5 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჩართულობით ტარდება აქცია: გაიღე სისხლი უანგაროდ, გაუზიარე სიცოცხლე სხვას!

სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით ინფორმაციას, რომ ხუთი წლის ელენეს თუ ოცი წლის ნიკას სასწრაფოდ სჭირდება განსაზღვრული ჯგუფის სისხლი. ახლობლები და ნათესავები მუდარით სთხოვენ საზოგადოებას დახმარებას…

ალბათ ყველა ჩვენგანს უფიქრია სისხლის დონორობაზე, მაგრამ ყოველთვის რაღაც გვიშლის ხელს: ხან – უამინდობა, ხან – ნემსის შიში, ხან – უდროობა; ზოგს ეშინია, სისხლის აღებისას რამე არ გადაედოს, ზოგმა კი უბრალოდ არ იცის, სად ჩააბაროს სისხლი…

ცოტას თუ გვიფიქრია, რომ ერთხელ გაღებული სისხლით შეგვიძლია სამი ადამიანი გადავარჩინოთ.

ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ სისხლის გამოშვება მრავალ დაავადებას შველოდა.

ვის შეუძლია გახდეს დონორი
სისხლის დონორი შეიძლება გახდეს 16-დან 65 წლამდე ასაკის ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, თუ:
* მისი წონა 50 კილოგრამზე მეტია;
* არ გადაუტანია B ან C ჰეპატიტი, სიფილისი, ტუბერკულოზი;
* არ არის ინფიცირებული აივ-ით;
* არ აქვს სისხლის ან ონკოლოგიური დაავადება;
* არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.
* 8 კვირის განმავლობაში არ ჩაუტარებია ვაქცინაცია;
* ბოლო 1 წლის განმავლობაში
არ გაუკეთებია სვირინგი, სხეულის პირსინგი, აკუნპუნქტურა;
არ ჩატარებია ორგანოს ტრანსპლანტაცია;
არ გაუკეთებია ცოფის საწინააღმდეგო აცრა;
არ გადაუტანია ქირურგიული ოპერაცია.
* ბოლო 6 თვის განმავლობაში არ გადაუტანია ორსულობა ან აბორტი;

დონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, სხვა გრიპოზული მოვლენები, არ მიიღოს არავითარი მედიკამენტი, მათ შორის – ასპირინი, ანტიბიოტიკი, ტკივილგამაყუჩებელი.

ფაქტები დონაციის შესახებ
* სისხლის დონორობა სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. დონორი დაცულია ინფექციებისგან, რადგან სისხლის აღებისას იყენებენ ერთჯერად სტერილურ მასალას, რომელიც გამოყენების შემდეგ ნადგურდება.
* სისხლის ჩაბარებამდე დონორს უტარდება მცირე ფიზიკური შემოწმება, უმოწმდება წნევა, პულსი და ტემპერატურა, ზოგჯერ – ჰემოგლობინიც.
* სისხლის აღება 10-15 წუთს გრძელდება. მთელი პროცედურა სულ რაღაც 1 საათს წაგართმევთ. ასე რომ, სისხლის გაცემა თქვენთვის რამდენიმე დაკარგული წუთია, სხვისთვის კი – ახალი სიცოცხლის დასაწყისი.
* ერთჯერადად აღებისას იღებენ დაახლოებით 450 მლ სისხლს. ზრდასრულ ადამიანს ორგანიზმში 10-ჯერ მეტი სისხლი აქვს. მისი თავდაპირველი მოცულობა დონაციიდან რამდენიმე საათში აღდგება.
* თუ დონორი პირველად აბარებს სისხლს, 22 წლამდე ასაკისაა და 55 კგ-მდე წონის, სისხლის აღება შესაძლებელია 250 მლ-იან პაკეტში.
* ჯანმრთელ დონორს შეუძლია, სისხლი ჩააბაროს 56 დღეში ერთხელ.
სისხლის დონაციის (ჩაბარების) შემდეგ
* დარჩით დონაციის ოთახში მინიმუმ 15 წუთს, მიიღეთ სითხე.
* ნუ მოიხსნით ნახვევს 4-6 საათის განმავლობაში.
* დღის განმავლობაში სვით მეტი სითხე და ეცადეთ მიირთვათ კალორიული საკვები.
* ალკოჰოლმა და სიგარეტმა, შესაძლოა, თავბრუხვევა გამოიწვიოს. თუ თავბრუ დაგეხვათ წამოწექით და ფეხები მაღლა ასწიეთ.
* 24 საათის განმავლობაში ერიდეთ ცხელ აბაზანას.
* დონაციიდან 72 საათის განმავლობაში ერიდეთ აქტიურ საქმიანობას, სირბილს, კლდეზე ცოცვას, ფრენას.
* სისხლის აღების შემდეგ ნაჩხვლეტის ირგვლივ, შესაძლოა, სილურჯე გაჩნდეს. არ შეშინდეთ – ეს ნაჩხვლეტიდან სისხლის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში გაჟონვითაა გამოწვეული. პირსახოცში გაახვიეთ ყინულის ნატეხები და დღეში 4-ჯერ 5-10 წუთით დაიდეთ – სილურჯე გაივლის.

სანამ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, ვიღაც სისხლის დეფიციტის გამო იღუპება. ნუ იქნებით გულგრილნი, გაიღეთ სისხლი უანგაროდ და გაუზიარეთ სიცოცხლე სხვებს.

რომელ დაავადებებზე მოწმდება სისხლი?
ყველა დონორის სისხლი უფასოდ მოწმდება შემდეგ დაავადებებზე:
* B და C ჰეპატიტი;
* აივ-ის 1 და 2 სეროტიპები;
* სიფილისი.
მიუხედავად იმისა, რომ ტესტირებისას საკმაოდ მაღალმგრძნობიარე მეთოდს იყენებენ, არსებობს ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი პასუხის მიღების შანსი. თუ დონორი ბრძანდებით და სისხლის ჩაბარების შემდეგ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ინფექცია აღმოგაჩნდათ, ბანკი დაგიკავშირდებათ და ამას სავსებით კონფიდენციალურად შეგატყობინებთ.

მსურველები დაგვიკავშირდით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს: T 22-17-96