„22 წლის წინ, 1995 ზუსტად ამ დღეს, 12 მაისს, – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ჩამომიყვანეს ხარაგაულში ქ. სოხუმიდან ლევან ბუაჩიძისა და მერი ბერაძის ოჯახში.
მათ გამიწიეს დედობაც და მამობაც. მადლობა გოჩა და გელა ბუაჩიძეებს გაწეული ამაგისათვის. უფალმა გამომიგზავნა თქვენი თავი, დალოცვილები იყავით მუდამ, – წერს გურამ ანდრეიჩუკი სოციალურ ქსელში და გამზრდელს, მერი ბერაძეს მიმართავს, – როგორც დღეს ხარ გახარებული შენი დედობით, მუდამ ასე იყავი, ჩემო აღმზრდელო.
უფალს ვევედრები დიდხანს, დიდხანს მიცოცხლოს შენი თავი. შენ მე ცხოვრება მაჩუქე, სითბო და სიკეთე მაგრძნობინე, დამანახე, თუ რა გრძნობაა დედობრივი სიყვარული. შენს ამაგს ვერასოდეს გადავიხდი, თუმცა უფალმა იცის, თუ როგორ მიყვარხარ და გაფასებ.
მადლობა, რომ დღეს ვარსებობ. დიდხანს ყოფილიყავი შენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს“.
„გურამის ბებია ხარაგაულელი მარგო ბუაჩიძე სოხუმში ცხოვრობდა და ორ შვილიშვილს ზრდიდა, – გვიამბობს ქალბატონი მერი ბერაძე, – მარგოს ხშირად ჩამოჰყავდა შვილიშვილები ჩვენს მეზობლად თავის ძმასთან. პატარები ჩვენს ეზოში თამაშობდნენ ხოლმე. ჩემი შვილები გოჩა და გელა მათთვის ხშირად სათამაშოებს ყიდულობდნენ.
აფხაზეთის ომის დღეებში მარგო სოხუმში დაიღუპა. მარგოსა და მისი დაობლებული შვილიშვილების ამბავი თბილისში მცხოვრები მისი ნათესავისგან შევიტყვე. მაშინ ჩემი უფროსი შვილი გოჩა სირიაში მუშაობდა, ხოლო უმცროსი გელა – მოსკოვში.
ჩემმა შვილებმა გადაწყიტეს, ბიჭები ხარაგაულში ჩვენ გაგვეზარდა. მათ ბავშვები ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, სადაც გურამის უფროსი ძმის მამა ცხოვრობდა. გურამის ძმა მამასთან დარჩა. 7 წლის გურამი ხარაგაულში ჩამომიყვანეს. დღესაც არ ვიცით, სად და როგორ არიან მისი მშობლები.
გურამმა ქართული არ იცოდა, მე – რუსული. განსაკუთრებული ბავშვი იყო, თავისებური. მოვიწვიეთ დაწყებითი კლასების პედაგოგი მადონა ჭყოიძე, რომელმაც გურამს ქართული ენა ასწავლა და სკოლაში მივიყვანეთ. ღამე ჩემთან მეწვინა, – „ცემი დედიკო ხარ, ცემი“, – მეტყოდა და ჩამეხუტებოდა ხოლმე. ძალიან უჭმელი ბავშვი იყო. ჩავისვამდი კალთაში და ისე ვაჭმევდი“.
გურამმა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია 2004 წელს დაამთავრა. იმავე წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 2008 წელს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. ახლა თბილისში მუშაობს და ხარაგაულში იშვიათად ჩამოდის, თუმცა თავის გამზრდელს ტელეფონით ყოველდღე მოიკითხავს ხოლმე.
მერი ბერაძისა და მისი მეუღლის, ლევან ბუაჩიძის ოჯახში, შვილების განათლების საქმეს, ძირითადად, ქალბატონი მერი უძღვებოდა. „გოჩასა და გელას შორის სხვაობა წელიწადი და სამი თვეა, ორივე ცელქები იყვნენ და სულ თამაში უნდოდათ, მაგრამ მკაცრად ვთხოვდი მეცადინეობას. გურამთან უფრო დამთმობი ვიყავი, თუმცა მისგანაც მოვითხოვდი, კარგად ესწავლა“.
გოჩამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი აირჩია, გელამ ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმფრინავთმშენებლობის ფაკულტეტი. ნაშრომები, სამეცნიერო ხარისხების მოსაპოვებლად, ორივემ მოსკოვში დაიცვა. გოჩა დიპლომატიას გაჰყვა, – ჯერ ისრაელში იყო ელჩი, შემდეგ სირიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროში. ამჟამად ოჯახთან ერთად დუბაიში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე, ქეთევან კიკალია და სამი შვილი.
ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გელამ სწავლა მოსკოვში გააგრძელა, საავიაციო ქარხანაში მუშაობდა. ახლაც მოსკოვში საქმიანობს, ჰყავს მეუღლე ქეთევან ხუციშვილი და ერთი ვაჟი.
ძმებს ხარაგაული ძალიან უყვართ, დედას ტელეფონით ყოველდღე უკავშირდებიან და ხარაგაულის ამბებით ინტერესდებიან. აქაურობას ხშირად სტუმრობენ და ამბობენ, რომ აქ სულ სხვა სითბო ტრიალებს.
მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილი მერი ბერაძე შრომას ბავშვობიდანაა შეჩვეული და უსაქმოდ გაჩერება უჭირს: „შეძლებამ იკლო, – ბეჭებზე 82 წელი მადევს, თუმცა ვცდილობ, წლებს არ დავნებდე. ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგე. ახლა შვილებითა და შვილიშვილებით ვცოცხლობ. ჩვენმა ოჯახმა გურამი მესამე შვილად მიიღო. როგორც საკუთარ შვილის, მასაც ასევე გულითა და სულით ვუსურვებ წარმატებებსა და ბედნიერებას.“
ქალბატონი მერი ათეული წლების მანძილზე აღმასკომში, შემდგომ გამგეობაში, ბუღალტრად მუშაობდა. რაიონში კარგი ავტორიტეტითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ქალბატონ მერის.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: გურამ ანდრეიჩუკი მერი ბერაძესთან და ლევან ბუაჩიძესთან ერთად
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების