ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეს, ვახანელ ვერა მასკოვცევა-არევაძეს ორი თვის წინ 95 წელი შეუსრულდა.
72 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ თავისი მომავალი ცხოვრება ვახანელი ვანო არევაძესთვის დაეკავშირებინა. ვერა მასკოვცევა ომში მომავალ მეუღლესთან ერთად იბრძოდა. ორივე საარტილერიო ნაწილის რადისტები იყვნენ. ლენინგრადის კიროვის ქარხნის მოანგარიშე ქალბატონი ვერა ფრონტზე საკუთარი სურვილით წავიდა. ის ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეა.
„ომი საშინელება იყო, – იხსენებს ვერა მასკოვცევა, – ხალხი შიმშილით იხოცებოდა. შიმშილით დაიღუპა მამაჩემი. ჩემი და შიმშილისგან დაავადდა და მოგვიანებით ისიც გარდაიცვალა. მახსოვს, ბავშვების ევაკუაცია დაიწყეს. მხოლოდ ერთი გზა იყო გახსნილი ლადოგის ტბაზე. საუბედუროდ, ბავშვებით სავსე გემი დაბომბეს. არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა.
ყველა ლენინგრადელი, ვისაც შეეძლო, ომში მიდიოდა. უბინაოდ და უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები იკარგებოდნენ. ლენინგრადელებმა ისეთი სულიერი სიძლიერე გამოავლინეს, რომ დიდი გაჭირვების მიუხედავად, მაინც იბრძოდნენ, ქალაქი არ დატოვეს. მოსახლეობის ნაწილი ევაკუაციით ციმბირში მოხვდა.
ომი რომ დამთავრდა, დაბრუნდნენ, მაგრამ რაღა დაბრუნება იყო, – დაბომბილი, დანგრეული, განადგურებული ქალაქი დახვდათ. აღარც ჩემს ოჯახს ჰქონდა ბინა. დედამ და ჩემმა ძმამ ცხოვრება ხელახლა დაიწყეს.
მომავალი მეუღლე ომში გავიცანი. ჯარში სამსახურს რომ ამთავრებდა, სწორედ მაშინ დაიწყო ომი.
მერე სახლში ვინღა გამოუშვებდა. ვახანში რომ წამოვყევი, აქ დიდი ოჯახი დამხვდა. ძალიან კარგად შემხვდნენ დედამთილი, მამამთილი, მაზლები და რძლები. ბევრს შრომობდნენ. მეც ჩავები სოფლის ცხოვრებაში. თავიდან ცოტა გვიჭირდა. პროდუქტები ძვირი იყო. უმეტესად მჭადს ვჭამდით. მამამთილი რკინიგზაზე მუშაობდა და მას პურს აძლევდნენ ხოლმე.
მოანგარიშედაც შემეძლო მუშაობა, მაგრამ ქმარმა უმაღლესი პარტსკოლა დაამთავრა. სხვადასხვა წლებში კოლექტივის თავმჯდომარედ და საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა. ძვირფასი ავტორიტეტი ჰქონდა ხარაგაულში.
დედაჩემი ვახანში ჩამოვიდა და არ მოეწონა, რომ სოფელში ვცხოვრობდი. ბევრიც იტირა, მაგრამ მე ძალიან კარგი ქმარი მყავდა. ოჯახშიც პატივს მცემდნენ და მერე დედაც შეეჩვია.
ქართულად წერა-კითხვა ჩემს შვილთან ერთად ვისწავლე. კითხვა ძალიან მიყვარდა. ბევრი წიგნი მქონდა, – რუსულიც და ქართულიც.
სანამ შემეძლო, ომის დასრულების აღსანიშნავად, 9 მაისს ლენინგრადში ჩავდიოდით. ჩვენს ნაწილს განსაკუთრებულ შეხვედრას უწყობდნენ. მოსწავლეები კონცერტით გვხვდებოდნენ. უზარმაზარ ძმათა სასაფლაოზე მივდიოდით. ვახანში ხშირად ჩამოდიოდნენ ომის ამხანაგები. ყველა ძალიან კარგად მახსენდება. ახლა არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარაა…“
17 წლის წინ ქალბატონ ვერას მეუღლე გარდაეცვალა. ვახანში ახლა შვილთან და რძალთან ერთად ცხოვრობს. კარგი პატრონი მყავს, არაფერი მაკლიაო, – ამბობს ვერა ბებო და იმაზე წუხს, მრავალრიცხოვან სოფელ ვახანში მოსახლეობა რომ შემცირდა. ზაფხულში კი გულს უხარებს ბავშვების ჟრიამული.
ომის ვეტერანი ვერა მასკოვცევა-არევაძე მრავალი მედლითაა დაჯილდოებული. მათ შორის აღსანიშნავია სამამულო ომის წითელი ვარსკვლავის ორდენი.
„ომის ვეტერანები ცოტაღა დავრჩით, – ამბობს ქალბატონი ვერა, – ცხოვრებაში მთავარია მშვიდობა. ომი ყველაფერს ანადგურებს. თუ იქნება მშვიდობა და მეგობრობა, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ერთმანეთს დავჭამთ, რა გამოვა…“
ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ომის ვეტერან უხუცეს ქალბატონს.
ნინო კაპანაძე
ლაურა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.