დღეს, 6 აპრილს, ხარაგაულს ესტონეთის ქალაქ კადრინას 30 კაციანი დელეგაცია ესტუმრა.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში კადრინასა და ხარაგაულს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის მეგობრობის გაღრმავებას, გაცვლით პროგრამებს როგორც კულტურულ, ასევე საგანმანათლებლო სფეროში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკო თოფურიძის, ინფორმაციით, ხარაგაულელ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლა ესტონეთში განაგრძონ. სწავლის დამთავრების შემდეგ მათ გადაეცემათ სერთიფიკატი, რომელიც ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში ჩაბარების უფლებას მისცემს.

ქალაქ კადრინას მერმა ხარაგაულის კინოთეატრს სამი ესტონური ფილმის დისკი გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ფილმები ქალაქების დამეგობრებაში პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ხარაგაულის კინოთეატრში საზეიმო კონცერტი გაიმართა ქალაქ კადრინას ფოლკლორული ანსამბლისა და ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „უბისის“ მონაწილეობით.

თამთა გოგოლაძე