ოცდაერთი წელია, რაც საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი შეიქმნა.
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, იმუნიზაცია, ეპიდზედამხედველობა, უსაფრთხო სისხლი, პროფესიულ დაავადებათა პრევენცია, ტუბერკულოზის მართვა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, აივ-ინფექცია/შიდსი, ჯანმრთელობის ხელშეწყობა – ცენტრის მიერ შემუშავებულ ამ ცხრა პროგრამას ორი წლის წინ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაემატა.
რა სიახლეებია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობაში, რა მნიშვნელობა აქვს დაავადებების საწყის ეტაპზე გამოვლენას და ვინ უნდა მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია მოსალოდნელ რისკებზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე გვესაუბრება:
-საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. მათი ძირითადი ფუნქცია ეპიდზედამხედველობა და იმუნიზაციის კონტროლია. იმუნიზაცია ვაქცინებით მომარაგებას და მეთოდურ კონტროლს ითვალისწინებს.
ეპიდზედამხედველობის პროგრამა საშიში ინფექციების მართვას მოიცავს. მაგალითად, ამ კვირაში თერჯოლიდან ტულარემიის კვლევას ვიწყებთ. ორი შემთხვევა ლაბორატიულად დადასტურდა. ეს ზოონოზური ინფექცია ადამიანზე შეიძლება მღრღნელებისგან, დაბინძურებული საკვებისგან ან წყლისგან გავრცელდეს. დაავადება განკურნებადია.
ეს ფაქტი საყურადღებოა, რადგან დასავლეთ საქართველოში ტულარემიის შემთხვევა ამ დრომდე არასდროს დაფიქსირებულა. ზოგადად, ინფექციური დაავადებების არეალი იზრდება. ამის მიზეზია როგორც ადამიანური, ისე ეკონომიკური მიგრაცია. ადრე თუ იმერელი გლეხი საქონელს მხოლოდ თავის ყანაში მოყვანილი ჩალით კვებავდა, ახლა პირუტყვის საკვები აღმოსავლეთ საქართველოდან მოაქვს, რასაც, შესაძლოა, ტკიპა ან დაავადების სხვა გადამტანი გამოყვეს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების მიერ მოსახლეობის ინფორმირება. ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს, სოფლად მცხოვრებ ფერმერებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა საშიშ და სარისკო დაავადებასთან დაკავშირებით.
-ბატონო გოჩა, რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ?
– 2015 წელს საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის მეთოდური მხარდაჭერით პრევალენტობის კვლევა ჩატარდა. დადგინდა, რომ საქართველოში მოსახლეობის 7,7% ანტისხეულებზე დადებითია, ხოლო 5,4% მკურნალობას საჭიროებს. საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია.
სკრინიგ ეტაპზე პაციენტი თანხას არ იხდის. თუ ტესტმა აჩვენა, რომ პაციენტი C ჰეპატიტზე დადებითია, შემდგომი კვლევისთვის უნდა მივიდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ კლინიკებში.
ქუთაისში ოთხი ასეთი კლინიკაა – „მედიქალსიტი“ – ფოთის ქ. #40; „ლივერმედი“ – თამარ მეფის ქუჩა #26; „ჰერა 21“ – მესხის ქ. #67, იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი – რუსთაველის გამზირი #27/გრიშაშვილის IV შესახვევი #9. აღსანიშნავია, რომ ეს ცენტრი განსაკუთრებული შეღავათებით ემსახურება იმ პაციენტებს, რომლებიც აფხაზეთიდან გადმოდიან საქართველოში სამკურნალოდ.
ამ კლინიკებში გამოკვლევისთვის ფულია გადასახდელი. თანხის 70% პაციენტმა უნდა გადაიხადოს, 30%-ს სახელმწიფო ფარავს. პაციენტს, სავარაუდოდ, 350 ლარის გადახდა უწევს. თუ პაციენტი სოციალურად დაუცველია, მომსახურების ღირებულების 30%-ს იხდის.
მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა სოციალურ პაკეტში გაითვალისწინეს თანხა და მოქალაქეებს ლაბორატორიულ კვლევებს უფინანსებენ.
საქართველოში მედიკამენტით მკურნალობა უფასოა. ამერიკაში C ჰეპატიტზე მკურნალობა 95 ათასი აშშ დოლარი ღირს. გაჟღერდა, რომ ექსპერიმენტს ატარებენ ჩვენს მოსახლეობაზე. ეს წამლები გამოცდილია მთელ მსოფლიოში.
თუმცა ექსპერიმენტია ის, რომ დაფიქსირდეს C ჰეპატიტის დამარცხების პრეცედენტი
–ბატონო გოჩა, ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობა, მაგრამ რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ არ დაავადდეს?
-მთავარი ისევ და ისევ არის ინფორმირებულობა სისხლით გადამდები დაავადებებისა და მისი თავიდან აცილების შესახებ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იწყებს შედარებით გაუკონტროლებელი სფეროს – სილამაზის სალონების შემოწმებას, სადაც ჩვეულებრივი ოპერაციები ტარდება – ირღვევა კანის მთლიანობა პირსინგისა და ტატუს დროს. სისხლთან კონტაქტით შეიძლება დაინფიცირდეს როგორც პერსონალი, ისე სხვა კლიენტი.
სალონების ხელმძღვანელებს მივაწოდეთ ინფორმაცია. ადგილორივმა თვითმმართველობებმა უნდა გამოსცენ ბრძანება და დაამტკიცონ მონიტორინგის განრიგი, საჯარიმო ოქმი და კითხვარი. ეს პროცესი ჭიათურაში უკვე დასრულებულია და მალე მონიტორინგს დაიწყებენ.
თუ სალონებში არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, მონიტორინგის ჯგუფი გონივრულ ვადას უწესებს მდგომარეობის გამოსასწორელად. ერთჯერადი მაკრატელის, სასტერილიზაციო აპარატისა და სავარცხელის შეძენას დიდი დრო არ სჭირდება. სალონს საჭირო ინვენტარის სამი კომპლექტი მაინც უნდა ჰქონდეს. თავი რომ დავანებოთ სისხლით გადამდებ დაავადებებს, უამრავი სახის სოკოა გავრცელებული, რომლებიც ადამიანს შეიძლება თმის შეჭრის დროს გადაედოს. ვის გაეხარდება, სალონიდან გამოვიდეს გაპრანჭული და სოკოთი ან შიდსით დაინფიცირებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ მოვითხოვოთ სათანადო პირობები.როგორც აღვნიშნე, მონიტორინგის პირველ ეტაპზე საჯარიმო ოქმი არ ივსება. გონივრული ვადის შემდეგ თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, შეივსება ოქმი და სასამართლო გადაწყვეტს, სალონი დააჯარიმოს თუ დახუროს.
–რა სიახლეებია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის პროგრამებში?
-კიბოს პრევენციის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა დავიწყეთ. მისაბაძია ის, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა გააკეთა. მინდა მადლობა ვუთხრა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროსს, შმაგი ხიჯაკაძეს, რომელიც ორგანიზებას უწევს მოსახლეობის პროგრამაში ჩართულობას. ხარაგაულიდან ქუთაისში მოჰყავთ ქალბატონები საშვილოსნოსა და ძუძუს კიბოზე, მამაკაცები – პროსტატის გამოსაკვლევად. ეს გამოკვლევები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საწყის ეტაპზე გამოვლენილი დაავადება განკურნებადია. კარგი იქნება, თუ სხვა მუნიციპალიტეტები მიბაძავენ ხარაგაულს. სახელმწიფო გაძლევს საშუალებას, რომ უფასოდ გამოიკვლიო შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს შანსი ყველამ უნდა გამოიყენოს.
ძალიან მნიშვნელოვანია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. მიღებულია კანონი, რომელიც 2018 წლიდან შევა ძალაში. შეურაცხმყოფელიც კია, რომ კანონმა დაგავალდებულოს, არ მოწიო სიგარეტი დახურულ სივრცეში ქალთან, ბავშვთან ან ავადმყოფთან ერთად.
ერთია ინფორმირებულობა, მეორეა, ადამიანი ამ ინფორმაციას რამდენად იღებს. ცოდნა გადაცემულად მაშინ ითვლება, როცა ქცევა იცვლება. ქცევის შეცვლას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ამიტომ ახალ-ახალ სტრატეგიებზე ვმუშაობთ. სკრინინგში სოფლის ექიმების, ადგილობრივი ხელისუფლების, სოფლის რწმუნებულების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მიმართულება უნდა გამოვიყენოთ, ყველაფერი უნდა ვცადოთ მოსახლეობის ინფორმირებისთვის. თუ ყველა მცდელობის შემდეგაც ვინმე გადაწყვეტს, რომ არ უნდა ვაქცინაცია და სკრინინგი, ძალას ვერ დავატანთ.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების