ბუნებითა და ისტორიით მდიდარი სოფელ ვახანის მოსახლეობას თითქმის იგივე პრობლემები აწუხებს, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მაცხოვრებლებს.
ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში – ვახანში, ზედუბანსა და სერბაისში უმთავრესი პრობლემა უგზოობაა.
ვახანში გამგებლის წარმომადგენელი ზვიადი არევაძე ვარაუდობს, რომ 2-3 წელიწადში ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში როგორც ცენტრალური, ასევე სასოფლო საუბნო გზების პრობლემა მოგვარდება: „წელს ვახანისწყლიდან ლომსაძეების წყარომდე 3, 5კმ სიგრძის გზა მობეტონდება, – ამბობს ზვიადი არევაძე, – მომავალ წელს დაიგება სოფელ ზედუბნისა და სოფელ სერბაისის 2-2 კილომეტრიანი როგორც ცენტრალური, ასევე საუბნო გზები.“
გამგებლის წარმომადგენელი ვახანელებისთვის სამასალე ხე-ტყესთან ხელმისაწვდომობას ითხოვს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში 31 მოქალაქე რამდენიმე კბმ მურყნის ჯიშის სამასალე მერქანით დაკმაყოფილდება, მაგრამ ეს არასაკმარისია. ზვიად არევაძე მიიჩნევს, რომ სოფლიდან მოსახლეობის მიგრაცია სამასალე ხე-ტყის მოპოვების შეზღუდვასთან პირდაპირ კავშირშია. ის ამბობს, რომ გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები სოფელში მოსახლეობას სახერხების გაუმართაობის გამო აჯარიმებენ.
„შარშან, 16 ივნისს, რომან ღონღაძეს სახლი დაეწვა, – იხსენებს ზვიადი არევაძე, – მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 400 ლარი გამოუყვეს. თანასოფლელებიც დავეხმარეთ. ორი კვირის წინ გარემოს დაცვის სააგენტოდან მოვიდნენ და კუსტარულად დადგმული ლენტა ხერხის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს. არ გაითვალისწინეს ოჯახის მდგომარეობა. განადგურებულ ოჯახს დახმარება სჭირდება და არა დაჯარიმება.“
ზვიადი არევაძე ფულადი სოციალური შემწეობის დანიშვნა-მოხსნის წესში არსებულ უსამართლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ გაურკვეველია, რატომ მოუხსნეს ფულადი შემწეობა მარტოხელა არაპენსიონერ მოქალაქეებს, რომლებსაც არავითარი შემოსავალი არ გააჩნიათ.
ვახანის არსებობის ისტორიაში ზვიადი არევაძე ყველაზე მნიშვნელოვნად საბავშვო ბაღის ამოქმედებას მიიჩნევს. თუმცა ამბობს, რომ სოფელს ცენტრალური ხელისუფლებისგან მეტი ყურადღება სჭირდება.
სერბაისში, ებანოიძეების უბანში ცხოვრობს ვახანის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი ეკა ჭინჭარაული. მისი მეუღლე დროებით უმუშევარია. ეკა გვიამბობს, რომ ვახანელი ახალგაზრდების უმეტესობა სახლში პირად მეურნეობაშია დასაქმებული. ახალგაზრდა მამაკაცების უმრავლესობას მუდმივი სამუშაო და შემოსავალი არ აქვს. ვინც მუდმივად მუშაობს, ვახანიდან წასულია.
„ძალიან რთული პირობებია სოფელში საცხოვრებლად, – ამბობს ვახანში მცხოვრები მაია ბერძული, – ბევრი ახალგაზრდა დასაქორწინებელია. ფინანსური შემოსავალი რომ არ აქვთ, ოჯახის შექმნისგან თავს იკავებენ. შემოსავლის საძიებლად სოფლიდან მიდიან. უმეტესობა უკან აღარ ბრუნდება. მიგრაცია არის უმთავრესი პრობლემა ჩვენს სოფელში.“ ქალბატონი მაია მიიჩნევს, რომ სოფელში რაიმე საწარმო უნდა გაიხსნას და ადგილზე პროდუქცია შეიქმნას.
ვახანის საჯარო სკოლის შენობა 300 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის დირექტორი ნანა ინასარიძე ამბობს, რომ სოფელში მოსახლეობას შეეზღუდა ერთადერთი საარსებო წყარო – სამასალე მერქის მოპოვება და მისგან ავეჯის დამზადება. ბევრმა ახალგაზრდა ოჯახმა სოფელი მიატოვა, რაც სკოლის კონტინგენტზე აისახა. ამჟამად სკოლაში 77 მოსწავლე სწავლობს.
ნანა ინასარიძე მიიჩნევს, რომ ვახანში საბავშვო ბაღის ამოქმედება მნიშვნელოვანია და სკოლაში უფრო მეტად განვითარებული თაობა მიდის – მოაზროვნეები, თამამები, თავისუფლები და საკუთარი აზრის გამომხატველები.
ღუტო ლომსაძე გვიამბობს, რომ ვახანში სასოფლო-სამეურნეო მიწები მწირია. ის ფიქრობს, რომ ახალგაზრდების მეტად ინფორმირებაა საჭირო, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა პროგრამებში ჩასართავად.
თანასოფლელების მგავსად უგზოობაზე საუბრობს ვახანის დაწყებითი კლასების პედაგოგი ციალა ინასარიძე. ის წუხს, რომ სახლისა და სასოფლო-სამეურეო ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება დიდ თანხასთანაა დაკავშირებული.
„წლებია, რაც ვახანის სკოლაში კლასკომპლექტი აღარ გვქონდა, – ამბობს ციალა მასწავლებელი, – ვშიშობ, მომავალი სასწავლო წლიდან კლასკომპლექტი გაიხსნება. არანაირი საშუალება არ აქვს აქაურ მაცხოვრებელს, რომ თავი ირჩინოს და გარბიან ქალაქში. ძნელია, როცა ტყეში ეზოს შემოსაღობ მასალას ვერ მოჭრი.“
ვახანის საბავშვო ბაღის გამგე თამარ შარიქაძე ადგილობრივი ხელისუფლების მადლიერია, რადგან მოსახლეობის მოთხოვნა, სოფელში საბავშვო ბაღის ამოქმედების თაობაზე, დაკმაყოფილდა. საბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. თამარ შარიქაძის მოსაზრებით, საბავშვო ბაღის ამოქმედებამ მიგრაციის პროცესი შეანელა. ვახანის საბავშვო ბაღის ათი აღსაზრდელი ახალი სასწავლო წლისთვის სკოლაში შესასვლელად ემზადება. საბავშვო ბაღში სექტემბრიდან ამდენივე პატარას ელოდებიან.
-ბავშვების ნაკლებობას არ ვუჩივით. პირიქით, ბაგის ჯგუფის გახსნას ითხოვენ, – ამბობს ქალბატონი თამარი. თუმცა მეორე ჯგუფისთვის საჭირო ფართი შენობაში ჯერჯერობით არ აქვთ.
ვახანის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ღონღაძე ფიქრობს, რომ გზის მოწესრიგების შემდეგ სოფელში მოსახლეობა დაბრუნდება. ის ყურადღებას სოფელში გარეული ნადირის მომრავლებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ მგელი, ტურა და დათვი მოსახლეობას დიდ ზიანას აყენებს.
„აღარ ვსაუბრობ წვრილფეხზე. მგელმა ორი კამეჩი შეჭამა, მოზარდი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი გაგვინადგურა, – ამბობს მერაბ ღონღაძე, – მგლის ბუნებიდან ამოღების პროცედურები რთულია. შუამდგომლობებია საჭირო გამგეობასთან, მონადირეთა კავშირთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ამას ვერ ვახერხებთ.
სოფელში ერთი დიდი პრობლემაა სამასალე ხე-ტყის მოპოვება. გლეხს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თავისი ბოსტანი და ეზო-კარმიდამო შეღობოს. სახელმწიფო ხე-ტყის მოპოვებას უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ გლეხს პირადი სარგებლობისთვის მასალის მოპოვებას არ უნდა უზღუდავდეს.
დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს მთავრობა მივა იმ დასკვნამდე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. სხვანაირად ერთი გზა დარჩა – სოფელი გაუკაცურდება.“
ვახანელი ვეფხვია ღონღაძე იხსენებს, რომ სოფელში წლების მანძილზე დაახლოებით 75-80 ადამიანი ავეჯს ამზადებდა და სოფელიც ფეხზე იდგა. მისი თქმით, სოფლის გარეთ სახნავ-სათეს მინდვრებსა და სათიბებზე თხმელაა გადავლილი.
„ვახანში ისეთი ნაყოფიერი მიწები არ არის, რომ მოწეული მოსავალი გაყიდო, – ამბობს ვეფხვია ღონღაძე, – სოფელში ისევ მეფუტკრეობა უნდა განვითარდეს და ხის გადამამუშავებელი პატარა საამქროები შეიქმნას. კომუნისტების დროს ვახანში ფუნქციონირებდა ორი სანერგე მეურნეობა, სადაც მოჰქონდათ კიდეც ნერგები და ადგილზეც გამოჰყავდათ. ხესაც აჭრევინებდნენ მოსახლეობას და პარალელურად განაშენიანებაზეც ზრუნავდნენ. დღეს არც ერთია და არც მეორე.
ნატბევის უბანში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ათასობით ძირი ხე მოთხარა შარშან ძლიერმა ქარმა. ის ხეები ტყუილად ლპება, – არავის მისცეს. ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ალტერნატივა არ შესთავაზეს, ხე-ტყის მოპოვების შეზღუდვის სანაცვლოდ.“
ვეფხვია ღონღაძის მოსაზრებით, სოფლის ხელმძღვანელს მოსახლეობა უნდა ირჩევდეს, ადმინისტრაციულ ერთეულს თავისი ბიუჯეტი, საბანკო ანგარიში და ბეჭედი უნდა გააჩნდეს.
„საქართველოში ყველა სოფლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ტერიტორიული მოწყობაა, – ამბობს ვეფხვია ღონღაძე, – ჩემი აზრით, სოფელში რეალური თვითმმართველობა უნდა დაბრუნდეს. გზის მობეტონების სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. არავის უკითხავს მოსახლეობისთვის, მობეტონებული გზა უნდათ თუ არა.
დღეს მგელი რომ უფრო დაცულია საქართველოში, ვიდრე გლეხი, ფაქტია. ჩვენი თანასოფლელი რეინჯერის მკვლელი პრეზიდენტმა შეიწყალა, მგლის მოკვლაზე კი ხალხი სოფლიდან ლამის გაასახლონ. მგელი უკვე დღისით, მზისით გვინადგურებს პირუტყვს.
სოფელში ხალხმა ხარების გაყიდვა დაიწყო. მიწას პატარა ტრაქტორით დაამუშავებს, შეშას 300 ლარად იყიდის. მორჩა, სოფელში ხარებს აღარანაირი ფუნქცია აღარ აქვს. ხარი რომ გაყიდა გლეხმა, სხვა საქონელიც მიაყოლა და ვითომ ქალაქის ყაიდაზე დაიწყო ცხოვრება. ეს სოფელს აზარალებს.“
ნინო კაპანაძე
ლაურა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების