რომელი ინფასტრუქტურული პროექტებია პრიორიტეტული და რატომ – ამ საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა 15 მაისს ბიუროს სხდომაზე ბევრი იდავეს.
დეპუტატებმა მოსაზრებებები რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი პროექტების განხილვისას გამოთქვეს.
ფონდში განსახილველად გასაგზავნი 13 ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუროს წევრებს გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ფხალაძემ წარუდგინა.
დეპუტატებმა იუზა კელენჯერიძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, თორნიკე ავალიშვილმა, მარინე ვეფხვაძემ და მიხეილ გელაშვილმა სოფლებში ცენტრალური და საუბნო გზების კეთილმოწყობაზე ისაუბრეს.
რგფ-ში წარსადგენი სარეაბილიტაციო პროექტებიდან ერთ-ერთია ფარცხნალში, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლამდე მისასვლელი გზა. იუზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ ევგენი ხარაძეზე არანაკლებ გამოჩენილი პროფესორის, თამარ დეკანოსიძის მშობლიურ სოფელ ღარიხევში, გზა მისახედია. „ზოგ სოფელში ორ-ორ კილომეტრიანი გზა კეთდება, ღარიხევში ერთი კილომეტრი მაინც გავაკეთოთ,“ – აღნიშნა მან.
ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ბაზალეთში არც ერთ უბანში გზა არ გაკეთებულა. მისივე ინფორმაციით, ქროლში ცენტრალურ გზაზე მალე ავტომანქანა ვეღარ გაივლის. „ღარიხევში, დეკანოსიძეების უბანში, მხოლოდ 650 მეტრი გზა კეთდება და მოსახლეობა უკმაყოფილოა,“ – აღნიშნა დეპუტატმა. მან ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის კოლეგებისგან მხარდაჭერა მოითხოვა.
თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, გადაუდებლად აუცილებელი პროექტები განხორციელდეს. მისი თქმით, უმძიმეს მდგომარეობაშია ხარაგაულში კიკნაძეების უბნის გზა და შესაძლოა, კიკნაძეების, ბანცაძეებისა და შარიქაძეების სახლები წყალმა წალეკოს.
თორნიკე ავალიშვილმა დაბა ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, გივი თხელიძეს, კიკნაძეების უბნის მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება შეახსენა.
„თუ შემოვლით გზებს ვაკეთებთ, მაშინ რატომ არ გავითვალისწინეთ კიცხში ბერიძეების, ნიქაბაძეებისა და ოქრომჭედლიძეების უბნიდან სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია,“ – იკითხა თორნიკე ავალიშვილმა.
მარინე ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ მალე სოფელ საქარიქედს ცენტრალური საავტომობილო გზა აღარ ექნება.
„ნადაბურში, ძამულის უბანში, აღარც საურმე გზაა, – უთხრა კოლეგებს ნადაბურის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ გელაშვილმა, – უბანში 20 ოჯახი ცხოვრობს. საკვები პროდუქტები მოსახლეობას „ტროსით“ დამაგრებულ საცალფეხო ხიდზე ზურგით გადააქვს, ამ ხიდით გადაჰყავთ მიცვალებულები სასაფლაომდე. მაღალმთიანი სოფელი გოლისი ვერ მოხვდა იმ სოფლების ჩამონათვალში, სადაც მთის საბჭო პროექტებს აფინანსებს. არც ერთ პროექტს არ ვიწუნებ, მაგრამ იქნებ გვემსჯელა იმაზე, რომელი უფრო პრიორიტეტულია. გამგეობას რომ წერილობით მივმართო, მიპასუხებენ, მაგ ობიექტებზე პროექტები არ გვაქვს მზადო.“
„მადლობა უფალს, რომ ჩვენი მინისტრი (იგულისხმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე) წარმოშობით ლახუნდარელი, ხარაგაულელია და კეთილგანწყობილია ხარაგაულის მიმართ,“ – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ფხალაძემ და განმარტა, რომ კიცხში საუბნო გზის პროექტი 2015 წელს მომზადდა და გზა ადგილობრივ ბიუჯეტში უსახსრობის გამო ვერ შეკეთდა.
მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით გადაუდებელი ობიექტების სარეაბილიტაციოდ საკრებულომ გამგეობას წერილობით უნდა მიმართოს. მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, დაბა ხარაგაულში 19 ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი საკრებულოს მიერ უკვე მოწონებულია.
„ჩვენ ვიწონებთ პროექტებს და მაინტერესებს, რატომ აღარ კეთდება, – იკითხა დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ, – რა დროა განსაზღვრული პროექტების მოწონებიდან მათ გაკეთებამდე, თუ უვადოდ შეიძლება იყოს მოწონებული. მოსახლეობა რომ დაზარალდება და გვკითხავს, რატომ ჩავვარდით ამ დღეშიო, რას ვპასუხობთ, ჩვენ პროექტები მოწონებული გვქონდაო?!…“
რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენ პროექტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 5 ივნისს, მორიგ სხდომაზე, განიხილავს.
ნინო კაპანაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.