downloadხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთავრობას 2014 წელს განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა. მომავალი წლისთვის იგეგმება კიცხი-ხიდარის ხუთკილომეტრიანი, ვარძია-წყალაფორეთის ორკილომეტრიანი, ხარაგაული-ფარცხნალის 2,1 კილომეტრიანი გზების მოასფალტება. კიცხი-ხიდარის გზის მოასფალტების საორიენტაციო ღირებულებაა 1 300 000 ლარი, ვარძია-წყალაფორეთის გზის – 500 ათასი ლარი და ხარაგაული-ფარცხნალის გზის – 500 000 ლარი.

ნაპირსამაგრი სამუშაოებია დაგეგმილი დაბა ხარაგაულში, ნადაბურში, ხევში, ფარცხნალში, წიფაში, ხიდარში, ვახანში, ღორეშაში, სარგვეშსა და ბორითში. ამ სამუშაოებზე, 650 ათასი ლარია განსაზღვრული.

დაბა ხარაგაულში, დიდვაკესა და მოლითში მრავალბინიანი სახლების გადახურვის პროექტის საორიენტაციო ღირებულება 120 ათასი ლარია;

გარე განათება ხარაგაული-საქარიქედის გზის ოთხკილომეტრიან, ისლარი-ფარცხნალის გზის ერთკილომეტრიან და ბორითი-მაქათუბნის გზის მონაკვეთებზე, სავარაუდოდ, 80 ათასი ლარი დაჯდება.

ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება საბავშვო ბაღების მშენებლობას გეგმავს სოფელ ხიდარში, ბორითსა და წყალაფორეთში. ბორითში საბავშვო ბაღის მშენებლობა, სავარაუდოდ, 200 ათასი ლარი დაჯდება, წყალაფორეთში – 122 400 ლარი, ხიდარში – 122 400 ლარი.

სოფელ ნადაბურში მდინარე ძირულაზე 300 ათას ლარად ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი.

150 ათასი ლარი სჭირდება საქასრიაში ხიდის მშენებლობას.

დაბა ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის სახარჯთაღრიცხვო-საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას სჭირდება 60 000 ლარი.

მომავალ წელს იგეგმება ხარაგაული-ბაზალეთი-სარგვეში-უბისის გზის 20 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რასაც სავარაუდოდ, 60 000 ლარი დასჭირდება.

ხარაგაულში ღია ესტრადისა და პარკის რეაბილიტაციისთვის საჭიროა 306 ათასი ლარი.

ეს პროექტები, მთავრობისგან მათი დამტკიცების შემთხვევაში, 2014 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყება და მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება.