ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ტრადიციად ქცეული თვითმმართველობის დღე

გაიმართა. ამ დღეს სკოლაში დირექტორის, მისი მოადგილისა და მასწავლებლების ფუნქციები მოსწავლეებმა შეითავსეს. სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე თვლის, რომ ყველა მოსწავლემ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა.

„მოსწავლეები ამ როლს ყოველწლიურად უფრო მეტი ენთუზიაზმით ირგებენ, – ამბობს ვალერი გოგნაძე – გასულ წლებში თუ უფროსკლასელები მასწავლებლის პროფესიის არჩევაზე თითქმის აღარ ფიქრობდნენ, ახლა უკვე რამდენიმე მათგანი მომავალ პროფესიად პედაგოგობას ირჩევს. სწორედ ესაა თვითმმართველობის დღის ერთ-ერთი მიზანი. განათლების სისტემას სჭირდება ახალგაზრდა კადრები, რომლებიც მომავალში საგანმანათლებლო საქმიანობას წარმართავენ“.

თვითმმართველობის დღეს გაკვეთილები ჩაატარეს მოსწავლე-მასწავლებლებმა: ელენე ტალახაძემ, თამარ ჭიპაშვილმა, გიგა ხიჯაკაძემ, ნათია ტაბატაძემ, თათია შავიძემ, ანი და მარი აბაშიძეებმა, ნონა მაჭავარიანმა.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობა ერთი დღით მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგა აბაშიძემ შეასრულა. „სკოლის დირექტორობა ძალიან რთულია. მთელი დღის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება და სირთულეების აღმოფხვრა მევალებოდა. ეს დღე დამოუკიდებლობასა და პრობლემებთან გამკლავებას გვაჩვევს,“ – ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გოგა აბაშიძე.

 

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, მეთორმეტე კლასის მოსწავლე ანი აბაშიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის დღე მის ცხოვრებაში წინ გადადგმული ნაბიჯია. ანი პროფესიად ექიმობას ირჩევს, თუმცა თვლის, რომ პედაგოგობა ძალიან საინტერესო და დასაფასებელი პროფესიაა.

მეათე კლასის მოსწავლე ნონა მაჭავარიანმა ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის გაკვეთილები ჩაატარა. ნონას ფილოლოგობა სურს და ამბობს, რომ მასწავლებლობა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინო ბარბაქაძემ გადააწყვეტინა; მას შემდეგ, რაც მოსწავლეები თავად გამოცდიან მასწავლებლობის სირთულეს, უფრო მეტად აფასებენ პედაგოგების შრომას და ხვდებიან, რა და როგორ უნდა გააკეთოთ მომავალში.

მერვე კლასის მოსწავლე გიგა ხიჯაკაძეც თვლის, რომ მოსწავლეები თვითმმართველობის დღეს ითავისებენ იმ სირთულეებს, რასაც მასწავლებელი ყოველდღიურად უმკლავდება.

მიუხედავად იმისა, რომ მეათე კლასის მოსწავლე მარიამ ჭიპაშვილი თავის მომავალს ჟურნალისტობას უკავშირებდა, იმდენად მოეწონა ბავშვებთან ურთიერთობა და საგაკვეთილო პროცესის წარმართვა, რომ, შესაძლოა, მომავალ პროფესიად პედაგოგობა არჩიოს.

 

თამთა გოგოლაძე