ნარჩენების მართვის მუნიციპალურ გეგმაზე მუშაობა ხარაგაულში უახლოეს დღეებში დაიწყება. გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის ინფორმაციით, გეგმასთან დაკავშირებულ ახალ ინფორმაციებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე იღებენ.

„ტრენინგები წლის ბოლომდე გაგრძელდება, – გვიამბობს ჯაბა ბერაძე, – ევროპელი მეგობრები ნარჩენების მართვის კუთხით თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. ტრენინგიდან გამოგვატანეს კონტეინერი, რომელიც გამგეობის ფოიეში საჩვენებლად განვათავსეთ. სურვილის შემთხვევაში მისი შეძენა ნებისმიერ პირს შეუძლია. კონტეინერი 25 ევრო ღირს. რეკლამირებისთვის პირველად ეს კონტეინერი ჩვენ გვერგო.“

დანადგარი 320 ლ მოცულობისაა. გამოიყენება სამზარეულოსა და ბაღის ნარჩენების კომპოსტირებისთვის კერძო მეურნეობაში. დანადგარი მონტაჟდება სახლის წინ, ან ბაღში დაჩრდილულ ადგილას და საკმარისია ყოველდღიურად წარმოქმნილი ბიოდეგრადირებადი ნარჩენების დასამუშავებლად. ნარჩენები გარდაიქმნება ნიადაგის მსგავს სუბსტანციად, რომელიც 10-12 კვირის შემდეგ მზად იქნება სასუქის და ან ჰუმუსის სახით გამოსაყენებლად.

ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების ხარჯების შესამცირებლად ამ დანადგარს ცენტრალური ევროპის ათასობით ოჯახი იყენებს. ზოგიერთ შემთხვევაში მას მუნიციპალიტეტი თავად გადასცემს მოსახლეობას ნარჩენების სეპარირებისა და შემცირების წასახალისებლად.

ჯაბა ბერაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ მუნიციპალიტეტში ფართო მასშტაბიანი დასუფთავების აქცია უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, ერთობლივი საქმიანობით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ.

ჯაბა ბერაძე ამბობს, რომ ნარჩენების მართვის მუნიციპალური გეგმა ნოემბერში უკვე მზად უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი დაჯარიმდება. გეგმა ხუთ წელზე გაიწერება. საბოლოო მიზანი ნარჩენების რაოდენობის შემცირებაა. ამას კი ყველაზე კარგად ხელს ნარჩენების კომპოსტირებული – დახარისხებული მართვა შეუწყობს.

„ჯერჯერობით, კომპოსტირებული კონტეინერები თბილისსა და თელავში განთავსდება, – გვიამბობს ჯაბა ბერაძე, – მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი ნარჩენების შემკრები 100 ცალი კონტეინერი და ორი ნაგავმზიდი მანქანა ააიპ „ხარგაულდასუფთავებას“ გადაეცემა. დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე ამჟამად განთავსებული კონტეინერები დამუშავდება და სოფლებში გაიგზავნება, ხოლო ახლები – დაბა ხარაგაულში განთავსდება. ვფიქრობ, ძირითადად იმ სოფლებში, სადაც მოასფალტებული გზაა. ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების 80% მობეტონდება. დროთა განმავლობაში კონტეინერებს ყველა სოფელი მიიღებს. მათი განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას ააიპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორი მიიღებს.“

ჯაბა ბერაძე ამბობს, რომ ნარჩენების მართვის გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა კოორდინირებულად უნდა ითანამშრომლოს იმ საზოგადოებრივ ჯგუფებთან თუ ორგანიზაციებთან, რომლებიც გარემოსდაცვით აქტივობებს ახორციელებენ. გეგმაში დეტალურად გაიწერება ინფორმაცია ტარიფის, ჯარიმის, სტიქიური ნაგავსაყრელების გაუქმებისა და სოფლებიდან ნარჩენების გატანის გრაფიკის შესახებ.

„ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორი თემურ ფურცელაძე ნარჩენების შემკრები კონტეინერების განაწილების შესახებ გეგმას ჯერ არ ასაჯაროვებს.

„კონტეინერებს როცა გადმომცემენ, თქვენც იქნებით საკრებულოს სესიაზე და განაწილების პრინციპს შემდეგ მოგახსენებთ, – ამბობს თემურ ფურცელაძე, – ჯერ ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი რაც ვიცი, დაბა ხარაგაულში კონტეინერები უნდა განვაახლო.“

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე ამბობს, რომ ტრენინგები სამუშაო ჯგუფებისთვის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.

„კომპანიის თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტებში უკვე რეალურ მასალებზე უნდა იმუშაონ, – ამბობს ხათუნა ჩიკვილაძე, – არსებობს გეგმის შედგენის სახელმძღვანელო. ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.“

ხათუნა ჩიკვილაძე იმედოვნებს, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტები ნოემბრისთვის ნარჩენების მართვის კარგ შედეგზე ორიენტირებულ გეგმებს შეადგენენ.

ნარჩენების მართვის სისტემაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა.

ნინო კაპანაძე