ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის – ნაყრიანობის შესახებ მეფუტკრე ლაშა გურგენიძე განმარტავს:

-ნაყრიანობა ფუტკრის ოჯახის ბუნებრივი გამრავლების ერთადერთი ფორმაა. ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ნაყრიანობა მოსალოდნელია ადრე გაზაფხულზე და ღალიანობის პერიოდშიც.

ადრე გაზაფხულზე გამოსული ნაყარი მეფუტკრისთვის კარგია, რადგან ფუტკარი გამრავლებასაც ასწრებს და ჭარბი თაფლის მოტანასაც. ღალიანობის დროს ნაყარი მხოლოდ გამრავლებაზეა ორიენტირებული. ნაყრიანობას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ იწყებს ოჯახი ნაყრიანობისთვის მზადებას. ამ პროცესს მრავალშვილიან ოჯახს ვადარებ, როცა ზრდასრული ასაკის შვილები თავიანთი ოჯახების შექმნას ცდილობენ.

თუ დედა ფუტკარმა ყველა ჩარჩო შეავსო კვერცხით და ყველა უჯრა გადაბეჭდილია, ფუტკარი ნაყარისთვის ემზადება. მუშა ფუტკარი დედას ყვითელ სითხეს აღარ აძლევს, აჭმევს მხოლოდ ჭეოს და თაფლს. ამით დედა ფუტკარი ძლიერდება და ფრენის უნარი ეძლევა.

პარალელურად სკაში სადედეების შენება იწყება, რომლებიც დედა ფუტკრისთვის დამალულ ადგილებში კეთდება. მუშა ფუტკარი ცდილობს, რომ სადედეებამდე არ მიუშვას დედა ფუტკარი, თორემ ნაყარი აღარ გვექნება.

თუ მეფუტკრეს ნაყარი არ უნდა, უნდა ამოჭრას სადედეები, ამოიღოს გადაბეჭდილი ბარტყი და სკას ღია ბარტყი მისცეს. სანამ სკაში ღია ბატყი იქნება, ფუტკარი ნაყარს არ გააკეთებს.

მეფუტკრე შეიძლება ფუტკარის ხმითაც მიხვდეს, რომ ოჯახი ნაყრიანობისთვის ემზადება. ნაყრიანობის წინ ფუტკარმა საფრენზე იცის ჩამოკიდება. არ აგვერიოს, ფუტკარი ზაფხულშიც ჩამოეკიდება ხოლმე საფრენს გასაგრილებლად.

მუშა ფუტკარს ნაყრიანობის წინ აღებული აქვს იმ რაოდენობის ყვითელი სითხე, თაფლი და ცვილი, რაც მას ახალი ცხოვრების დასაწყებად სჭირდება. ფაქტობრივად, ჩიჩახვები სავსე აქვთ. წინასწარ სკიდან იგზავნება მზვერავი, თუ სად დაჯდება ნაყარი. სასურველი არ არის, რომ ნაყარი შორს წავიდეს.

ამიტომ მეფუტკრეს შეუძლია წყლის ნაზი ჭავლი გამოიყენოს ფუტკრის ნაყარის დასანამად, რომ დედა ფუტკარი სადმე ახლოს დაჯდეს. სადაც დაჯდება დედა, იქ მოთავსდება მთელი ოჯახი.

ნაყარი აუცილებლად ცარიელ სკაში უნდა შევიყვანოთ. არის სპეციალური ნაყრის დასაჭერი ბადეები. გამოცდილი მეფუტკრე დედას ხელითაც კი მოძებნის და ისე შეიყვანს სკაში. სასურველია ამ დროს სკაში ჩავდოთ 2 ცარიელი და 2 ამოშენებული ფიჭა. არ უნდა ამოვჭედოთ საფრენი.

ჩემი დაკვირვებით, ნაყრიანობის შემდეგ საკმაოდ დიდი ჯაფა ადგება დედა ფუტკარს. თუ დედა ძველია, სეზონის ბოლოსთვის უნდა შეიცვალოს.

ნაყრიანობის უარყოფითი მხარე ის არის, რომ სკა, რომლიდანაც ნაყარი მივიღეთ, შესაძლოა დასუსტდეს და შემდგომში, პირველთან შედარებით, უფრო ცოტა ნაყარი მოგვცეს.