მეორე მსოფლიო ომში ხარაგაულის რაიონიდან 5 706 კაცი გაიწვიეს. მათ შორის იყო ვახანელი ალექსანდრე (საშა) ფერაძე…
სალამი ჩემო ძვირფასო საყვარელო იულია!
გავიხარე თქვენი ამბის გაგებითა და კარგად ყოფნით. მონატრებული სალამი გადაეცი ჩემს საყვარელ მშობლებს. მომიკითხე ჩემი ლელო და ჩემი უცნობი მაყვალა. ნუთუ მართლა ისეთი კარგია, შენ რომ მწერ. მომიკითხე მათიკო, ბიქტორა, ჟორა, ვახტანგი და კუკური, ყველა მეზობელი და ნათესავი.
მე ჯანმრთელად ვარ, პირსისხლიანი ფაშისტების განადგურების განწყობაზე. შესვენების დროს მეძლევა საშუალება, თქვენზე ვიფიქრო. მტერს რომ ვუტევ, სულ იმას ვფიქრობ, საქართველოსკენ არ წამოვიდეს მათი ბინძური ნაკვალევი. უზომოდ მენატრებით, მაგრამ ასე მოითხოვს დღეს ჩვენი მდგომარეობა. უნდა გავუძლოთ ამ სიშორეს, მტრის საბოლოო განადგურებამდე.
სიზმარში გნახულობთ. ხან ჩემს გოგოებს ვხედავ, რამდენიმე წუთით თვალის მილულვის დროს, თორემ დიდხანს ძილისთვის ვის სცალია.
მტერი უკან იხევს, სისხლისგან იცლება. მოვესწრებით ალბათ მის სრულ ალაგმვას.
მე და ამბროსი კვლავ ერთად ვართ. ჭირი და ლხინი ერთი გვაქვს. თუ ბედმა არ გვიმუხთლა, ჩვენი დაშორება აღარც იქნება. ის ოჯახიდან წერილებს უფრო ხშირად ღებულობს. მომწერეთ ძალიან ხშირად. ამბავს რომ ვგებულობ, თუ გინდა მენახოთ. შემინახე ჩემი გოგონები ჩემს მოსვლამდე.
გწერს შენი მონატრებული შაშია.
17 ივლისი, 1943 წელი
და… მეტი წერილი ალექსანდრე (საშა) ფერაძეს აღარ დაუწერია.
სამი ათეული წელი ნამავდა ცრემლებით ალექსანდრე ფერაძის დედა – ანა ცუცქირიძე-ფერაძე შვილის ოპტიმიზმით სავსე ფრონტულ სამკუთხა ბარათებს და თითქოს სჯეროდა მისი დაპირება, რომ გამარჯვებული შვილი აუცილებლად დაუბრუნდებოდა ოჯახს…
1970 წელს ალექსანდრე ფერაძის ოჯახმა კვალმაძიებელი ჟურნალისტის, სტეფანე კაშურკოს, წერილი მიიღო. სტეფანე კაშურკო წერდა, რომ ლენინგრადის სამხედრო არქივში მიაგნო ქართველი მეომრების, – გვარდიის უფროსი ლეიტენანტის, ჩოხატაურელი ამბროსი თავაძის, გვარდიის სერჟანტის, ხარაგაულელი ალექსანდრე ფერაძისა და უზბეკი ლეიტენანტის ჰასიბეკ ბაიაზიტოვის მიერ ქალაქ იზიუმის მახლობლად გმირული ბრძოლების ამსახველ დოკუმენტურ მასალებს. ადგილობრივების მეხსიერებას შემორჩენია მათი თავგანწირვა და ფრონტული ეპიზოდები.
„…შუაღამე ახლოვდებოდა. ბრძოლა კი არ წყდებოდა. გათავხედებული ფაშისტები კალიასავით მოძვრებოდნენ მაღლობზე. ბეზიმიანაიას ფერდობებზე ცეცხლისა და ლითონის ნაკადი გრიალებდა, თხრიდა და ამახინჯებდა მიწას. ჩვენს მამაც მეომრებს გრუხუნი აყრუებდათ, ჭვარტლი სულს უხუთავდათ, მაგრამ უკან არ იხევდნენ. იბრძოდნენ, როგორც რაინდები და ნამდვილი გმირები.
სულ უფრო და უფრო მცირდებოდნენ მაღლობის დამცველები. დაიღუპნენ ნაღმსატყორცნთა ოცეულის მეთაური, ტანკსაწინააღმდეგო თოფების ასეულის მეთაური, მეტყვიამფრქვევეთა ოცეულის მეთაური, სნაიპერი მახროვი, მზვერავი უშნოვსკი, მძიმედ დაიჭრა მედიცინის და, მეორედ დაიჭრა თავაძე, მაგრამ ბრძოლის ველს არ ტოვებდა. ფერაძისა და ბაიაზიტოვის დახმარებით ის კვლავ ხელმძღვანელობდა ბრძოლას.
…და აი, დადუმდნენ ჩვენი ნაღმსატყორცნები და ზარბაზნები. შეწყდა ტყვიამფრქვევთა სროლაც. ტყვია-წამალი გაუთავდათ. დივიზიასთან კავშირი აღდგენილი არ იყო. მებრძოლები ძალებისაგან იცლებოდნენ. მაღლობის შენარჩუნება არაფრით შეიძლებოდა. ამბროსი თავაძემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, – გაერღვია ფაშისტთა რკინის რკალი და გაჭრილიყო თავისიანებისაკენ. ამისათვის კი ჰქონდათ ხელყუმბარები, ავტომატები, დანები და მესანგრის ნიჩბები. დადგა გადამწყვეტი წამი. თავაძე მთელი ტანით წამოიმართა. მაღლობზე გაისმა მისი ომახიანი ხმა:
-გვარდიელებო, სამშობლოსათვის, წინ!
სეტყვასავით ცვიოდა ნამსხვრევები. ტყვია წვიმასავით მოდიოდა. გვარდიელები მიეშურებოდნენ და ეცემოდნენ, თავიანთი სისხლით რწყავდნენ აბოლებულ მიწას. მტრის ტყვიამ გული განუგმირა ლეიტენანტ თავაძეს. იგი აიტაცეს სერჟანტმა ფერაძემ და ლეიტენანტმა ბაიაზიტოვმა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს და ფაშისტთა ტყვიით განიგმირნენ,“ – ადგილობრივთა ნაამბობზე დაყრდნობით გვიამბობს ჟურნალისტი სტეფანე კაშურკო წერილში „ბეზიმიანაიას გმირები“, რომელიც 1971 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა.
ბეზიმიანაიას ფერდობზე, სამასწლიანი მუხის ძირში, ერთ საძმო საფლავში მიაგნეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სამი მეომრის ნეშტს. საფლავში საბრძოლო აღჭურვილობასთან ერთად დაფერფლილ დოკუმენტთა ნაგლეჯებზე იკითხებოდა გვარები თავაძე, ფერაძე, ბაიაზიტოვი. იზიუმელებმა სამივე მებრძოლის ნეშტი ძმათა სასაფლაოზე გადაასვენეს. მადლიერების ნიშნად სამივეს „იზიუმის ოლქის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭეს.
სტეფანე კაშურკომ ხანგრძლივი ძიების შედეგად დაადგინა მათ ოჯახებში დარჩენილთა მისამართები.
1971 წლის 9 მაისს ამბროსი თავაძის, ალექსანდრე ფერაძისა და ჰასიბეკ ბაიაზიტოვის ოჯახის წევრები და ახლობლები ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის ხელმძღვანელობამ მიიწვია. უკრაინაში ამაღელვებელ შეხვედრებსა და გულუხვ მასპინძლობას უკრაინელთა საქართველოში ვიზიტი მოჰყვა.
28 წლის განმავლობაში ჩემი ბაბუა უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ ბეზიმიანაიას გმირულად დამცველი მეომრების ხსოვნას წმინდად ინახავდნენ იზიუმის ოლქის მაცხოვრებლები.
ალექსანდრე ფერაძე ერთ-ერთია ფრონტზე გმირულად დაღუპულ მეომართა შორის. მეორე მსოფლიო ომში ხარაგაულის რაიონიდან 5 706 კაცი გაიწვიეს. მათგან 2 704 შინ აღარ დაბრუნებულა. განსაკუთრებული გმირობისათვის ხარაგაულის რაიონიდან საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა ექვს მეომარს: დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ბუაჩიძეს, ვლადიმერ ლურსმანაშვილს, გიორგი ინასარიძეს, ვახტანგ ლეჟავასა და შოთა გამცემლიძეს.
სამარადჟამო დიდება გმირებს, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლაში მამაცურად დაიღუპნენ. მათი გმირობის ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემა!
ლაურა გოგოლაძე
ფოტოებზე: ალექსანდრე ფერაძის ქვრივი იულია ფერაძე ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში ძმათა სასაფლაოზე გამართულ მიტინგზე;
ჟურნალისტი სტეფანე კაშურკო მხატვრებთან ერთად ალექსანდრე ფერაძის, ამბროსი თავაძისა და ჰასიბეკ ბაიაზიტოვის ახლადშექმნილ პორტრეტებს ათვალიერებს;
შინმოუსვლელი გმირის 86 წლის დედა ანა ცუცქირიძე-ფერაძე შვილთაშვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვახანში. 1971 წელი.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.