ხარაგაულში მცხოვრები სამი შვილის დედა მარინე გოგია ამბობს, რომ ხარაგაულში სპორტული ცხოვრება უყურადღებოდაა დარჩენილი. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველი ლიგის საფეხბურთო გუნდის ნაცვლად, უმჯობესია თანხა სხვადასხვა სპორტულ სექციებზე დახარჯოს. „არც ისე წარმატებული გუნდია, როგორც ვიცი. ხარაგაულში ჭადრაკის წრე არ ფუნქციონირებს. ძალიან მინდა შვილები სპორტულ წრეებზე მივიყვანო, მაგრამ, მგონი ახლა ჭიდაობის სექციაც გაუქმებულია,“ – ამბობს მარინე.
გასულ კვირას საკრებულოს წევრებმა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობისას ყურადღება საფეხბურთო კლუბის, „ჩხერიმელა 2009“, დაფინანსების კანონიერებაზე გაამახვილეს.
„მე ვეღარ დავუჭერ მხარს ბიუჯეტის ამ პროექტს, – აღნიშნა განხილვისას საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა, – ჩატარდეს სახელობითი და მუხლობრივი კენჭისყრა. ერთი წელია, აუდიტის დასკვნა წინ გვიდევს, სადაც რეკომენდაციებია მოცემული გაზეთ „ახალი ხარაგაულის“, საფეხბურთო კლუბისა და „კეთილმოწყობის“ საქმიანობასთან დაკავშირებით. მე უნდა წარვდგე პარლამენტში კომისიის წინაშე და პასუხი ვაგო. სამწუხაროდ, აუდიტის რეკომენდაციებს არ ვითვალისწინებთ და იგივეს ვაკეთებთ.“
საკრებულოს წევრის, რომან შერგელაშვილის თქმით, 2009 წელს გამგეობამ შექმნა ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი – „ჩხერიმელა – 2009“. მისი ინფორმაციით, გუნდს არ აქვს ქონება და განთავსებულია სპორტული სკოლის ბაზაზე. კარგა ხანია, რაც სპორტსკოლაში ჩასახლდნენ ფეხბურთელები და შეავიწროვეს იქ მოქმედი სპორტული სექციები. მოჭიდავე მოსწავლეები ვეღარ ვარჯიშობენ. ამის გამო აღარც შედეგები აქვთ. მასწავლებლები და მოსწავლეები ლეიბებით დადიან და სადაც ადგილს ნახავენ, იქ ვარჯიშობენ. ვის ჰქონდა უფლება, ა(ა)იპ „სპორტსკოლისთვის“ წაერთმია შენობა და იქ ფეხბურთელებისთვის გაეხსნა სასადილო? ან იმ სასადილოს არ უნდა ლიცენზია, ან საკვების ხარისხის შემოწმება? ღამეს იქ ათევენ ფეხბურთელები. ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? ამიტომ არ ვაპირებ მხარდაჭერას ბიუჯეტისთვის, სანამ ეს არ მოწესრიგდება. ოთახი და ფართი აღარ არის მოსწავლეებისთვის და არაფერი კეთდება სპორტსკოლაში.“
„ვამბობთ, რომ ბიუჯეტი უნდა იყოს სოციალურად ორიენტირებული, – ამბობს დეპუტატი რუსუდან გურგენიძე, – მაინტერესებს, ფეხბურთის გუნდის დაფინანსება სოციალური საკითხია? იმ დოკუმენტაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ საფეხბურთო გუნდის ბუღალტერმა მოგვაწოდა, გამოდის, რომ გუნდის ადმინისტრაციას ვინახავთ. მათი ხელფასები ბევრად აღემატება ფეხბურთელების ხელფასებს.“
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კობა გოგსაძის თქმით, მათი მცდელობის მიუხედავად, საკრებულოს არ აქვს დოკუმენტები საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელასთან“ დაკავშირებით.
საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დოკუმენტაცია გუნდის ბუღალტერმა, როსტომ მესხმა წარუდგინა. დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ დეპუტატმა რომან შერგელაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ი სამართავად საკრებულოს 2010 წელს უნდა გადაცემოდა. „გამოდის, რომ ეს ა(ა)იპ-ი ხელახლაა შესაქმნელი. ხომ უნდა გამოსწორდეს ეს საკითხი ოდესმე? ჩვენ ფეხბურთის გუნდის ადმინისტრაციას ვაფინანსებთ და არა ფეხბურთის განვითარებას. მას შემდეგ, რაც გუნდის წევრები საცხოვრებლად გადმოვიდნენ ხარაგაულში, დენის, წყლის და სხვა კომუნალურ გადასახადებს სპორტსკოლის ადმინისტრაცია იხდის. ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა აგოს. ერთი ა(ა)იპ-ი მეორისგან იჩაგრება. ჯერ მოწესრიგდეს დოკუმენტაცია და მერე ვისაუბროთ დაფინანსებაზე.“
სპორტსკოლაში არსებულ პრობლემებს ადასტურებს დირექტორი ლევან ჭყოიძე. მისი განმარტებით, წლების მანძილზე ფეხბურთელები სახანძრო სამსახურის ყოფილ შენობაში იყვნენ დაბინავებულნი, რამდენიმე ფეხბურთელისთვის კი დაქირავებული ჰქონდათ ბინა. „მას შემდეგ, რაც ფეხბურთის გუნდი სპორტსკოლაში დაბინავდა, პრობლემები შეგვექმნა, – ამბობს ლევან ჭყოიძე, – სპორტსკოლის ადმინისტრაციის წევრები ერთ ოთახში შევიყუჟეთ. ელენერგიას, წყალს მოიხმარს გუნდი და სპორტსკოლა იხდის. როცა ეს განვაცხადე, მითხრეს, ეს თანხის ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანააო. მართალია, მე არ შევწინააღმდეგებივარ დარბაზის ნაწილის ფეხბურთის გუნდისთვის დათმობას, მაგრამ იმ პერიოდში ფეხბურთელები ხარაგაულში არ ცხოვრობდნენ.“
აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა 2009“ 2009-2012 წლებში დაფინანსებულია სუბსიდიის მუხლით 248.2 ათასი ლარის ოდენობით. საფეხბურთო კლუბს არ არის წარმოუდგენია ბიზნესგეგმები. 2009-2011 წლებში დაფინანსება ისე მოითხოვა, ა(ა)იპ-ს არ არის შეუდგენია და მუნიციპალიტეტს არ დაუმტკიცებია საშტატო განრიგი. ამ პერიოდში ა(ა)იპ-ის თანამშრომლებზე ხელფასების დარიცხვისა და გაცემის საფუძველი არ დგინდება.
2012 წელს საკრებულომ დაამტკიცა კლუბის საშტატო განრიგი, 22 შტატით. ყოველ შტატზე მითითებულია გვარი და სახელი, რაც არასწორია, რადგან საშტატო განრიგი მტკიცდება შტატების მიხედვით და არა პიროვნებების მიხედვით. 2012 წელს გაცემული ხელფასები არ ემთხვევა საშტატო განრიგით განსაზღრულ ოდენობას. მწვრთნელებზე და ტექნიკურ პერსონალზე გაცემულია საშტატო განრიგით დამტკიცებულ ხელფასებზე მეტი (6 პირზე გაცემულია 7.1 ათ. ლარით მეტი), ხოლო ფეხბურთელებზე ნაკლები ოდენობითაა გაცემული (14 ფეხბურთელზე გაცემულია 9.0 ათ. ლარით ნაკლები). დამტკიცებული საშტატო სიით განსაზღვრული ფეხბურთელების გარდა ხელფასი და პრემია გაცემულია 11 ფეხბურთელზე და ერთ მწვრთნელზე (3.7 ათ. ლარი).
ბუღალტერია არ აღრიცხავს თანამშრომლების ნამუშევარ დროს, აღნიშნულის საფუძველზე ხელფასების დასარიცხად. დარიცხვა და გაცემა მოხდენილია ხელმძღვანელობის ზეპირი შეტყობინებით, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე.
„მე რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი. გუნდის ხელმძღვანელობა ვისზეც მეტყოდა, პრემიას იმას ვუწერდი. შავად დაწერილ ფურცელს მაძლევდნენ და იმას ვაკრავდი საბუთებში. აუდიტის სამსახურსაც ის „დოკუმენტი“ მივაწოდე,“ – ამბობს საფეხბურთო გუნდის ბუღალტერი როსტომ მესხი.
გასულ წლებში მიღებული დაფინანსება, ბუღალტერის განმარტებით, მხოლოდ ხელფასებში, კვებასა და ტრანსპორტის დაქირავებაში იხარჯებოდა. არასდროს ყოფილა გათვალისწინებული საოფისე ხარჯები. „2014 წელს განსაზღვრული 100 ათ. ლარიდან 90 ათ. ლარის ხარჯის შესახებ პროექტს ამ დღეებში წარმოგიდგენთ. ვვარაუდობთ, რომ ახალი სპორტული დარბაზის მიღების შემდეგ ძველი სპორტული სკოლა დარჩება საფეხბურთო კლუბს,“ – ამბობს გუნდის ბუღალტერი.
საკრებულოს წევრთა თქმით, დარღვევაა ის, რომ გუნდის კვების თანხა 5 ათას ლარზე მეტია და ტენდერი არ არის გამოცხადებული. ბუღალტერის განმარტებით, საფეხბურთო გუნდი ხელშეკრულების საფუძველზე იძენს საკვებ პროდუქტებს ერთი მაღაზიიდან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის „ღია კარის დღეზე“ განხილვისას აღნიშნა, რომ „ახალი სპორტული დარბაზის ფუნქციონირება იქნება წარმატებული. სპორტული ინვენტარის შესაძენად ტენდერია გამოცხადებული. სპორტულ დარბაზში შეიქმნება ახალი სექციები და შეიძენენ „ტრენაჟორებს.“ ასე რომ, სპორტული დარბაზის ამოქმედება არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის იქნება სასარგებლო. თუ დღეს სპორტულ სკოლაში არსებული მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ვიზრუნოთ გამოსწორებაზე. რაც შეეხება საფეხბურთო გუნდს, მთელი რიგი მუნიციპალიტეტები იბრძვიან იმისთვის, რომ ჰყავდეთ პირველი ლიგის გუნდი. კარგი ადმინისტრირების პირობებში განვითარდება როგორც „ჩხერიმელა 2009,“ ასევე ბავშვთა ფეხბურთი.“
საკრებულოს წევრებმა ა(ა)იპ-ი საფეხბურთო კლუბის, „ჩხერიმელა-2009,“ დოკუმენტაციის სასწრაფოდ მოწესრიგება და 2014 წელს მისაღები თანხის პროგრამული აღწერილობა მოითხოვეს.
ნინო კაპანაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ