„ბავშვობაში ფერწერით ვიყავი გატაცებული. ხატწერა განსხვავებული რამაა. ძალიან დიდი სულიერი სიმშვიდე მეუფლება, როცა ხატზე ვმუშაობ. ამ დროს ვგრძნობ, რომ უფალი ჩემთანაა, – ამბობს ხარაგაულის მაცხოვრის შობის მშენებარე ტაძრის მეჩუქურთმე ბესო ლაცაბიძე.

ბესო 1981 წლის 24 სექტემბერს დაიბადა. დიდვაკის სკოლაში არასრული საშუალო განათლების მიღების შემდეგ ხარაგაულის #2 საშუალო სკოლა დაამთავრა. სამი წელი ქუთაისის ავტოტექნიკუმში სწავლობდა. შემდეგ ხატწერის შესწავლა შეუდგა.

ლეღვნის საჯარო სკოლაში ხატვას ასწავლიდა, ახალგაცნობილი თორნიკე ბაკურაძისგან რომ გაიგო, – ხარაგაულის მშენებარე ტაძრისთვის მეჩუქურთმეს ეძებდნენ. თავიდან უარი თქვა, შეეშინდა, ქვაზე ადრე არასდროს უმუშავია. ცეზარი ბუბულაშვილის თხოვნით მაინც სცადა.

„სამი დღე ვლოცულოდი, რომ უფალს ქვაზე მუშაობის ძალა მოეცა. მოხდა სასწაული და 2012 წელს შევქმენი პირველი ჩუქურთმა „აყვავებული ჯვარი“, რომელიც უკვე ტაძრის კედელშია. დიდი შიშით ვმუშაობდი, თუმცა გამომივიდა“, – იხსენებს ბესო.

ხატი, ჯვარი თუ სხვა სიწმინდე, რომელიც ქვაზე უნდა გადაიტანოს, ჯერ ფურცელზე ესკიზის სახით გადააქვს, შემდეგ კი გალობის თანხლებით ქვაზე იწყებს მუშაობას. ამბობს, რომ არ უჭირს და დიდ დროსაც არ საჭიროებს ხატის შექმნა. თუმცა, გააჩნია მის სიღრმესა და სიდიდეს.

„ტაძრის კედელზე მუშაობა უფრო რთულია. ქვაზე ხის დანებით ვმუშაობ. ქვის იარაღები არ მაქვს. ყველაზე დიდი ზომის ხატი, რომელსაც ამ ტაძრისთვის შევქმნი, არის „საიდუმლო სერობის“ ხატი, რომლის ესკიზიც უკვე გავამზადე. მალე დავიწყებ მის ქვაზე გადატანას, – ამბობს ბესო.

გარდა ხატწერისა, ბესო მუსიკითაა გატაცებული. თითქმის ყველა საკრავზე უკრავს, თუმცა არავის უსწავლებია, თვითონ დაეუფლა. ყველა მელოდიას სმენით აწყობს.

ხარაგაულში გიტარის წრე აქვს გახსნილი, სადაც რვა მოსწავლეს გიტარაზე დაკვრას ასწავლის. სამომავლოდ ახალგაზრდებისათვის ხატწერისა და ფერწერის სწავლებას აპირებს. ხატავს ყველანაირ მასალაზე, – გაფუჭებულ ფოტო ფირებზე, უბრალო ქაღალდზე, მუყაოზე, ხეზე, მდინარის ქვებზე და ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

„ხელოვნების მუშაკები ცოტა განსხვავებული ადამიანები არიან, – ამბობს ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის დირექტორი ცეზარ ბუბულაშვილი, – მათი შემოქმედება მუზაზეა დამოკიდებული. როგორც პოეტს არ შეუძლია ყოველთვის ლექსები წეროს, ასეა ბესოც, – თავისებური მუზა სჭირდება სამუშაოდ. ქუთაისიდან მოვიწვიეთ განთქმული სპეციალისტები, ძალიან ცნობილი ტაძრები რომ მოაპირკეთეს. თუმცა მე ვერ დავინახე, რომ ბესოზე უკეთესად რამე გააკეთეს.

ბესო ძალიან ნიჭიერია. ალბათ უფალმა არგუნა, რომ ხარაგაულის ტაძარი უშუალოდ მისგან უნდა მოჩუქურთმებულიყო. მას წინ დიდი პერსპექტივები აქვს. ბესო დიდხანს, ძალიან დიდხანს იმუშავებს და თავის კვალს დატოვებს ქართულ ხუროთმოძღვრებაში“, – დარწმუნებულია ცეზარ ბუბულაშვილი.

„აღსანიშნავია მისი შემართება. მას დაუღალავად შეუძლია იმუშაოს და აკეთოს ჩუქურთმები. აღფრთოვანებული ვარ მისი შემოქმედებით და წარმატებებს ვუსურვებ მას“, – ამბობს ხარაგაულის სამლოცველო სახლის წინამძღვარი მამა ანტონი (სულთანიშვილი).

თამთა გოგოლაძე