პროცესმა, რომელიც ბორითის საჯარო სკოლაში გასული წლის ნოემბერში დაიწყო, სასკოლო გარემოში დაძაბულობა შექმნა. სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბარში ამბობენ, რომ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი მეათეკლასელის ბებიამ დირექციას საჩივრით მიმართა.

„სკოლიდან ატირებულმა შვილიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, – იხსენებს მოსწავლის ბებია, – დედა ცუდი სიტყებით მოუხსენია და გაანერვიულა. ჩემს შვილიშვილს სამი დღის განმავლობაში მკლავი დალურჯებული ჰქონდა. მაშინვე ვერ მოვიფიქრე, რომ ექსპერტიზაზე წამეყვანა. მასწავლებლის კანონის შესაბამისად დასჯა მოვითხოვე.“

მოსწავლის ბებია გვიამბობს, რომ მის შვილიშვილს იგივე მასწავლებელმა შარშანწინაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც ქალბატონი ამბობს, ამის მოწმეა კლასის ხელმძღვანელი. მასწავლებელს მაშინაც ცუდი სიტყვებით მოუხსენიებია მოსწავლის დედა, რომელიც უცხოეთში სამუშაოდაა წასული.

მოსწავლის ბებიის განცხადება სკოლის ადმინისტრაციამ სადისციპლინო კომიტეტს განსახილველად გაუგზავნა. კომიტეტმა საქმე გამოიკვლია და 9 დეკემბერს გადაწყვიტა, რომ მასწავლებელს დისციპლინური გადაცდომის, – მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ათი დღის ხელფასი დაქვითვოდა. ამავე დროს, რადგან ამ მასწავლებელმა შარშან მაისში სასტიკი საყვედური მიიღო, დისციპლინურმა კომიტეტმა სკოლიდან მისი გაშვება მოითხოვა.

2017 წლის 27 იანვარს სკოლის დირექტორმა კომიტეტის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა.

„თებერვალში სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის ადვოკატებმა მოგვმართეს, – ამბობს ბორითის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ ტაბატაძე, – ისინი დირექტორის მიერ გამოცემული დოკუმენტის ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. სხდომას სამეურვეო საბჭოს შვიდი წევრიდან ექვსი ვესწრებოდით. გავეცანით ადვოკატების მოთხოვნას და გათავისუფლებული მასწავლებლის სკოლაში დაბრუნებაზე უარი ვთქვით. 7 მარტს განმეორებით შევიკრიბეთ სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობის საკითხის განსახილველად.“

თამარ ტაბატაძე ამბობს, რომ სკოლაში მომხდარი ამბავი სამეურვეო საბჭომაც მოიკვლია. 7 მარტს გამართულ სხდომაზე საბჭოს ოთხმა წევრმა (ერთი მოსწავლე, ერთი მასწავლებელი და ორი მშობელი) დააფიქსირეს, რომ დირექტორის გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ეცოდებათ სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგი, რომელსაც ბანკის ვალები აქვს.

სამეურვეო საბჭოს წევრი, მშობელი მზევინარ ყანჩელიშვილი წერს: -კარგად არ ვიცნობ სკოლაში მომხდარ ფაქტს. აქ იყო შეცოდების მომენტი. ამ ქალბატონს აქვს ბანკის ვალები. სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში ვერ იშოვის სხვაგან სამსახურს. ამიტომ მივეცი შანსი. დაისაჯოს მკაცრად – დაექვითოს ათი დღის ხელფასი.

იგივეს იმეორებს სამეურვეო საბჭოს წევრი მეორე მშობელი მარინა ჩილინჯარაშვილი.

მასწავლებელი ოლია ციცქიშვილი ამბობს, რომ ის სამეურვეო საბჭოდან ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო დაითხოვეს.

„რა მექნა, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, ადვოკატების მხრიდან ისეთი ქმედება და დაპირისპირება იყო, შემეშინდა, – ამბობს ოლია ციცქიშვილი, – ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. ვიფიქრე, რომ რაღაც უფრო ცუდი მოხდებოდა. თან შემეცოდა მასწავლებელი, რომელსაც სკოლიდან უშვებდნენ.

მას მეუღლე ავად ჰყავს, შვილები – უმუშევარი და მხარი დავუჭირე სკოლაში მის აღდგენას იმიტომ კი არა, რომ ვამართლებ მის საქციელს, იმიტომ, რომ შემეცოდა. ამას ყოველთვის ვიტყვი. ვიფიქრე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით სიტუაცია უფრო დამშვიდდებოდა. უარესი გამოვიდა.

ჩივილი და დაპირისპირება გააგრძელეს. ჩემს ცხოვრებაში ასე არ მინერვიულია. ვეღარ გავიგე, როგორი გადაწყვეტილება მივიღე, – კარგი თუ ცუდი, მაგრამ არჩევანის უფლება ხომ მქონდა. გათავისუფლებული მასწავლებლის ადვოკატებიც ცოტა ზედმეტად იქცეოდნენ, დირექტორის მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებდნენ.“

7 მარტს სამეურვეო საბჭოს სხდომა რომ დაძაბულად მიმდინარეობდა, ამას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ ტაბატაძე ადასტურებს და ამბობს, რომ ამის გამო ოქმი ხარვეზით შედგა, – არ არის მითითებული სხდომის დაწყებისა და დასრულების დრო.

„სხდომა ქაოსურ სიტუაციაში მიმდინარეოდა, ჩვენზე ზეწოლას ცდილობდნენ ადვოკატები, რის გამოც ოქმი ხარვეზით შედგა,“ – ამბობს თამარ ტაბატაძე.

ამჯერად სკოლის დირექტორი სერგო ლაბაძე სამეურვეო საბჭოსგან არასწორად შედგენილი ოქმის გაბათილებას ითხოვს. ადვოკატები კი 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, – მასწავლებლის სამსახურში აღდგენას – ითხოვენ.

ნოემბერში მომხდარის გახსენებისას დღესაც ღელავს მეათეკლასელი გოგონა, რომელსაც, მისი თქმით, მასწავლებელმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მე და ჩემი თანაკლასელი მაღაზიაში ვიყავით და სკოლაში შემოსულებს დერეფანში დაგვხვდა. ჩემი მეგობრისკენ საცემრად გაიწია და მე წინ გადავეღობე. ამ დროს მკლავზე ხელი მტაცა და გვერდზე მიმაგდო. მაწანწალები ხართ, ქუჩაში გადმოყრილებიო, – გვიყვიროდა. შოკში ჩავვარდით, ისეთი არაადამიანური სიტყვებით დაგვლანძღა ყველა.“

კლასის დამრიგებელი ნაზიბროლა ლაცაბიძე გვიამბობს, რომ დერეფანში შეკივლების ხმა გაიგონა.

„მასწავლებელს გოგონა დერეფნის კუთხეში ჰყავდა მიმწყვდეული და ხელიდან გამოვტაცე, – ამბობს ნაზიბროლა ლაცაბიძე, – მასწავლებელს ვთხოვე, რომ დამშვიდებულიყო. გვლანძღავდა, მაგრამ ჩემს თავს აღარ ვდარდობდი, მოსწავლეებზე ვნერვიულობდი.“

ბორითის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მაია ბარბაქაძეს იმ დღეს მეექვსე გაკვეთილი მეათე კლასში ჰქონდა. მაია მასწავლებელი იხსენებს, რომ ქართული ენის მასწავლებელმა რამდენიმე მოსწავლის კლასიდან გაყვანა სთხოვა. რადგან მაია ბარბაქაძე ახალ მასალას ხსნიდა, მოსწავლეების გაკვეთილიდან გაშვებაზე კოლეგას უარი უთხრა. გაკვეთილის შემდეგ სამასწავლებლოში შესულმა მაია მასწავლებელმა დერეფნიდან ხმაური გაიგონა. ცოტა ხანში მასთან მეათეკლასელები მივიდნენ და კლასში წაყოლა სთხოვეს.

„საშინელ მდგომარეობაში იყო ერთ-ერთი მეათეკლასელი გოგონა, – იხსენებს მაია ბარბაქაძე, – გულწასულს ასულიერებდნენ, ტიროდა, კანკალებდა. რამდენიმე ხანში ისევ ყვირილი ატყდა და ორი მეათეკლასელი გოგონა ტირილით შემოვარდა კლასში, – რა ხდება, რა უნდა ამ მასწავლებელს ჩვენგანო.“

ბორითის საჯარო სკოლის მასწავლებლები „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბრისას ჰყვებიან, რომ სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი აგრესიული ქმედებებით გამოირჩევა. 21 მასწავლებლის მიერ ხელმოწერილ წერილში ვკითხულობთ, რომ მას კოლეგების მიმართ კონფლიქტების გამო არაერთხელ მოუწოდეს, პედაგოგის ქცევისა და ეთიკის ნორმებით ემოქმედა. მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მათ მორალურ ზიანს აყენებს, სკოლის ღირსებასა და ავტორიტეტს კი შეურაცხყოფს.

„ამ ქალბატონის დაბრუნება სკოლაში ხელახალ კონფლიქტსა და დაძაბულობას გამოიწვევს. ჩვენი სურვილი და კანონიერი უფლებაა, გვქონდეს მშვიდი, სამართლიანი, თანაშრომლობითი სასწავლო გარემო,“ – წერენ ბორითის საჯარო სკოლის მასწავლებლები.

„ძალიან მტკივა გული, რადგან ჩემს ხელში გაზრდილია თავად, მისი ქმარიც და შვილებიც, – ამბობს ფატი მასხარაშვილი სკოლიდან გათავისუფლებულ მასწავლებელზე, – მაგრამ მის გადაცდომას გვერდს ვერ ავუვლი. ვესაუბრე და არ მომისმინა. ვთხოვდი, რომ ბოდიში მოეხადა და უკან დაეხია, მაგრამ არ დამიჯერა.“

„თითოეული ჩვენგანი განვიცდით მის მდგომარეობას. სკოლიდან გათავისუფლებულ მასწავლებელს ჰყავს შვილები, ოჯახი, მეუღლე, – ამბობს ბორითის საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ლაბაძე, – სამსახური ნამდვილად სჭირდება, მაგრამ მისი ქმედება სცილდება მასწავლებლის ეთიკის ნორმებს. იმ მასწავლებლის ადგილი, რომელიც კოლეგებსა და მოსწავლეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, ოცდამეერთე საუკუნის სკოლაში არ უნდა იყოს.“

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ამბობს, რომ იმ მასწავლებლის მიმართ, რომელიც მოსწავლეებს უპირისპირდება, შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს. მისი თქმით, ბორითის საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებში ვერც განათლების სამინისტრო ჩაერევა და ვერც რესურსცენტრი.

„მთავარია, სიმართლე გაირკვეს, – ამბობს დავით კიკნაძე, – მასწავლებელს, რომლის დათხოვნაც სკოლის სადისციპლინო კომიტეტმა მოითხოვა, შარშან ორი საყვედური და ერთიც სასტიკი საყვედური აქვს მიღებული.“

„ჩემი იმერეთის“ რედაქცია ბორითის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებულ პედაგოგს დაუკავშირდა.

„დირექტორს ავტორიტარიზმის მანია სჭირს. ცდილობს, სამართლებრივ ჭრილში განიხილოს ეს ყველაფერი, – გვითხრა მან, – მოსწავლეს არ შევხებივარ. მას ერთადერთი მოწმე ჰყავს. უფალმა მიუზღოს ყველას. სკოლის დირექტორის ქალიშვილი ჩემი შვილის ნათლიაა და სამწუხაროა, რომ სერგო ლაბაძემ ნათელმირონობას საჯაროდ ხაზი გადაუსვა. ყველა მოსწავლე და მასწავლებელი დირექტორის მარიონეტები აღმოჩნდნენ. საკუთარ სკამებს გაუფრთხილდნენ.

სერგო ლაბაძესთან ჩემი დაპირისპირება იყო პიროვნული, რადგან გამოიწერა პრემია, ბევრი სხვა უზნეობა ჩაიდინა და მე ეს მივუთითე. ეს ჩვენი ოჯახების პიროვნული დაპირისპირება იყო. მან ფაქტი დაიჭირა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ბავშვის ცემა მასწავლებლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია. ფატი მასხარაშვილმა, როცა ის სადისციპლინო კომიტეტის წევრი იყო, ჩემს წინააღმდეგ სასტიკი საყვედური მიაღებინა დირექტორს. მაშინაც დირექტორის მეუღლეს, ნაზიბროლა ლაცაბიძეს, დავუპირისპირდი. ნეპოტიზმი მებრძვის.

რატომ არავინ კითხულობს იმას, რომ ჩემი 12 წლის შვილიც დეპრესიაშია სკოლაში განვითარებული მოვლენების გამო. მალე ისეთ ფაქტებს გავასაჯაროვებ, რომ ყველა გაოცებული დარჩება.

რაც შეეხება თამარ ტაბატაძეს, მისი მეუღლე და სერგო ლაბაძე რესტორნის მეწილეები არიან. თამარმა მე უარმყო, ჩემს წინააღმდეგ წავიდა ყოველგვარი მოტივების გარეშე. ამ დროს მისი ქალიშვილი ჩემთან ემზადება ქართულში. თუ მე მისთვის მიუღებელი და დისციპლინური გადაცდომის ეტიკეტი ვარ, თავისი შვილი როგორ მანდო? უფლის ნებაა ყველაფერი და ის მიჩვენებს სწორ გზას.“

ბორითის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა 12 აპრილს, 14:00 საათზე, გაიმართება. ამ დღეს გაირკვევა, სამეურვეო საბჭო ძალაში დატოვეს 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას თუ დირექტორს მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.

ნინო კაპანაძე