9 მაისს ხარაგაულში ომში დაღუპულთა მემორიალთან ომის ვეტერანები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბენ.

ხარაგაულში მცხოვრები ომის 13 ვეტერანიდან საზეიმო ღონისძიებაზე მოსვლა მხოლოდ ორმა მათგანმა – გიორგი (ჟორა) ბლუაშვილმა და იური ბუაჩიძემ შეძლეს.

ომის ვეტერანებს ხარაგაულის კულტურის ცენტრის თანამშრომლები მაია ბერაძე და გიორგი ჭიპაშვილი მიესალმენ.

საზეიმო ღონისძიებაზე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არმაზი შავიძემ და გიგა ხიჯაკაძემ ომის თემაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს.

კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „კახორი“ სიმღერები შეასრულა.

ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ მიულოცა. მან ვეტერანებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მისალოცი ბარათები და საჩუქრები გადასცა.

ხარაგაულის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი ბლუაშვილმა აღნიშნა, რომ ომის მონაწილეებისა და მთელი მსოფლიოსთვის 9 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა. გიორგი ბლუაშვილმა ისურვა, რომ აღარასოდეს განმეორდეს ომის საშინელება და სისხლისღვრა.

მეორე მსოფლიო ომში 700 ათასი ქართველი იბრძოდა. მათგან შინ 300 ათასი მებრძოლი დაბრუნდა. ხარაგაულიდან ომში 5 706 კაცი გაიწვიეს. ომში 2 704 ხარაგაულელი მებრძოლი დაიღუპა.

განსაკუთრებული გმირობისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ექვს ხარაგაულელ მეომარს – დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ბუაჩიძეს, ვლადიმერ ლურსმანაშვილს, გიორგი ინასარიძეს, ვახტანგ ლეჟავასა და შოთა გამცემლიძეს მიენიჭა.