საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ საქართველოში, პოლონურ ორგანიზაციასთან ერთად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს.

„კივიტას გეორგიკა“ იმ ბავშვებისთვის, ვინც სკოლაში დამდეგ სასწავლო წელს იმ მიზეზით ვერ შედიან, რომ 6 წელი სწავლის დაწყებიდან მომდევნო თვეებში უსრულდებათ, სასკოლო მზაობის ჯგუფებს ქმნის. მათი მხარდაჭერით ასეთივე ჯგუფები იქმნება შერეული ასაკის (3, 4, და 5 წლის) იმ ბავშვებისთვისაც, რომელთა სოფელშიც საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასკოლო მზაობის ჯგუფები დაბა ხარაგაულსა და სოფელ ნადაბურში ფუნქციონირებს. სექტემბრიდან სასკოლო მზაობის ჯგუფი მარელისშიც ამოქმედდება.

სულ საქართველოს მასშტაბით, ამ პროექტით რვა მუნიციპალიტეტში სასკოლო მზაობის ოცი ჯგუფი შეიქმნა. წელს 12 ახალი ჯგუფი ამოქმედდება.

ვესაუბრებით ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი განათლების პროექტის მენეჯერს ალექსანდრე კალანდაძეს.

-ბატონო ალექსანდრე, როგორ მიმდინარეობს სასკოლო მზაობის ჯგუფების საქმიანობა ხარაგაულში და სად განთავსდება ჯგუფი მარელისში?

-აღსაზრდელებთან დატრენინგებული მასწავლებლები მუშაობენ. ბავშვების ცოდნის დონესა და უნარებს სასწავლო წლის მანძილზე სამჯერ ვაფასებთ, – პროექტის დასაწყისში, პროცესის შუა ეტაპზე და მაისის ბოლოს. დინამიკაში ვნახავთ, განვითარების რა დონეზე იყო ბავშვი და სასწავლო წლის ბოლოს რა ეტაპზეა.

რაც შეეხება მარელისს, სასკოლო მზაობის ჯგუფი განთავსდება მუნიციპალურ შენობაში, სადაც რწმუნებულის თანამშემწე მუშაობს. შენობაში ერთი ოთახი გარემონტდება. ივნისში მასწავლებლებისთვის ტრენინგია დაგეგმილი. ჩამოვლენ ექიმი და ფსიქოლოგი, რომლებიც ბავშვების სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეამოწმებენ. აგვისტოში შემოვიტანთ ავეჯს, – მაგიდებს, სკამებს, თაროებს, სათამაშოებს, წიგნებსა და სხვადასხვა თვალსაჩინოებებს. ბავშვებს ყველანაირი პირობა ექნებათ იმისთვის, რომ სკოლისთვის მოემზადონ.

მნიშვნელოვანია თემის, სოფლის ჩართულობა. ოთახის გასარემონტებელ მასალებს მოვიტანთ. ოთახი კი აღსაზრდელთა მშობლებმა უნდა გაარემონტონ.

მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფში 16 აღსაზრდელი უნდა მივიღოთ. ერთი აღმზრდელი მუდმივად დილიდან საღამომდე ბავშვებს ვერ მოუვლის. ამიტომ ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა, – მშობლები ძიძის ფუნქციას მორიგეობით კისრულობენ. მარელისში თითოეულ მშობელს თვეში ორჯერ 4-4 საათით მოუწევს თავისი შვილისა და მისი თანატოლების აღზრდის პროცესში ჩართვა.

ნადაბურსა და ხარაგაულში პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მაისში დასრულდება. მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფს 2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დავაფინანსებთ.  საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან და თვითმმართველობასთან სამმხრივი მემორანდუმი გავაფორმეთ. მემორანდუმში მხარეთა მოვალეობები გაწერილია. პირობა ასეთია, რომ, მას შემდეგ რაც პროექტი დასრულდება, სასკოლო მზაობის ჯგუფის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გაგრძელდეს.

-ბატონო ალექსანდრე, რა სიახლეები უნდა დაინერგოს სკოლამდელ დაწესებულებებში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ და რამდენად ვართ მზად ამისთვის?

-საქართველოში სკოლამდელი აღზრდა 2006 წლამდე ცენტრალურ ხელისუფლებას ექვემდებარებოდა და მის საქმიანობაზე პასუხისმგებელი განათლების სამინისტრო იყო. 2006 წლიდან თვითმმართველობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა და სკოლამდელი აღზრდა თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება გახდა.

გასული წლის 8 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ,“ რომელიც სრულად 2020 წლიდან ამოქმედდება. ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია – ქვეყანაში სკოლამდელი აღზრდის ოთხწლიანი რეფორმა დაიწყო. კანონის ავტორია პარლამენტარი ეკა ბესელია. ის საპარლამენტო ფორმატში სპეციალურ საბჭოს ხელმძღვანელობს, რომლის წევრებიც ვართ „კივიტას გეორგიკას,“ განათლების სამინისტროსა და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია, რომ აღმზრდელებს მიენიჭებათ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი, ძიძებს – აღმზრდელის სტატუსი. ისინი ერთად შეიმუშავებენ ჯგუფის სამუშაო გეგმას. ჯგუფში ასევე უნდა იყოს ძიძა.

ამ კანონით ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა რეგულირდება. ეს სერიოზული პრობლემაა. ბევრგან ჯგუფში 40-45 ბავშვია. პირველ საფეხურზე ბავშვთა რაოდენობა ჯგუფში 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. უფროსი ასაკის ჯგუფებში უნდა იყოს 30 აღსაზრდელი. სასკოლო მზაობის შერეული ასაკის ჯგუფებში 15 აღსაზრდელია დასაშვები.

2017 წლის პირველ ოქტომბრამდე მთავრობამ ოთხი სტანდარტი უნდა შეიმუშაოს – აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და კვებითი ნორმების. 2020 წლისთვის კი მთავრობა სამშენებლო ინფრასტრუქტურის ნორმებს დაამტკიცებს.

ყველა საბავშვო ბაღმა, კერძო იქნება ის თუ მუნიციპალური, 2018 წლის 31 დეკემბრამდე ავტორიზაცია უნდა გაიაროს. ავტორიზაციის წესის პროექტი სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელებს უკვე გავაცანით.

საბავშვო ბაღები უნდა ჩამოყალიბდეს ცალ-ცალკე ააიპ-ებად. ყველა ააიპ-ს უნდა ჰყავდეს დირექტორი. რაც შეეხება ბუღალტერს, თუ მუნიციპალიტეტში ოცი საბავშვო ბაღია, თავისუფლად შეიძლება ერთმა ბუღალტერმა 3-4 საბავშვო ბაღის ფინანსური დოკუმენტაცია მართოს.

ვინ დააფუძნებს ამ ააიპ-ებს, ეს თვითმმართველობის გადასაწყეტია. არის ორი გზა – ერთია, რომ პირდაპირ გამგებელი აფუძნებს და ის ნიშნავს ყველა საბავშვო ბაღის დირექტორს; ან გაერთიანება იცვლის სახეს, – დაერქმევა სააგენტო ან ცენტრი. ის დააფუძნებს სათითაოდ ყველა საბავშვო ბაღს და დირექტორებსაც დანიშნავს.

-ხომ არ მოუწვევთ აღმზრდელებს გამოცდის ჩაბარება?

-განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტები ძალიან ლიბერალურია და დღევანდელ რეალობასაა მორგებული. სამსახურში როგორ აიყვანს აღმზრდელ-პედაგოგსა და აღმზრდელს, ეს თვითმმართველობის გადასაწყვეტია – გამოცდას ჩაატარებს, კონკურსს დანიშნავს თუ სხვა გზას აირჩევს. სამსახურში დანიშვნამდე აღმზრდელები ტრენინგებს გაივლიან. მათი დატრენინგება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ტრენინგ-მოდულს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს.

რაც შეეხება სახელფასო განაკვეთებს, მთავრობა მინიმალურ ზღვარს დაადგენს. იმის ზევით, თვითმმართველობას თუ ექნება შესაძლებლობა, გაუზრდის ხელფასს. ერთ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ანაზღაურების კუთხით საკმაოდ დიდი განსხვავებაა, რაც სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

იმედი მაქვს, სკოლამდელი აღზრდის მაღალი სტანდარტით ფუნქციონირებისთვის ხელისუფლება ფინანსებს არ დაიშურებს.

ნინო კაპანაძე