კლასიკური მუსიკით საბავშვო ბაღის ასაკიდან დაინტერესდა. ამბობს, რომ ფორტეპიანოს ხმის გაგონება მასში ყოველთვის განსაკუთრებულ და განსხვავებულ ემოციას იწვევდა.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მეორე კლასში სწავლობდა ანა მაჭავარიანი, როცა სამუსიკო სკოლის კარი იმ გადაწყვეტილებით შეაღო, რომ ვიოლინოზე სწავლას დაუფლებოდა.
მას შემდეგ კვირაში ორჯერ პედაგოგ თამარ ჩიმაკაძესთან მეცადინეობდა, ყოველდღე საათობით სახლში უკრავდა.
„დიდ ენერგიას, თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს ვიოლინოზე დაკვრა, – გვიამბობს ანა, – პირველი ორი წელი ხალისით ვსწავლობდი, მაგრამ მეოთხე-მეხუთე კლასში რომ გადავედი, ცოტა სიზარმაცე მომეძალა. მალევე მივხვდი, რომ ვიოლინოთი მსმენელის წინაშე გამოსვლა ძალიან მსიამოვნებდა. სიზარმაცე ვიოლინოს შესწავლის დიდმა სურვილმა და მონდომებამ დამაძლევინა.“
ანა იხსენებს, თუ როგორ უხსნიდა თამარ მასწავლებელი თავიდან ინსტრუმენტის შემადგენელ ნაწილებს. ვიოლინოსა და ბანის გასაღების შესწავლის შემდეგ ნელ-ნელა ნოტების კითხვაზე გადავიდა. პირველი კლასის დამთავრებისას სამუსიკო სკოლის კონცერტზე ბეთჰოვენის „ზაზუნა“ შეასრულა და ოცნებაც – დამდგარიყო სცენაზე – აიხდინა.
ანა მაჭავარინი ცხრა წლის მანძილზე შესწავლილი ნაწარმოებებით ხარაგაულელი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით 12 აპრილს წარდგა. ამბობს, რომ სოლო კონცერტი მისთვის ცხოვრების ახალი საფეხური და ახალი გამოწვევაა.
კლასიკური მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარულის მიუხედავად, ანა მუსიკოსობას არ აპირებს. ბავშვობიდან საგამოძიებო ლიტერატურა იტაცებს და იურისტობას გეგმავს. წარჩინებული მოსწავლე განსაკუთრებულ ყურადღებას სასკოლო საგნებს უთმობს. ბოლო ერთი წელია, ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა და თავის სულიერ მდგომარეობას ნახატებში გადმოსცემს. ძალიან უყვარს გალაკტიონის პოეზია.
ანა მაჭავარიანი არაერთი მუსიკალური კონკურსის ლაურეატია. მიიჩნევს, რომ მუსიკის ნიჭი მშობლებიდან და ბებია-ბაბუასგან გამოჰყვა.
მისი დიდი სურვილია, რომ მშობლიური ხარაგაულისა და სამშობლოსთვის მცირედის გაკეთება შეძლოს.
„ანას პატარაობიდანვე ეტყობოდა, რომ სიმღერა შეეძლო, – იხსენებს ანას მამა ნიკოლოზ მაჭავარიანი, – კარგად არჩევდა ხმებს. დედაჩემს ჰგავს. დედამ, ცაცო შათირიშვილმა, – გიტარაზე, ფორტეპიანოსა და აკორდეონზე დაკვრა თავისით ისწავლა. სულაც არ ვფიქროდით ანას ვიოლინოს კლასში შეყვანას. თავად მოინდომა.
ძალიან ვწუხარ, რომ თავად, ბავშვობაში, სერიოზულად არ მივუდექი კლასიკური მუსიკის შესწავლას. ამიტომ ვცდილობდი, რომ ჩემ შვილებს მეტი ესწავლათ. არ არის აუცილებელი, რომ ყველა დიდი პროფესიონალი მუსიკოსი გამოვიდეს და მსმენელი გააოგნოს.
კლასიკურ მუსიკასთან ახლოს ყოფნა იმას ნიშნავს, რომ უკეთესი ადამიანი ხარ, უკეთესი სულიერი სამყარო გაქვს. ანას შეუძლია, რომ ცხოვრება მუსიკასთან ერთად გააგრძელოს. აქვს თავისი სამყარო და დღეს თუ ხვალ აუცილებლად გადაწყვეტს, რა პროფესიას დაეუფლოს.“
ანა მაჭავარიანის მუსიკოსად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი მისმა მასწავლებელმა, თამარ ჩიმაკაძემ, ითამაშა. ქალბატონი თამარი ამბობს, რომ ანამ დიდი სიბეჯითე გამოიჩინა, არასდროს გაუცდენია გაკვეთილი და სამუსიკო სკოლის ყველა კონცერტში მონაწილეობდა. მასწავლებელს რომ გაეხარდება, ანა ისეთი მოსწავლეაო, – ამბობს თამარ ჩიმაკაძე.
თამარ მასწავლებელს გული მხოლოდ იმაზე წყდება, რომ კვირაში ორი დღე არასაკმარისია ვიოლინოზე სამუსიკო სკოლაში სამეცადინოდ.
მასწავლებლისა და მოსწავლის საუკეთესო ალიანსზე საუბრობს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის კონსულტანტი, თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სასწავლებლის საფორტეპიანო კათედრის უმაღლესი კატეგორიის პედაგოგი ზურაბ ვასაძე. ბატონი ზურაბი მიიჩნევს, რომ ანა წლიდან წლამდე იზრდებოდა როგორც მუსიკოსი და მისი კლასი თანდათან მაღლდებოდა.
„რაც მთავარია, ანამ და თამარმა საერთო ენა იპოვეს, რაც პედაგოგის დამსახურებაა და ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ზურაბ ვასაძე, – ვიოლინოზე უფრო იშვიათად უკრავენ ბავშვები, ვიდრე ფორტეპიანოზე. ანა საკმაოდ რთულ პროგრამას ასრულებს. გარდა კარგი მუსიკოსობისა, ის შესანიშნავი პიროვნებაა. დარწმუნებული ვარ, ანა მაჭავარიანის სოლო კონცერტი დიდხანს გვემახსოვრება. ვუსურვებ ანას, რომ აირჩიოს ის პროფესია, რომელიც მის გულთან ახლოსაა, რომელიც მას მოსწონს, ეხერხება და სიამოვნებას მიანიჭებს.“
დიდი ტრადიების მქონე ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ვიოლინოს განყოფილება 1997 წლიდან მოქმედებს. სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე ამბობს, რომ ვიოლინოს შესწავლა აბსოლუტურ სმენასთან ერთად დიდ მონდომებასთან და შრომასთანაა დაკავშირებული.
„ანამ და მისი არაჩვეულებრივმა პედაგოგმა თამარ ჩიმაკაძემ სოლო კონცერტზე შეაჯამეს მუსიკალურ სკოლაში გატარებული ცხრა წელი, – ამბობს ლალი ალექსიძე, – ქუთაისიდან კვირაში ორჯერ თამარ მასწავლებლისთვის ხარაგაულში მოსვლა რთულია, მაგრამ იმდენად უყვარს თავისი საქმე და მოსწავლეები, რომ არანაირ წინააღმდეგობას არ უშინდება.
სოლო კონცერტი შემსრულებლისგან უდიდეს ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ძალიან მიხარია, რომ ანას მონდომებას მხარი დავუჭირეთ. ანა მაჭავარიანის სოლო კონცერტი ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს სტიმულს მისცემს.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ წარმატებულ მისიკოსობასთან ერთად ანა მაჭავარიანი კარგი მოცეკვავე და მსახიობია.
„მიხარია, რომ ხარაგაულს ასეთი წარატებული მომავალი ეზრდება, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – მინდა ანას მშობლებსა და ყველა მასწავლებელს, ვინც ანას აღზრდაში მონაწილეობა მიიღო, დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან ჩვენ დღეს ვნახეთ შემდგარი მუსიკოსი და პიროვნება.“
ანა მაჭავარიანის სოლო კონცერტში მონაწილებდნენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ელენე მესხი, თინათინ და არმაზი შავიძეები, სალომე კვირიკაშვილი. ანას აკომპანიოტობას უწევდნენ სამუსიკო სკოლის პედაგოგები – დარეჯან გვაძაბია, დალი მერაბიშვილი და ხათუნა მაჭავარიანი.
ანას მრავალმხრივ შემოქმედებით უნარებზე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა დალი ლურსმანაშვილმა და მერი გიორგიძემ ისაუბრეს.
ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრენ.
სოლო კონცერტი მამა-შვილის – ანა და ნიკოლოზ მაჭავარიანების – მიერ შესრულებული ფრენსის ლეის „სიყვარულის სიმფონიით“ დასრულდა.
წარმატებებს ვუსურვებთ ანა მაჭავარიანს.
ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძე
გთავაზობთ რამდენიმე ნომერს ანა მაჭავარიანის სოლო კონცერტიდან
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების