოციალურ სფეროში გადადის – იგი ცხოველებიდან ადამიანებზე ვრცელდება და მძიმე ფორმებში მიმდინარეობს. ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლას როგორც ეკონომიური, ისე სოციალური მნიშვნელობა აქვს.
ნათია ბერაძე
ვეტერინარი ექიმი,
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.