ხარაგაულში მცხოვრები ეკა შველიძე ყველს ყოველთვის ხარაგაულის აგრარულ ბაზარში ყიდულობს. გვითხრა, რომ უპირატესობას „კაი ქალის ყველს“ ანიჭებს და გამყიდველის კეთილსინდისიერებას ენდობა.
„ჩემთვის მთავარია, რომ ყველი ნატურალური მასალით, ე. წ. მაჭიკით იყოს დამზადებული, – ამბობს ქალბატონი ეკა, – შეიძლება ყიდვისას ამას ვერ მივხვდე, მაგრამ ორ დღეში არანატურალურ ყველს საშინელი გემო და სუნი ეძლევა. არიან ადამიანები, რომლებიც არ იტყუებიან და ვცდილობ, ყველი ყოველთვის მათგან ვიყიდო. ხშირად მიმართლებს, მაგრამ არაერთხელ მოტყუებული დავრჩი.“
ქალბატონ ეკას სურს, გაერკვეს, ვის უნდა მიმართოს ასეთ შემთხვევაში, – ბაზრის ადმინისტრაციას თუ სურსათის უვნებლობის სამსახურს.
მის მსგავსად მომხმარებელთა უმრავლესობისთვის უცნობია, რომ სარეალიზაციოდ გამოტანილ ყველს ეტიკეტი უნდა ჰქონდეს.
ოცი წელია, რაც სოფელ ბაზალეთში მცხოვრები მარინა ქოჩიაშვილი საკუთარ ოჯახში დამზადებულ ყველს ჰყიდის. ქალბატონი მარინა გვიყვება, რომ მის ოჯახში დამზადებულ ყველზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ამბობს, რომ მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს. ხანდახან ყველი ხარაგაულის აგრარულ ბაზარშიც ჩააქვს სარეალიზაციოდ.
წლების მანძილზე ქალბატონი მარინა ხარაგაულის სანეპიდსადგურში მუშაობდა და ახსოვს, რომ იმ პიროვნებას, ვინც ბაზარში ყველს ჰყიდდა, პირუტყვის ჯანმრთელობის ცნობასთან ერთად საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაც უნდა ჰქონოდა თან.
„თუ ყველს ბეჭედს არ დაარტყამდნენ, ბაზარში ისე არ შეგიშვებდნენ, – გვიყვება მარინა ქოჩიაშვილი, – ახლა არ ვიცი, რა მჭირდება, რა საბუთი უნდა მივიღო და საიდან. რაც გამეწყობა, სისუფთავეს არ ვაკლებ. ეს ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ჩემგან დამზადებული ყველის პოპულარობის. ადრე ექვსი ძროხა მყავდა, ახლა – ოთხი მყავს. ერთმანეთში რომ რამდენიმე ძროხის რძე ერევა, ყველი უფრო გემრიელი გამოდის. სულ მაჭიკით ვიყვან, ძველებური წესით.“
ქალბატონმა მარინამ იცის, რომ თუ ძროხა დაავადებულია, პირველ რიგში, დაავადება ყველზე გადადის. პირუტყვს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა აცრა ჩაუტარა. თუ რაიმე საეჭვო შენიშნა, მაშინვე ვეტექიმს უკავშირდება. ფიქრობს, რომ როცა საქონელი სვამს, ჭამს და არც ტემპერატურა ეტყობა, ჯანმრთელია.
ხარაგაულის აგრარული ბაზრის დირექტორი ზოია ხარებაძე ყველით მოვაჭრეებს „სიტყვაზე ენდობა.“ მისი თქმით, ძალიან ბევრი ნამდვილად პატიოსანია და არ იტყუება.
„რაც შეეხება ეტიკეტირებას, ჩვენთან არ ხდება, რადგან ყველი ბაზარში შემოტანისთანავე იყიდება, – ამბობს ზოია ხარებაძე, – დილის 11-12 საათისთვის ხარაგაულის ბაზარში უკვე აღარავინაა. მწირია ჩვენი ბაზარი. გვყავს ვეტექიმი, რომელიც ყველს გარეგნულად ამოწმებს. ხარაგაულის ბაზარში ცუდი ყველი არ იყიდება და პრეტენზიით, ამდენი წელია ვმუშაობ, და არავის მოუმართავს.“
სასურსათო მაღაზიის მეპატრონე მარინე გოგიასთვის უცნობია, რა ინფორმაცია უნდა აღინიშნოს სოფელში ფიზიკური პირის მიერ წარმოებული ყველის ეტიკეტზე, რომელსაც მაღაზიაში ყიდის.
„სოფლის პროდუქტებს ბაზარში ვყიდულობთ და ვყიდით, – გვიყვება მარინე გოგია, – მათი არც წარმოშობა ვიცით და არც ის, თუ რა პირობებში მზადდება. ჩემი ოჯახის ყველი გავყიდე რამდენჯერმე მაღაზიაში. მინდა რომ მქონდეს, მაგრამ რადგან პრობლემებთან არის დაკავშირებული, ვცდილობ, აღარ გავყიდო. მთავარი მაინც ინფორმაციის სიმცირე და სისტემის გაუმართაობაა. მინდა პატიოსნად ვიმუშაო და არ გამომდის. მარტო სანქციები და ჯარიმები არ გამოასწორებს საქმეს. შემმოწმებლის მოსვლის კი არ უნდა მეშინოდეს, უნდა მიხაროდეს, რომ რაც არ ვიცი, მასწავლოს. კანონი პრაქტიკაზე უნდა იყოს მორგებული.“
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტი თამარ გობეჯიშვილი განმარტავს, რომ აგრარულ ბაზარსა და მაღაზიებში მოხვედრილი ყველი უნდა იყოს სუფთა და უვნებელი.
„ყველა სახის პროდუქციის შემოწმება სურსათის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებაა, – ამბობს თამარ გობეჯიშვილი, – გარე მოვაჭრეებს, სამწუხაროდ, სააგენტო ვერ ამოწმებს, რადგან ისინი ბიზნეს-ოპერატორები არ არიან.
მაღაზიის მეპატრონე და ბაზრის დირექტორია პასუხისმგებელი, რომ უვნებელი პროდუქტი გაყიდოს. როგორ უზრუნველყოფს ამას, ეს მისი გადასაწყვეტია. მთავარია, პროდუქცია იყოს უვნებელი.“
თამარ გობეჯიშვილი ამბობს, რომ მაღაზიამ ყველი ეტიკეტის გარეშე არ უნდა ჩაიბაროს, მაგრამ გლეხი არ არის მეწარმე სუბიექტი. ამიტომ რამდენად შეძლებს გლეხი ყველის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს, ბუნდოვანია.
„სააგენტომ მარტივად უნდა აუხსნას ბიზნეს ოპერატორებსა და გლეხებს, რა და როგორ გააკეთონ, – ამბობს თამარ გობეჯიშვილი, – ყველას ჰგონია, რომ ეტიკეტირებას განსაკუთრებული დანახარჯები მოჰყვება. საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოოს სახელმწიფომ და აცნობოს ყველის მწარმოებელ გლეხებს, რომ 2020 წლიდან ყველზე სხვა რეგულაციები იმოქმედებს, – პირუტყვის სადგომიდან დაწყებული, რძის ლაბორატორიული ანალიზით დამთავრებული, ყველაფერი შემოწმდება. ინფორმაცია რომ ექნება, შემდეგ თავად გადაწყვეტს, გააგრძელოს ყველის წარმოება, თუ რძე ჩააბაროს მსხვილ მწარმოებლებს. შესაძლოა, კოოპერატივის შექმნა გადაწყვიტოს. ბევრი სხვადასხვა მიმართულებაა, რისი გამოყენებაც სოფლად მცხოვრებ ფერმერებს შეუძლიათ. ამას კარგად ინფორმირება სჭირდება.“
„აგრარული ბაზარი ვალდებულია ჰქონდეს ინფორმაცია იმ პროდუქციის შესახებ, რომლის რეალიზებაც მის ტერიტორიაზე ხდება, – განმარტავს „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბრისას სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი, – თუ ეს პროდუქცია ფიზიკურ პირს ეკუთვნის, დახლზე უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია ამ პროდუქციის მწარმოებელი ფიზიკური პირის შესახებ: გვარ-სახელი, პირადი ნომერი, ყველის დამზადების თარიღი და პროდუქციის წარმომავლობა. შესაძლოა, ბაზარში ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად გამოტანილი ყველი არ იყოს სათითაოდ შეფუთული, როგორც ეს სუპერმარკეტებში ხდება და ეტიკეტის დაკვრა ყველა პროდუქტზე ვერ მოხერხდეს, მაგრამ ინფორმაცია ჩანართი ფურცლის სახით, – იმის შესახებ, თუ ვინ არის მწარმოებელი, რა დასახელების პროდუქტია და ა.შ. – უნდა უზრუნველყოს ბაზრის ადმინისტრაციამ.“
ქალბატონი ანა ამბობს, რომ ინფორმაცია მომხმარებლისთვის მიკვლევადი უნდა იყოს. ფიზიკური პირების კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას ცდება. ამიტომ
ისინი ამოწმებენ ბიზნეს ოპერატორებს – ბაზრებსა და მაღაზიებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, სურსათის უვნებლობის მოთხოვნები დააკმაყოფილონ.
ანა გემაზაშვილის მტკიცებით, სააგენტოს წარმომადგენლები ყველის ეტიკეტირების შესახებ სუპერმარკეტებისა და აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს შეხვდნენ. თუმცა, ამ დრომდე აგრარულ ბაზრებში ეტიკეტირება არ მომხდარა.
„ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, – ამბობს ანა გემაზაშვილი, – ამიტომ ჩვენ ელემენტარული ბერკეტი უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ პროდუქციის წარმომავლობა მაინც ვიცოდეთ და იქედან გამომდინარე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, განვახორციელოთ ღონისძიებები. ამიტომ არის ეტიკეტირება ყველასთვის სავალდებულო.
უნდა გვქონდეს ინფორმაცია, რომ მაღაზია და ბაზარი ნამდვილად კარგ ყველს ყიდის. ბიზნეს ოპერატორმა უნდა მოამზადოს ჩანაწერები, – რა ნედლეული აიღო გლეხისგან, როგორ ჩაიბარა, რა პირობებში შეინახა და საბოლოოდ როგორ აწვდის მომხმარებელს.“
სურსათის კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ბერაძე. მისი თქმით, რისკის ქვეშაა ყველა – მწარმოებელი, ბიზნეს ოპერატორი და პირველ რიგში, – მომხმარებელი. ნათია ბერაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით საფრთხის შემცველია დაავადება ბრუცელოზი, რადგან ის პირუტყვთან კლინიკური ნიშნებით არ მჟღავნდება. ბრუცელოზით დაავადებული ყველი თუ მიირთვა, ადამიანი ავადდება და ქრონიკულად აქვს სახსრების ტკივილი, ძლიერი ოფლიანობა, თავის ტკივილი.
„უდიდესი პრობლემაა მეპატრონის დარწმუნება, რომ დაავადებული პირუტყვი უნდა დაიკლას, – ამბობს ნათია ბერაძე, – ბრუცელოზით დაავადებული ხორცი მხოლოდ მაღალი თერმული დამუშავების შემდეგა არის საკვებად ვარგისი. ასე რომ, ოჯახი ფინანსურად არ დაზარალდება, თუ ხორცს ჩააბარებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვის რძით დამზადებული ყველის მიღება. ამიტომაა აუცილებელი მომხმარებელმა იცოდეს, რა შემადგენლობისაა ყველი, რომელსაც ყიდულობს,“ – ამბობს ნათია ბერაძე.
გლეხის მიერ ბიზნეს ოპერატორებისთვის წარდგენილ ლაბორატორიული კვლევის ოქმში უნდა ეწეროს, რომ რძე, რომლისგანაც მიღებულია ყველი, ჯანმრთელი ცხოველისაა და ეს ცხოველი გამოკვლეულია ბრუცელოზზე.
რამდენად შესაძლებელია ეს იმ პირობებში, როცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში პირუტყვის ბრუცელოზზე გამოკვლევა ახლახან დაიწყო, ძნელი სათქმელია. ბრუცელოზის ლაბორატორიული ანალიზი და ვაქცინაცია საკმაოდ ძვირია, რასაც სოფლად მცხოვრები გლეხი ვერ შეძლებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი ამბობს, რომ ბრუცელოზთან ბრძოლის სტრატეგიის მიხედვით მოქმედებენ.
„წელს დასავლეთ საქართველოში ერთი წლიდან ზევით ყველა მდედრ პირუტყვს გამოვიკვლევთ, – ამბობს ლაშა ავალიანი, – ლაბორატორიული კვლევებით გამოვლენილი დაავადებული პირუტყვი დაიკვლება, რომ არ დააავადოს სხვა ცხოველი და ადამიანი. მომავალი, 2018 წლიდან ბრუცელოზზე ვაქცინაცია დაიწყება. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ივლისისთვის იქნება ცნობილი.“
რამდენად შეძლებენ ხარაგაულში აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია და ბიზნეს ოპერატორები ყველის ეტიკეტირების წესების დაცვას, ამას დრო გვიჩვენებს. ივლისამდე არც ის გვეცოდინება, ვყიდულობთ თუ არა ბრუცელოზიან ყველს. მომხმარებლებს ისევ „კაი ქალისა“ და კეთილსინდისიერი გლეხის იმედზე ყოფნა გვიწევს.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების