დღეს, 22 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მორიგი საბიუჯეტო ცვლილების განსახილველად, ბიუროსა და საკრებულოს

რიგგარეშე სხდომები გაიმართა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 98.4 ათასი ლარით გაიზარდა. როგორც გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა,

„ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებლებს პროექტის ღირებულების 2% ორი წლის განმავლობაში არ ერიცხებათ. ამ საგარანტიო ორი წლის ვადაში თუ შესრულებულ სამუშაოში რაიმე დარღვევა გამოვლინდა, მშენებელი ვალდებულია, ხარვეზი გაასწოროს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს მშენებელი ორგანიზაცია თანხის დარჩენილ 2%-ს. 2014-2015 წლებში განხორციელებულ პროექტებზე ორწლიანი ვადები გავიდა და ამ წლებში არსებული ნაშთები წლევანდელ ბიუჯეტში გადმოგვაქვს.“

ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნიკოლოზ თოფურიძეს თხოვნით მიმართა, რომ გამონახონ სახსრები ხარაგაულის კინოთეატრის დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად.

საკრებულოს წევრმა ჯამბულ გამცემლიძემ ლეღვნის საბავშვო ბაღის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა: „საბავშვო ბაღში ინვენტარი დაზიანებულია, სათამაშოები გატეხილი. აღსაზრდელებს ელემენტარული ფურცელი და წებო არ აქვთ რაიმე აქტივობის განსახორციელებლად“.

„ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში უმძიმესი მდგომარეობაა, – აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ, – იმაზე მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე უნდა იხარჯებოდეს. ცენტრალური ხელისუფლება ამ მიმართულებით რეფორმის გატარებას მთხოვს. უახლოეს მომავალში ამ ააიპ-ში შტატები სახელმწიფოს მითითების მიხედვით დალაგდება.“

დეპუტატებმა იუზა კელენჯერიძემ და ვარლამ ჭიპაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სასურველია, მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის თანაბრობის პრინციპი იყოს დაცული. ყველა სიკეთე მხოლოდ ერთ სოფელზე არ უნდა მოდიოდეს.

ამასთან დაკავშირებით გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ განაცხადა: „რა არის პრიორიტეტული, ამას აღმასრულებელი ხელისუფლება გადაწყვეტს. საკრებულოში დეპუტატებს სძინავთ. ხარაგაულში გამგებლად ყოფნას დიდხანს ვაპირებ. საყვედურებსა და შენიშვნებს ხუთი წლის შემდეგ მივიღებ.“

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა სხდომაზე გამგებელს უპასუხა – „ვინ, სად და რა დრომდე დარჩება აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოში, ამას ამომრჩეველი არჩევნებზე გადაწყვეტს. დეპუტატებთან ასეთი საუბარი არაკორექტულია.“

სოფელ ქროლში საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. მოსახლეობამ თხოვნით მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე მაჟორიტარ დეპუტატს, მაგრამ მათ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.

„ამ ეტაპზე საკმარისი სახსრები არ გაგვაჩნია ქროლის გზის რეაბილიტაციისათვის, – განმარტა გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ, – ეს გზა მომავალ წელს გაკეთდება.“

თამთა გოგოლაძე