ზამთარი ხარაგაულში„უზღვავი თოვლია, ჩვენს სოფელში თოვლის სიმაღლემ 1,5 მეტრს მიაღწია, – გოლათუბნიდან ზაზა გოგოლაძე დაგვიკავშირდა, – მეზობელი ურმით შეეცადა სოფლის ცენტრალური გზიდან პირუტყვისთვის საკვების ამოტანას და ვერ ამოიტანა. მოგვეშველონ და მოგვხედონ, გოლათუბანში გზა არ არის და კვალი.“

დავინტერესდით, რა პრობლემები შეუქმნა გასულ და მიმდინარე კვირას მოსულმა უხვმა თოვლმა მოსახლეობას და ორგანიზაციებს.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ გაერთიანებაში შემავალი ყველა საბავშვო ბაღი მომარაგებულია შეშით და საკვებით. მისივე ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო დაბა ხარაგაულის საბავშვო ბაღებში ახლომდებარე სოფლებიდან აღსაზრდელები ვერ მოდიან, უშუქობის გამო კი საახალწლო ზეიმისთვის მზადება ფერხდება. ქეთევან ზუმბაძის თქმით, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეჩერდა წყალაფორეთის საბავშვო ბაღში.

„იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდი მოთოვა, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, – ამბობს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, – შეშით მომარაგებულია ყველა სკოლა და გათოვლილია სკოლამდე მისასვლელი გზები ისე, რომ მოსწავლეებმა ფეხით მისვლა შეძლონ. სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა უდენობამ. ბევრი სხვა სამსახურის მსგავსად, ჩვენი სისტემაც ინტერნეტზეა დამოკიდებული. ამიტომ ორდღიანმა უშუქობამ პრობლემები შეგვიქმნა.“

რაც შეეხება სასკოლო მიკროავტობუსებს, დავით კიკნაძის ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, სკოლების 80 პროცენტს მიკროავტობუსი მოემსახურა.

„განათლების სამინისტრო საქმის კურსშია და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სკოლა დიდთოვლობის გამო შეწყვეტს სასწავლო პროცესს, გაცდენილი დღეები ანაზღაურდება შაბათ-კვირის ხარჯზე,“ – ამბობს რესურსცენტრის უფროსი.

უშუქობის გამო დიდი პრობლემები შეექმნათ საჯარო სამსახურებს. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსის, ნინო მაღლაკელიძის ინფორმაციით, ორშაბათს ვერ შეძლეს სადეპეშე ანგარიშების გადაგზავნა, შეფერხდა ტენდერის გამოცხადება, ვერ აიტვირთა დადგენილება საბიუჯეტო ცვლილების შესახებ. „უშუქობამ, ცოტა არ იყოს შემაშინა და გასული საუკუნის 90-იანი წლები გამახსენა. ორშაბათს, 8 დეკემბერს, საკრებულოს სესიაზე, დიდთოვლობის მიუხედავად, ქვორუმი შედგა და დეპუტატებმა გადაწყვეტილება მიიღეს. ეს დადგენილება ორ დღეში უნდა გადაიგზავნოს იუსტიციის სამინისტროში. სამშაბათს რომ დენი არ მოსულიყო, დადგენილება გაუქმდებოდა,“ – ამბობს ნინო მაღლაკელიძე.

ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორის, დავით ხარაძის ინფორმაციით, მათი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება ძირულას მიმართულებით, ზესტაფონსა და ქუთაისში. „ერთ დღეს რომ მოთოვს და გზაზე ტრაქტორი გაივლის, გზა იტკეპნება. ამ დროს ტრანსპორტის გადაადგილება ცოტა ჭირს. დიდთოვლობის გამო, კიცხის მიმართულებით მიკროავტობუსებით რეისები ვერ სრულდება. 3 დეკემბრის შემდეგ ვერც სოფლებში დადის ტრანსპორტი, რადგან მგზავრების უსაფრთხო გადაადგილება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, – ამბობს დავით ხარაძე.

უდენობამ პრობლემები შეუქმნა შპს „გიორგის“ პურის საცხობს. როგორც დავით გაჩეჩილაძე ამბობს, პურის გამოცხობა მათ დიზელ-გენერატორის საშუალებით მაინც შეძლეს.

შეუფერხებლად მუშაობს ხარაგაულში მეორე პურის საცხობი, რადგან ფიდერი, რომელიც ელენერგიით დავით არევაძის საცხობს ამარაგებს, იშვიათად ითიშება.

დაბა ხარაგაულის მაღაზიების მეპატრონეთა თქმით, მათ პროდუქტებისა და ფქვილის

საკმაო მარაგი აქვთ.

მუნიციპალიტეტის სოფლებში გზებზე არსებულ ვითარებაზე გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძე საუბრობს:

-3 დეკემბერს უხვი ნალექი მოვიდა. ამ დღიდან შექმნილია საგანგებო შტაბი გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით. გზების გაწმენდით სამუშაოებზე ზრუნვა მე დამევალა. ყველაზე დიდი პრობლემა შეიქმნა დიდთოვლობის პირველივე დღეს – 16 საათით შეფერხდა რიკოთის გვირაბთან ტრანსპორტის გადაადგილება. თხოვნით მოგვმართა საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტმა, რომ ცოცხალი ძალით დავხმარებოდით მოძრაობის დარეგულირებაში. ამავე დროს შევიტყვეთ, რომ ხარაგაულის მიკროავტობუსის მგზავრი ბავშვები ითხოვდნენ წყალს და საკვებს. რიკოთზე წავიყვანეთ გრეიდერი. ხარაგაულის სამაშველო ჯგუფთან ერთად რიკოთზე გამგებელი, მე და ორი მოადგილე – პაატა გოგოლაძე და მიხეილ ჭიპაშვილი ვიმყოფებოდით. რაც შევძელით, დავტვირთეთ სამაშველო მანქანები და ყველა მსურველს მივაწოდეთ წყალი და პური. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტმა და შსს-მ სიტყვიერი მადლობა გადაუხადეს ხარაგაულის სამაშველო სამსახურს. მუნიციპალიტეტის გამგებლის და ჩემი სახელით ხარაგაულის სამაშველო სამსახურის უფროსს, ნიკა ვეფხვაძესა და მის თანამშრომლებს მადლობას ვუხდი.

როგორც კი უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს სამაშველო სამსახურის დახმარებით მივაწოდეთ საწვავი. ამჟამად ყველა ტერიტორიული ორგანოს სოფლების ცენტრალური გზა გაწმენდილია და შიდა საუბნო გზებსაც წმენდენ. შპს „ბორანი“ვალდებულია, რომ ძირულა-ხარაგაული-მოლითისა და კიცხის გზის მონაკვეთები გაწმინდოს. გარდა ამისა, შპს „ხარაგაული 2011“ გრეიდერით და დანიანი ტრაქტორით წმენდს დანარჩენ გზებს. თუ ხარაგაულში გზებზე მარილის დაყრა გახდა საჭირო, გვაქვს საკმარისი მარაგი.

რაც შეეხება წიფას, წიფის რწმუნებულმა საწვავი 8 დეკემბერს ხაშურში შეიძინა, დამატებით ხარაგაულიდანაც გავატანეთ. ერთ პიროვნებას ჰყავს წიფაში ტრაქტორი და მას უნდა შევუთანხმდეთ. ხარაგაულში არსებული ორი ტრაქტორით ვერ გავწვდებით მუნიციპალიტეტის 78 სოფელს. ამიტომ სოფლებში ტექნიკის კერძო მფლობელებს ვაძლევთ საწვავს და მოსახლეობაც მონაწილეობს გაწმენდით სამუშაოებში. იგორეთში მიცვალებულია და გვითხრეს, მთავარია, კვალმა გაიაროს, რომ მერე ორხიდიანმა მანქანებმა იმოძრაონო. მაღალი გამავლობის მანქანა ამჟამად ყველა სოფელში მიდის.

თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, 10 დეკემბერს საღამოს გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა სხლითში, ვანში, საღანძილეში, ზარანში, ზვარესა და მოლითში.

რა პრობლემები შექმნა უხვმა ნალექმა და მოსახლეობის რა ნაწილს მიეწოდება ელენერგია, – ამ შეკითხვით ს/ს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალს მივმართეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეონა გეგუჩაძის ინფორმაციით, 8 და 9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ელექტროგამანაწილებელ ქსელში ენერგომომარაგების პრობლემები შეიქმნა. „მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა რამდენიმე რაიონში, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაზიანდა. ხაზების წყვეტის გამო ავარიულად გაითიშა ფიდერები იმერეთის თითქმის ყველა რაიონში. 11 საათისთვის რეგიონში უძაბვოდ დარჩენილი აბონენტების რაოდენობა 45 ათასს აღწევდა.

უამინდობა ხელს უშლიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, თუმცა ენერგოკომპანიის ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. მთელი ღამის განმავლობაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები მუშაობდნენ დაზიანების ადგილებში, სადაც მეტეოროლოგიური პირობები იძლეოდა ამის საშუალებას. ამის გამო 10 დეკემბერს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ხარაგაულის, ზესტაფონის და თერჯოლის მომსახურების ცენტრებში ავარიულადაა გამორთული ფიდერები, რის გამოც სოფლების ნაწილს ძაბვა არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური პერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა მიმართულებით.

ნალექმა მნიშვნელოვანი ავარიები გამოიწვია ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც. ადგილობრივი პერსონალის მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ დაზარალებული მომხმარებლების უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. გრძელდება მუშაობა დარჩენილი ავარიების აღმოსაფხვრელად.

სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მომხმარებელი ელექტროენერგიას არ მიიღებს.“

ნინო კაპანაძე