„საერთო პრინციპული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ყველა ა(ა)იპ-ის მიმართ – ან გავაერთიანოთ ერთნაირი ფუნქციის მქონე ა(ა)იპ-ები, ან შევამციროთ ზედმეტი შტატები, ან შევამციროთ ხელფასები,“ – აღნიშნა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა იური ლურსმანაშვილმა. „გაბერილი“ შტატებისა და აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესახებ საკრებულოს წევრებმა დიდხანს იმსჯელეს.
„ყველას დაარქვეს „სპეციალისტი“ და გაურკვეველია, რისი სპეციალისტია? სკამები აღარ არის დასაჯდომი სამსახურებში. საკრებულომ კარგად იცის, რაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ თუ ზემოდან მოდის ყველაფერი, მაშინ რაღას ვაკეთებთ. გაზეთში დაიწერა, რომ საკრებულოა ყველაფერში დამნაშავე. მაინტერესებს, რა შეიცვალა სამსახურებში ისეთი, რომ შტატების დამატება გახდა საჭირო,“ – იკითხა საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარაინმა ბიუჯეტის განხილვისას „ღია კარის დღეზე“.
თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძის თქმით, „თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შტატების რაოდენობა დარეგულირდება, თუმცა მანამდე, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა ბოლოს და ბოლოს უნდა თქვან, ვინ დაავალა მათ შტატების გაზრდა, ვისი რეკომენდაციით დაინიშნენ ისინი კონკრეტულ თანამდებობებზე. თუ ყველაფერი ცხადი არ გახდება, მაშინ მე ვერ დავუჭერ ბიუჯეტის ამ პროექტს მხარს.“
საკრებულოს თავმჯდომარემ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს მოსთხოვა, დაასაბუთონ თითოეული შტატის აუცილებლობა და თანამშრომელთა მოვალეობები.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის თქმით, ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს, თუ როგორ იქნება დატვირთული მისი ორგანიზაციის თითოეული თანამშრომელი, როგორ წაადგება მუნიციპალიტეტის განვითარებას მათი საქმიანობა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, „სადაც შესამცირებელია შტატები, შევამციროთ, სადაც გასაუქმებელია ა(ა)იპ-ები, გავაუქმოთ. ოღონდ ავხსნათ და დავასაბუთოთ ყველაფერი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. აღმასრულებელი ხელისუფლება მზად არის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბროს და დაკორექტირდეს მიმართულებები, შეიცვალოს მიდგომები. მზად ვარ გავიზიარო თქვენი არგუმენტები მხოლოდ და მხოლოდ დასაბუთებულობის შემთხვევაში.“
2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდა. სავარაუდოდ, ბიუჯეტს საკრებულო მომავალ კვირაში დაამტკიცებს.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“