forumiქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი იმერეთის საჯარო სკოლებში ახორციელებს სამოქალაქო განათლების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში გასულ შაბათს გაიმართა პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეთა ფორუმი. ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები მიგვიწვიეს.

ცენტრის წარმომადგენლის, ნათია მამიჭეიშვილის განცხადებით, სამოქალაქო განათლების პროგრამაში განათლების სამინისტროსა და პროგრამის ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩართულია იმერეთის 125 საჯარო სკოლა. პროგრამა ორიენტირებულია სამოქალაქო განათლების განვითარებაზე. „ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა გვაქვს. მათ შორის სამოქალაქო კლუბების შექმნა სკოლებში. კლუბებში ერთიანდებიან სკოლის მეცხრე-მეთორმეტე კლასების მოსწავლები. მათ უტარდებათ ტრენინგები, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და ზოგადად კულტურის განვითარებას ემსახურება. პროგრამა მოიცავს მცირე გრანტებს, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები სკოლების წარმომადგენლები – დირექცია, პედკოლექტივები, მოსწავლეები.

დღევანდელ ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ტრადიციული აქტივობაა, ჩართულია იმერეთის შვიდი მუნიციპალიტეტის 52 საჯარო სკოლის 156 წარმომადგენელი. ამ ფორუმის არსი და იდეა ისაა, რომ რაიონულმა ჯგუფებმა ერთობლივად შეიმუშაონ პროექტები, დაფიქრდნენ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ და დასახონ მათი გადაჭრის გზები.“

ნათია მამიჭეიშვილის თქმით, სტუმრების როლი ფორუმში განსაკუთრებულია, რადგან ახალგაზრდების ინიციატივებს მხარი უნდა დაუჭირონ სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა.

ცენტრის წარმომადგენელმა ლიკა სხილაძემ დიდი მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ფორუმების ეს მეთოდი შემუშავდა 2002 წელს აშშ-ში, პელსინვანიის უნივერსიტეტში. მოგვიანებით ჩართულობის ფორუმების ორგანიზების წარმატებით დაინერგა ლატვიაში. „2010 წლიდან საქართველოში ამ ფორუმებს ვმართავთ როგორც ზრდასრული ადამიანების ჯგუფებში, ასევე მოსწავლეებში. ჩვენი ვალია, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს აქტიურ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათ მიერ დღეს მოტანილი იდეების მხარდაჭერა და წახალისება. ჩვენი დონორი გვაძლევს მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობას. ზოგჯერ საუკეთესო იდეების განხორციელებისთვის მინიმალური ძალისხმევაა საჭირო,“- აღნიშნა ლიკა სხილაძემ.

nხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობდნენ ხარაგაულის #2, #3, ვახანის, ბორითის, ვერტყვიჭალისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეები. ხარაგაულელმა მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების შესახებ და ამისთვის „მხიარული სტარტების“ ორგანიზება მიიჩნიეს ყველაზე მართებულად. პრეზენტაციის შემდეგ ფორუმის მონაწილე ჯგუფებმა პროექტის შედეგის ამსახველი ნახატი წარადგინეს.

ფორუმზე მყოფმა გამგეობის კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულელ მოსწავლეთა მიერ წარდგენილი პროექტი სწორედ მის სამსახურს ეხება. „მადლობელი ვარ, რომ მომიწვიეთ ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე. მოვუსმინე ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას, ჩვენს ხვალინდელ დღეს. მალე ექსპლუატაციაში შევა ახალი სპორტული დარბაზი და თქვენი პროექტი „მხიარული სტარტები“განხორციელდება. ჩვენ უკვე ინვენტარის შეძენაზეც ვიზრუნეთ. ასე რომ, გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენს მომავალ თაობას,“ – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ.

ფორუმში მონაწილე მოსწავლეები და მათი მასწავლებლები თამარ მაქაძე და თამარ მაღლაფერიძე სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ნინო კაპანაძე