ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საბავშვო ბაღში, მეორე დღეა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. ამის მიზეზი
შენობიდან 70-80 მეტრში მდებარე მთაზე დაწყებული მეწყერული პროცესებია.
ზვარეში გამგებლის წარმომადგენლის, ბერიკა ტალახაძის ინფორმაციით, მეწყერული პროცესები იმ მთაზე დაიწყო, სადაც ახალი რკინიგზა უნდა გავიდეს.
„რკინიგზის მშენებლებმა, პროექტის შესაბამისად, მთის მოჭრა რომ დაიწყეს, მეწყერიც დაიძრა. სამკუთხედის ფორმის საკმაოდ დიდი მასის, 4-5 ჰექტარი მოცულობის მეწყერი მოძრაობს,“ – ამბობს ბერიკა ტალახაძე.
მისი ინფორმაციით, ზვარეში იმყოფებოდნენ სს „საქართველოს რკინიგზისა“ და რკინიგზის მშენებლობაზე ზედამხედველი ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი გეოლოგები.
„მათ გვითხრეს, რომ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესისგან თავი შევიკავოთ, – ამბობს ბერიკა ტალახაძე, – გეოლოგების თქმით, მეწყერი, სავარაუდოდ, ერთი თვე იმოძრავებს და მერე გაჩერდება. მდინარის გადაკეტვის საფრთხე არის, მაგრამ როგორც გეოლოგებმა გვითხრეს, მეწყერი ნელა მოძრაობს. არ არის გამორიცხული, რომ რკინიგზის მშენებარე ხაზმა მიმართულება შეიცვალოს.“
ზვარეში მცხოვრებ თამუნა ტალახაძეს საბავშვო ბაღში ორი შვილი დაჰყავს. ის ამბობს, რომ ზვარეში, მეწყერის გამო, ყველა შეშფოთებული და შეშინებულია.
ზვარეს საბავშვო ბაღის გამგე ჟანა ღონღაძე გვიამბობს, რომ ბაღში სასწავლო პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების რჩევით შეწყვიტეს. ის ვარაუდობს, რომ ორშაბათს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდება.
„დიდი ზვავსაშიშროება გვემუქრება, – ამბობს ჟანა ღონღაძე, – მეწყერს ხელს ცუდი ამინდები უწყობს და ნიადაგი იშლება. გეოლოგების პასუხს ველოდებით, ორშაბათს მივიღოთ თუ არა აღსაზრდელები.“
ზვარეში მცხოვრები თემურ მაღლაკელიძის ინფორმაციით, მოსახლეობა აღელვებულია. „ფაქტობრივად, მთელი ზვარე დაინგრევა, არსებული პროექტით რომ გაგრძელდეს რკინიგზის მშენებლობა, – ამბობს თემურ მაღლაკელიძე, – მოსახლეობას არც გეოლოგები შეხვედრიან და არც „საქართველოს რკინიგზას“ წარმომადგენლები. კატასტროფის წინაშეა ზვარე. ნუნისის ხიდთან, მდინარეში, სადაც გვირაბიდან გამოტანილ მასას ყრიან, უფრო მძიმე მდგომარეობა შეიქმნება.“
რა რეაგირება მოახდინა გარემოს დაცვის სამინისტრომ ზვარეში განვითარებულ მოვლენებზე, – ამის გასარკვევად სამინისტროს მივმართეთ. გვაცნობეს, რომ ახალი რკინიგზის მშენებელ ორგანიზაციას უცხოელი გეოლოგები ჰყავს დაქირავებული.
„მათ უკვე შეისწავლეს არსებული სიტუაცია და რეკომენდაციებიც გასცეს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყების ჩარევა მხოლოდ მშენებელი კომპანიის მოთხოვნის შემდეგ შეიძლება,“ – გვიპასუხეს გარემოს დაცვის სამინისტროდან.
სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი სოფო ხიდაშელი ამბობს, რომ „მიმდინარეობს შესწავლა და როგორც კი რამე გადაწყდება, მოსახლეობას აცნობებენ.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი