სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები თხილის მოყვანით დაინტერესებულ ხარაგაულელ ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით გაიმართა.

თხილის ბაღის გაშენების წესები – ადგილის შერჩევა, ნიადაგის მომზადება, თხილის მავნებლებთან ბრძოლა – ეს ის საკითხებია, რომლებიც თხილის მოსავლიანობით დაინტერესებულმა ფერმერმა აუცილებლად უნდა იცოდეს.

თხილი გვიან შემოდგომაზე უნდა დავრგოთ. მნიშვნელოვანია ნიადაგის წინასწარ მომზადება და კლიმატის გათვალისწინება. თუ გვალვიან და ქარიან ადგილზე დავრგავთ, აუცილებელია სარწყავი სისტემისა და ქარსაცავი ზოლის მოწყობა.
ერთ ორმოში ერთი ნერგი უნდა დავრგოთ. 1 ჰა-ზე 665 ნერგის გაშენებაა შესაძლებელი.

პლანტაცია ისე უნდა გაშენდეს, რომ დასამტვერიანებელი და დამამტვერიანებელი ჯიშები მორიგეობით იცვლებოდნენ ყოველ 3-4 რიგის შემდეგ.

თხილი ნაყოფს დარგვიდან 8-9 წელიწადში იძლევა. ამიტომ ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენების წესები ზუსტად უნდა დავიცვათ.

განსაკუთრებით მოთხოვნადი ბაზარზე ანაკლიური ჯიშის თხილია, თუმცა ბერძნულა და იტალიური ჯიშის თხილიც არანაკლებ შემოსავლიანია.

სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა ლაშა ციგრიაშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში წარმატების მოსაღწევად ნაკვეთის მოსაზღვრე მეზობელ ფერმერთან შეთანხმებული საქმიანობაც აუცილებელია.

„ძალიან ცოტა რამ ვიცით არა მარტო მეთხილეობის, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარების, ახალი ტექნოლოგიების შესახებ, – ამბობს ვარძიელი ბადრი ხიჯაკაძე, – ამიტომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, ფერმერებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრები ხარაგაულში მომავალშიც გაგრძელდება.