ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მამუკა ჭყოიძე გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას ტენდენციურობას აბრალებს. ამის მიზეზად მამუკა ჭყოიძე პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის ავტომანქანის მძღოლის ავტოავარიის გაუშუქებლობას ასახელებს. „შარშან აშუქებდით გამგებელ თორნიკე ავალიშვილის ავტოავარიას. წელს რატომ არ დაწერეთ პარლამენტარის ავტომანქანა რომ ავარიაში მოჰყვა?“ – კითხულობს მამუკა ჭყოიძე.

შარშან გაზეთ „ჩემ ხარაგაულში“ და ასევე სხვა მედიასაშუალებებში გაშუქდა არა თავად ავარიის ფაქტი, არამედ ის, რომ გამგებელმა ავარიის ფაქტი დამალა და არ განაცხადა პოლიციაში. შესაბამისად, არ გამოვლინდა დამნაშავე, რომ მას დაკისრებოდა ზარალის ანაზღაურება. ავტომანქანის დაზიანების მიზეზად კი სეტყვა დასახელდა. გამგებლის ავტომანქანა, კანონის დარღვევით, საბიუჯეტო თანხებით შეაკეთეს, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 18 ათას ლარამდე დაუჯდა. ამ საქმეს პროკურატურა იძიებდა.

პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის მძღოლს 21 ნოემბერს შეემთხვა ავარია, რაც იმ დღესვე გაცხადდა პოლიციაში. პოლიციის უფროსმა დავით კაპანაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მაშინვე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი, რომელიც საპატრულო პოლიციას გადაეცა. „ავარიისგან არავინაა დაზღვეული. მეც შემემთხვა და, რასაკვირველია, ამაზეც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოუვა ავტოავარია,“ – ამბობს დავით კაპანაძე.

პარლამენტარის ავტომანქანის მძღოლ ვ. ორლოვს სამი წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება. ვ. ორლოვმა შეწყალების მოთხოვნით მიმართა საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარ სამმართველოს, რომ მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვლილიყო ჯარიმით. 26 ნოემბერს ვიტალი ორლოვმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გადაიხადა ჯარიმა 1 000 ლარი.

პარლამენტარ ნოდარ ებანოიძისგან და დეპუტატის ბიუროსგან მიღებული ინფორმაციით, ვ. ორლოვმა მიმართა პარლამენტის აპარატს, რომ მისცენ ორთვიანი ვადა ავტომანქანის საკუთარი სახსრებით შესაკეთებლად.